როგორ წავახალისოთ ბავშვის დამოუკიდებლობის უნარები საცხოვრებელ გარემოში
დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში. განსაკუთრებული ყურადღება კი იმ უნარებზე უნდა გავამახვილოთ, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებენ ბავშვის ფუნქციონირებაში. ასეთია მაგალითად პირადი ჰიგიენის დაცვა, ჩაცმა/გახდა, კვება, ტუალეტის მოხმარება, ფუნქციური გადაადგილება და სხვა. თითოეული მათგანის განვითარებაზე მუშაობა ადრეული ასაკიდანვე უნდა დავიწყოთ.
იქედან გამომდინარე, რომ სახლი როგორც წესი, იდეალურ გარემოს წარმოადგენს დამოუკიდებელი ცხოვრების უნარებზე სამუშაოდ - ამ მიმართულებით მუშაობა პანდემიით გამოწვეული იზოლაციის პირობებშიც შესაძლებელია.
გთხოვთ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ რამდენიმე ზოგად რეკომენდაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წავახალისოთ ბავშვის დამოუკიდებლობა ყოველდღიურ ცხოვრებაში:
-
მიეცით ბავშვს არჩევანის გაკეთების საშუალება - შესთავაზეთ რამდენიმე ვარიანტი და სთხოვეთ თავად გააკეთოს არჩევანი სხვადასხვა ყოველდღიურ სიტუაციაში. მაგალითად, ჰკითხეთ რომელი მაისურის ჩაცმა ურჩევნია - ლურჯის თუ წითელის? რას მიირთმევს საუზმედ - არაჟანს თუ ჯემს და სხვა.
-
ნუ გააკეთებთ თქვენი შვილისთვის იმას, რისი გაკეთებაც მას დამოუკიდებლად შეუძლია - მშობლები ხშირად გადაჭარბებულ მზრუნველობას ვავლენთ და ვცდილობთ მაშინაც დავეხმაროთ შვილებს, როდესაც ისინი ამას ნაკლებად საჭიროებენ. ასევე, არის შემთხვევები, როდესაც დახმარებას დროის დაზოგვის მიზნით მივმართავთ, რადგანაც თავად ბავშვი დიდ დროს ანდომებს ამა თუ იმ აქტივობის შესრულებას - მაგალითად ჩაცმას ან თმის დავარცხნას. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ გრძელვადიანი პერსპექტივის გათვალისწინებით, ჩვენი ასეთი მიდგომით ვაფერხებთ და ხელს ვუშლით ბავშის დამოუკიდებლობის უნარების განვითარებას.
-
იმოქმედეთ თანმიმდევრულად - ბავშვის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების გასავითარებლად, მუშაობის დაწყება სასურველია ყველაზე პრიორიტეტული საქმიანობის არჩევით, რომლის განსაზღვრაშიც შემდეგი კითხვები დაგეხმარებათ: რას ვასწავლი ბავშვს ამჟამად? რისი სწავლა უნდა თავად ბავშვს? რისი სწავლისთვის არის ბავშვი მზად?
მომდევნო ეტაპს წარმოადგენს არჩეული საქმიანობის დაყოფა მის შემადგენელ ნაბიჯებად, რის შემდგომაც შეგიძლიათ დაიწყოთ მუშაობა თანმიმდევრულად. ეცადეთ, არ გადატვირთოთ ბავშვი და არ მოსთხოვოთ რამდენიმე მოქმედების ერთდოულად ან პარალელურად შესრულება.
მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ბავშვს თავისი უნიკალური საჭიროებები აქვს, ვფიქრობთ პანდემიის პირობებში, როდესაც ხელების დაბანა ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა - დამოუკიდებლობის უნარებიდან, სწორედ მის განვითრებას უნდა მივანიჭოთ უპირატესობა (თუკი რა თქმა უნდა ბავშვი უკვე არ ფლობს აღნიშნულ უნარს).
ამისთვის გაითვალისწინეთ რამდენიმე რეკომენდაცია:
-
მოარგეთ გარემო ხელების დაბანის პროცესს. მაგალითად: გაითვალისწინეთ პირსაბანის სიმაღლე და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ მცირე ზომის სკამი, რომელზეც ბავშვი დადგება ონკანზე უკეთ მისაწვდომად.
-
გახადეთ ხელების დაბანის პროცესი სასიამოვნო. შესთავაზეთ ფერადი, სასიამოვნო სუნის საპონის გამოყენება და ასევე აკონტროლეთ წყლის ტემპერატურა.
-
აქტივობა დაყავით მის შემადგენელ ნაბიჯებად და პირსაბანთან გააკარით თითოეული ნაბიჯის შესაბამისი სიუჟეტური სურათი ან ნახატი. მაგალითად: ონკანის მოშვება, ხელების წყლით დასველება, საპნის წასმა და ა.შ. განიხილეთ თითოეული ილუსტრაცია ბავშვთან და ნაბიჯების შესრულების პარალელურად - მიუთითეთ შესაბამის სურათზე.
-
გამოიყენეთ “ხელით ხელზე” დახმარების მეთოდი. ფიზიკური მოქმედებების შესრულების დროს, მაგალითად ხელების გასმა ერთმანეთზე საპნის ჩამოსაბანად - არ შეასრულოთ ეს მოქმედება ბავშვის მაგივრად. მიეცით მეტი დამოუკიდებლობა და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ “ხელით ხელზე” დახმარების მეთოდი - რაც გულისხმობს მოქმედებების გაკეთებას ბავშვთან ერთად. მოკიდეთ ხელები მის ხელებს და დაეხმარეთ ფიზიკურად.
-
გამოიყენეთ თვალსაჩინო მაგალითი. მუშაობის პროცესში აჩვენეთ თუ როგორ იბანს ხელებს ოჯახის წევრები.
-
წაახალისეთ პირსახოცის გამოყენება ხელების დაბანის შემდეგ. სასურველია პირსახოცი ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას, პირსაბანთან ახლოს და რაც მთავარია ბავშვისთვის შესაბამის სიმაღლეზე იყოს მოთავსებული.