როგორ გავუმკლავდეთ კორონავირუსის
პანდემიით გამოწვეულ შფოთვას?
კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აუცილებელია, როგორც ფიზიკურ ასევე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვაც. წარმოგიდგენთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც ვფიქრობთ ამაში დაგეხმარებათ:
-
იყავით ინფორმირებულები, მაგრამ მოერიდეთ მუდმივ რეჟიმში სიახლეების გაცნობას - რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება, თუნდაც იმიტომ რომ თვალი ვადევნოთ ახალ რეგულაციებსა და სპეციალისტების რჩევა-დარიგებებს, თუმცა როგორც დაკვირვების მონაცემები მიუთითებს ჭარბი ინფორმაციის მიღება არათუ ამშვიდებს ადამიანების უმეტესობას, არამედ პირიქით, ზრდის შფოთვის დონეს მათში. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ გავრცელებული ინფორმაცია ყოველთვის არ შეესაბამება სიმართლეს და უსაფუძვლო შიშის მიზეზი შეიძლება გახდეს. უპირატესობა მიანიჭეთ მხოლოდ სანდო წყაროებისგან მოწოდებულ ინფორმაცია. ამასთანავე, განსაზღვრეთ კონკრეტული დრო სიახლეების გასაცნობად მაგალითად, საღამოს 6 საათი და შეზღუდეთ დროის ის ხანგრძლივობა, რომელსაც ამ საქმიანობას დაუთმობთ.
-
ყურადღება გაამახვილეთ მოვლენებზე, რომელთა კონტროლიც შეგიძლიათ . კიდევ ერთი გარემოება, რაც უარყოფითად აისახება ჩვენს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე უკავშირდება გამუდმებულ ფიქრს იმ მოვლენებზე, რომლებიც ჩვენი კონტროლის მიღმაა, ასეთია მაგალითად ის, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება პანდემია, დაიცავენ თუ არა გარშემომყოფები უსაფრთხოების ზომებს ან როდის დავუბრუნდებით ჩვეულ სამუშაო თუ სასწავლო გარემოს. ამის ნაცვლად, რეკომენდებულია ყურადღება გავამახვილოთ მხოლოდ იმ გარემოებებზე, რომელთაც ჩვენი პირადი ძალისხმევა განსაზღვრავს, მაგალითად თავად როგორ შევამციროთ დაავადების და ასევე ვირუსის გავრცელების რისკი.
-
ეცადეთ ყურადღება გაამახვილოთ აქ და ამჟამად მიმდინარე საქმიანობაზე: თუკი აღმოაჩენთ რომ გამუდმებით ფიქრობთ და ღელავთ მომავალზე, სცადეთ აწყმოზე ფოკუსირება. აქ და ამჟამად ყოფნა ხშირად ყველაზე ეფექტური სტრატეგიაა რათა თავიდან ავიცილოთ ღელვა და შფოთვა მომავალზე, რომლის განჭვრეტა არ შეგვიძლია. ყურადღება გაამახვილეთ საკუთარ სუნთქვის პროცესზე, საკუთარ სხეულზე, ასევე მხედველობის, სმენის, ყნოსვის, შეხების შეგრძნებებზე. სცადეთ ნელა და ღრმად ჩაისუნქოთ სანამ სიმშვიდე არ დაგეუფლებათ.
-
გამოიყენეთ ტექნოლოგიური საშუალებები ახლობელ ადამიანებთან კონტაქტის შესანარჩუნებლად: მიუხედავად იმისა, რომ სოციალური დისტანციის დაცვა ერთ-ერთ წამყვან რეკომენდაციას წარმოადგენს პანდემიის პირობებში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანები სოციალური არსებები ვართ და გარშემომყოფებთან კონტაქტის შეზღუდვა ან სრული განმარტოება, როგორც წესი უარყოფითად აისახება ჩვენს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. საბედნიეროდ, თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებები იძლევა კონტაქტის შენარჩუნების საშუალებას. გამოიყენეთ იგი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის მიზნით.
-
ეცადეთ არ აქციოთ კორონავირუსი ერთადერთ სასაუბრო თემად: პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანია საკუთარ თავს უფლება მივცეთ გადავერთოთ სტრესული ფიქრებისგან, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენი ყურადღება ცხოვრების სხვა სფეროებზეც გავამახვილოთ.
გახსოვდეთ რომ შექმნილ ვითარებაში შფოთვა ბუნებრივი რეაქცია და მას ადამიანების უმეტესობა განიცდის, მაგრამ თუკი ატყობთ რომ მიუხედავად თქვენი მცდელობებისა, გიჭირთ ყოველდღიურობასთან გამკლავება, სასურველია კონსულტაციისთვის მიმართოთ სპეციალისტს.
გთხოვთ ეწვიოთ MAC-ის მიერ რეკომენდებული რესურსების გვერდს, სადაც განთავსებულია ინფორმაცია იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც პანდემიის პირობებში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს სთავაზობენ უფასო ფსიქოლოგიურ კონსულტაციას.