დამოუკიდებლად კვების წახალისება
კვება, დამოუკიდებელი ფუნქციონირებისთვის საჭირო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია და მასზე მუშაობა ადრეული ასაკიდანვე უნდა დავიწყოთ. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ კვების პროცესი საკმაოდ კომპლექსურია და ბავშვისგან ბევრი სხვადასხვა მოქმედების შესრულებას მოითხოვს, მათ შორის კონკრეტული საკვებისთვის შესაფერისი ჭურჭლის შერჩევა და მისი შესაბამისი მოხმარება, საკვებისა თუ სასმელის პირთან მიტანა, დაღეჭვა, გადაყლაპვა, საკვები ულუფის დასრულება და ასევე, მაგიდასთან ჯდომის დროს, კვებასთან დაკავშირებული სოციალური ნორმებისა და ეტიკეტის დაცვა და ა.შ.
იმისათვის რომ ხელი შეუწყოთ კვებისთვის საჭირო უნარების განვითარებას, მნიშვნელოვანია ქვემოთ მოცემული რამდენიმე ძირითადი რეკომენდაციის გათვალისწინება:
1. არ დააძალოთ ბავშვს კვება მაშინ, როდესაც გაღიზიანებულია, ტირის ან გამოხატავს უარყოფით რეაქციებს. მიეცით მცირე დრო, რომ დამშვიდდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზეთ საკვები.
2. ყურადღება მიაქციეთ სხეულის პოზას- კვების დროს, აუცილებელია ბავშვი იჯდეს სწორად და კომფორტულად. დარწმუნდით რომ სკამი და მაგიდა ბავშვის სხეულის პროპორციების შესაბამისია. თუკი სკამი მაღალია, გამოიყენეთ მცირე ზომის სპეციალური კუბიკი ან თუნდაც ყუთი.
3. ცვლილებები დანერგეთ ეტაპობრივად- კონკრეტული საკვების ან პროდუქტის მიმართ მიმღებლობის გასაზრდელად, შესთავაზეთ ბავშვს მათთან შეხება, დაყნოსვა და მხოლოდ მაშინ შესთავაზეთ მისი გასინჯვა, როდესაც ამისთვის იქნება მზად.
4. გამოიყენეთ “ხელით ხელზე” მეთოდი - თუკი ბავშვს კვების დროს უჭირს ფიზიკური მოქმედებების შესრულება, მოკიდეთ თქვენი ხელი მის ხელს და ერთობლივად განახორციელეთ მოქმედება. ეტაპობრივად შეამცირეთ თქვენი დახმარება.
5. შეარჩიეთ ჭურჭლი ბავშვის საჭიროების და ინტერესის მიხედვით - შესთავაზეთ ბავშვს ჭურჭელი, რომელიც კომფორტული და მოსახერხებელი იქნება მისთვის. პირველ ეტაპზე, შეარჩიეთ ისეთი ჭურჭელი, რომლის გამოყენებაც უფრო მარტივია მაგალითად: ტუჩიანი ჭიქა ან ჭიქა დამატებითი სახელურებით. თუ ბავშვს უჭირს სტანდარტულ კოვზზე ან ჩანგალზე ჩაჭიდება, გამოიყენეთ დამატებითი ხელის სამაგრი ან შესთავაზეთ გამხსვილებულ ტარიანი კოვზი.
იმისათვის რომ ჭურჭელმა არ ისრიალოს, გამოიყენეთ გაცურების საწინააღმდეგო დასაფენი თეფშის და ჭიქის ქვეშ, ან თუნდაც სპეციალური ჭურჭელი, რომელიც ვაკუუმის საშუალებით ადვილად ფიქსირდება მაგიდაზე. Ეცადეთ გაითვალისწინოთ Ჭურჭლის გარეგნული მხარე და შეძლებისდაგვარად გამოიყენოთ ბავშვის საყვარელი ფერის, ან პერსონაჟის გამოსახულების მქონე ჭურჭელი.
6. გახადეთ პროცესი საინტერესო - ჩართეთ ბავშვი სხვადასხვა საინტერესო თამაშებსა თუ აქტივობებში, რომელიც ხელს შეუწყობს კვებისთვის საჭირო უნარების განვითარებას, მაგალითად:
-
ითამაშეთ როლური თამაშები - გამოიყენეთ სხვადასხვა სათამაშო ჭურჭელი და სამზარეულოს აქსესუარები. თამაშის პროცესი დაგეგმეთ ისე, რომ ბავშვებს მოუწიოთ სხვადასხვა სიტუაციების გათამაშება მაგალითად: დაბადების დღის წვეულების მოწყობა, მეგობრებთან ერთად საუზმე, სუპერმარკეტში წასვლა საყიდლებზე, თოჯინის კვება და სხვა.
-
Ჩართეთ ბავშვი საკვების მომზადების პროცესში. დაგეგმეთ თამაშები ცომის, ხილის ან ბოსტნეულის გამოყენებით, მაგალითად: ცომის მოზელვა, საკვები პროდუქტებისგან სხვადასხვა ფორმის ფიგურების ან ნახატების გაკეთება; ბურღულეულში დამალული ნივთების/სათამაშოების პოვნა, სახალისო აპლიკაციების შექმნა ბოსტნეულით და სხვა.
-
მიეცით საშუალება ითამაშოს სხვადასხვა ფორმისა და ზომის ჭურჭლით, მაგ: კონტეინერებიდან ბურღულეულის კოვზით ამოღება და მეორე კონტეინერში ჩაყრა. წყლის გადასხმა კოვზით ერთი ჭიქიდან მეორეში. დაჭრილი ხილის ჩანგლით გადატანა ერთიდან მეორე თეფშზე და სხვა.
-
ჩართეთ ისეთი აქტივობებში, რომელიც ხელს შეუწყობს პირის ღრუსა და ენის კოორდინირებულ მოძრაობებს. მაგალითად, მოუსვით პირის ღრუს გარშემო იოგურტი ან რაიმე ფერადი საკვები და წაახალისეთ რომ მისწვდეს სხვადასხვა მიმართულებით ენით და დააგემოვნოს. დაგეგმეთ თამაშები რომელიც მოიცავს, სულის შებერვა, ჩაბერვას, როგორიც არის მაგალითად თამაშები საწრუპი მილით, გასაბერი ბუშტებით და ასე შემდეგ.