top of page

    რას გულისხმობს გაგების უნარი და როგორ შევუწყოთ ხელი მის განვითარებას ბავშვებში?  

ჩვენს წინა გამოცემაში, ვისაუბრეთ კითხვის მნიშვნელობასა და რეკომენდაციებზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გვექცია კითხვა ყოველდღიური რუტინის ნაწილად. მოცემულ სტატიაში კი გვსურს გაგიზიაროთ ის სტრატეგიები, რომელიც გაგების უნარის განვითარებას უწყობს ხელს. 

რას გულისხმობს გაგების უნარი?

გაგების უნარი გულისხმობს მოსმენილი ან წაკითხული ინფორმაციის გადამუშავებას, მისი მნიშვნელობის წვდომასა და  უკვე არსებულ ცოდნასთან დაკავშირებას. აღნიშნული უნარის განვითარება შესაძლებელია სახლის გარემოში, მშობლების შესაბამისი ჩართულობის შემთხვევაში.  

 

გაგების უნარი

 

მოსმენილის გაგება            |           წაკითხულის გაგება

Reading vs Listening.png

მოსმენილის გაგება

მოსმენილის გაგების უნარის განვითარება პრაქტიკულად დაბადებიდან იწყება და ის   ინდივიდებიც კი, რომლებსაც ენისა და მეტყველების სირთულეები აქვთ ხშირ შემთხვევაში მაინც ახერხებენ მოსმენილის გაგებისა უნარის სრულად განვითარებას და მის  გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

 

როგორ შევუწყოთ ხელი მოსმენილის გაგების უნარის განვითარებას ბავშვებში?

1. შეარჩიეთ ილუსტრირებული წიგნი და წაუკითხეთ ბავშვს ხმამაღლა. კითხვის პარალელურად მიუთითეთ წიგნში მოცემულ ნახატებზე და ტექსტის ირგვლივ დაუსვით ისეთი შეკითხვები, რომელზეც პასუხის გაცემაც ნახატზე მითითებითაა შესაძლებელი.  

მაგალითად:

მშობელი: სად არის ლურჯი თევზი?

ბავშვი:  უთითებს ლურჯ თევზზე

თუ ბავშვი ვერ ახერხებს დამოუკიდებლად მიუთითოს შესაბამის ნახატზე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფიზიკური დახმარების სტრატეგია.

მაგალითად:

მშობელი: სად არის ლურჯი თევზი? (მშობელი ხელზე ხელს ჰკიდებს ბავშვს და ადებს თევზის ნახატს) აი, აქ არის ლურჯი თევზი. 

2. კითხვის პროცესში ცვალეთ ხმის ტემბრი სიუჟეტის ცვლილების შესაბამისად.

3. თუ ბავშვს შეუძლია ან/და უყვარს ხატვა, წაუკითხეთ მცირე მოცულობის მოთხრობა, შემდეგ კი სთხოვეთ დახატოს მოსმენილის შინაარსი. წაახალისეთ ბავშვი დაამატოს რაც შეიძლება მეტი დეტალი: გამოკვეთოს სხვადასხვა პერსონაჟის ფიზიკური მახასიათებლები ან ჩაცმულობა, დახატოს მოქმედების ადგილი და ა.შ.

4.  წაიკითხეთ რამდენიმე აბზაცი ან გვერდი, შემდეგ შეწყვიტეთ კითხვა და ჰკითხეთ ბავშვს: „როგორ ფიქრობ, ახლა რა მოხდება?“ იმსჯელეთ იმაზე, თუ რამ გამოიწვია სიუჟეტის ამა თუ იმ მიმართულებით განვითარება. 

5.  წაუკითხეთ ბავშვს მოთხრობა და სთხოვეთ წაკითხულის შინაარსი გადმოგცეთ თქვენ ან ოჯახის სხვა წევრს.

 

წაკითხულის შინაარსის გაგება

მოსმენის გაგების უნარისგან განსხვავებით, წაკითხულის გაგების უნარი შედარებით გვიან ვითარდება, მას შემდეგ, რაც ბავშვი დამოუკიდებლად ახერხებს სიტყვების, ნიშნებისა და სიმბოლოების წაკითხვას.

როგორ შევუწყოთ ხელი წაკითხულის გაგების უნარის განვითარებას ბავშვებში?

1.  სთხოვეთ ბავშვს კითხვის პროცესში გახაზოს ან ამოწეროს მისთვის უცნობი სიტყვები და ერთად განიხილეთ მათი მნიშვნელობები.  შემდეგ კი, კვლავ წაიკითხეთ ტექსტი. შენიშვნა: თუკი, ტექსტი დიდი მოცულობის ან რთული შინაარსისაა, რეკომენდებულია მისი დაყოფა მცირე ნაწილებად. სთხოვეთ ბავშვს ამოწეროს უცნობი სიტყვები ერთი აბზაცის ან გვერდის წაკითხვის შემდეგ.

2.  დაეხმარეთ ბავშვი დაუკავშიროს წაკითხული პირად გამოცდილებას. ჰკითხეთ, ხომ არ ახსენებს წიგნი რაიმეს მისი ცხოვრებიდან ან გამოცდილებიდან, მაგალითად წარსულში წაკითხულ რომელიმე სხვა სხვა წიგნს, ან რაიმე მოვლენას, რომელიც სკოლაში, ან თუნდაც  ქვეყანაში მოხდა. 

3.  ტექსტის წაკითხვის შემდეგ, შეიმუშავეთ აღწერილი მოვლენების ქრონოლოგია: ამის გაკეთება შესაძლებელია როგორც ზეპირად, ასევე, წერილობითი სახით. მხატვრული  ლიტერატურის შემთხვევაში, იმსჯელეთ იმაზე, თუ რომელი მოვლენა მოხდა პირველი? როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები? რა მოხდა ბოლოს? საინფორმაციო ტექსტის შემთხვევაში კი გააკეთეთ იმ ფაქტების ჩამონათვალი, რომელთა შესახებაც ტექსტიდან შეიტყვეთ.

bottom of page