როგორ დავგეგმოთ ეფექტური ტრანზიცია სკოლაში
სკოლაში ტრანზიცია ბავშვების უმეტესობისთვის სენსიტიური პროცესია, თუმცა იგი უფრო სტრესული და გამოწვევებით სავსე შეიძლება აღმოჩნდეს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის. ტრანზიციისადმი განსაკუთრებით მოწყვლადნი შეიძლება იყვნენ ასევე განვითარებისა და სწავლის სირთულეების ან ასეთი რისკის ქვეშ მყოფი ბავშვები, ლინგვისტური უმცირესობის წარმომადგენლები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ბავშვები რომლებმაც გადაიტანეს მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური სტრესი (მშობელთა განქორწინება, მათი ავადმყოფობა, ოჯახის წევრის გარდაცვალება, იძულებით გადაადგილება, ძალადობა და ა.შ.).
აღსანიშნავია, რომ ბავშვები სკოლაში ტრანზიციის რთულ პროცესს ინდივიდუალური ტემპით გაივლიან და ცვლილებებისადმი მზაობაც განსხვავებულად გაუჩნდებათ. შესაბამისად, მოსალოდნელია მათ სხვადასხვა ინტენსივობის და ხანგრძლივობის მხარდაჭერა დასჭირდებათ მათზე მზრუნველი პირების მხრიდან.
ქვემოთ მოცემულია ძირითადი რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც მშობლებს ტრანზიციის პროცესის ხელშეწყობაში დაეხმარებათ:
-
შეუწყვეთ ხელი სკოლის მიმართ ფსიქო-ემოციური მზაობის გამომუშავებას: სასკოლო მზაობა ძირითადად განიხილება, როგორც აკადემიური და შემეცნებითი უნარების სიმწიფე, შესაბამისად, ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება სკოლის მიმართ ფსიქო-ემოციური მზაობის ჩამოყალიბებას. ბავშვის სასკოლოდ მოსამზადებლად ფოკუსირდით ფსიქო-ემოციური მზაობის გამომუშავებაზე და არა მხოლოდ აკადემიური უნარების განვითარებაზე. ამისათვის, შეუქმენით ბავშვს ცხადი წარმოდგენა ცხოვრების მომდევნო ეტაპის შესახებ.
-
წინასწარ გააცანით ბავშვს გარემო: სტრესის გამომწვევი ფაქტორების შემცირებისთვის, ბავშვს უნდა მიეცეს შესაძლებლობა გაეცნოს გარემოს სადაც დღის მნიშვნელოვან ნაწილს გაატარებს და შეეგუოს მას მანამ, სანამ აღნიშნულ გარემოსთან სრული დატვირთვით და ინტენსივობით მოუწევს შეხება.
-
გამოიყენეთ ინფორმაციის მიწოდების მრავალფეროვანი საშუალებები: სასკოლო ცხოვრებისთვის მოსამზადებლად და სასკოლო გარემოს გასაცნობად გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს მრავალფეროვანი და მულტიმოდალური, მიწოდებული როგორც სიტყვიერი, ვიზუალური ისე მოტორული გზებით და აქტივობებით. ეს შეიძლება მოიცავდეს თემატურ საუბრებს სკოლაზე, ამბების თხრობას, მოთხრობების კითხვას, ლექსებისა და სიმღერების მოსმენას, თემატური სიუჟეტური სურათების და ფოტოების დათვალიერებას, თემატური ნახატების შექმნას, გაფერადებას, როლურ თამაშებსა და სხვ.
-
დაგეგმეთ და განახორციელეთ საორიენტაციო ვიზიტი სკოლაში: სწავლის დაწყებამდე მშობელთან ერთად ბავშვის სკოლაში საორიენტაციო ვიზიტის / ვიზიტების დროს უნდა მოხდეს სკოლის გარემოს დათვალიერება, მომავალი საკლასო ოთახის გაცნობა, დასაჯდომი ადგილის შერჩევა / მორგება, კლასთან მისასვლელი გზის დასწავლა, სკოლაში არსებული სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულებების მქონე სივრცეის (ტუალეტი, ბუფეტი, ეზო) გაცნობა, საჭიროების შემთხვევაში მათი ფუნქციური გამოყენება - ტუალეტით სარგებლობა, ბუფეტში კვება, ეზოში სეირნობა და ა.შ.
-
შეარჩიეთ მშვიდი გარემო სკოლის გასაცნობად: უმნიშვნელოვანესია ვიზიტები სკოლაში სწავლის დაწყებამდე, რათა სკოლის დაწყების პირველ დღეს მშობლებით, ბავშვებით და მასწავლებლებით გადატვირთულმა სასკოლო გარემომ (თუკი ეს სკოლასთან პირველი შეხება იქნება), არ გამოიწვიოს ბავშვის შფოთვის მატება. უნდა გვახსოვდეს, რომ სკოლის დაწყების აღსანიშნავად დაგეგმილი საზეომო სასკოლო ღონისძიება, არა ყველა ბავშვის მიერ აღიქმება ერთგვარად და ასეთად. გადაჭარბებულმა ვიზუალურმა და სმენითმა გამღიზიანებლებმა, შესაძლებელია საპირისპირო ეფექტი იქონიოს ბავშვზე და მცდარი წარმოდგენაც კი შეუქმნას სკოლაზე, რადგან სკოლა არა ყოველთვის არის ამგვარი. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, სკოლის გაცნობა მშვიდ გარემოში, თუმცა ამ დროსაც უნდა მოხდეს ბავშვის შემზადება იმისათვის, რომ სწავლის დაწყების შემდეგ, სკოლა ბავშვებით აივსება, იქნება მეტი ხმაური და მოძრაობა.
-
დაგეგმეთ შეხვედრა სკოლის პერსონალთან: უმნიშვნელოვანესია მშობლის შეხვედრა მომავალ მასწავლებლებთან, სპეც.მასწავლებელთან ბავშვის საჭიროებების წარდგენა, განხილვა, უსაფრთხოების საკითხებზე და დამატებითი მხარდაჭერის საჭიროებებზე შეთანხმება. ამგვარი შეხვედრების მთავარი ამოცანაა, ერთის მხრივ ბავშვმა გაიცნოს ის ზრდასრული პირები რომელთანაც ინტენსიური და ყოველდღიური შეხება მოიწევს, და გაუჩნდეს ნდობა მათ მიმართ, ხოლო მეორე მხრივ, სკოლამ ჯერ კიდევ სწავლის დაწყებამდე გაიცნოს ბავშვი, გაერკვეს მის საჭიროებებში და სკოლის დაწყებისთვის მომზადებული დახვდეს მას. შესაბამისად, არც მასწავლებლის და სპეც.მასწავლებლის ვიზიტი უნდა გამოირიცხოს ბავშვთან სახლში (მშობლის მხრიდან თანხმობის არსებობის შემთხვევაში), ბავშვის ოჯახური გარემოს უკეთ გასაცნობად, ბავშვზე მის ბუნებრივ გარემოში დასაკვირვებლად და ბავშვისთვის ნაცნობ და უსაფრთხო გარემოში საურთიერთოდ.
-
ეცადეთ წინასწარ გააცნოთ ბავშვს თანაკლასელები: სასურველია, ასევე გაერთიანებული შეხვედრის / ების ორგანიზება თანაკლასელებთან, ურთიერთგაცნობა სახალისო აქტივობების შესრულების გზით. მაგ. ეზოში ხატვა, პიკნიკი და ა.შ.
-
მიეცით ბავშვს შესაძლებლობა მოახდინოს რეფლექსია მიღებულ გამოცდილებაზე: მნიშვნელოვანია ბავშვმა გამოხატოს საკუთარი ემოციები და დავეხმაროთ გაანალიზოს თუ რისი აღქმა, განცდა და გააზრება მოხდა ბავშვის მიერ, რამ გაუჩინა დაცულობის განცდა, რამ დააინტერესა, რა მოეწონა/არ მოეწონა, რა გაცხადდა, რა დარჩა ბუნდოვანი და რა საჭიროებს განმეორებითად ან განსხვავებულად მიწოდებას. რეფლექსიის წასახალისებლად მშობელმა, სკოლის მასწავლებელმა, სპეც.მასწავლებელმა თუ ფსიქოლოგმა ასევე შესაძლებელია მიმართონ გამოხატვის მრავალ გზებსა და საშუალებებს.
გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო პოზიტიური იქნება სკოლაში ტრანზიციასთან დაკავშირებული გამოცდილება, მით მეტად პოზიტიური შედეგები ექნება ბავშვს, როგორც აკადემიური მოსწრების მხრივ, ასევე სოციალური კომპეტენციის განვითარების თვალსაზრისით.