top of page

ინკლუზიური პროფესიული განათლება

დღესდღეობით, საქართველოში ფორმალური პროფესიული განათლება  ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი შესაძლებლობებისა და საჭიროებების მქონე პირებისთვის, მათ შორის მათთვის, ვისაც აღენიშნებათ სმენის, მხედველობის, ქცევითი და ემოციური,  ინტელექტუალური, ფიზიკური ან/და სწავლის  გამოხატული სირთულეები. აღსანიშნავია, რომ პროფესიული ინკლუზიური განათლების მიღება ხელმისაწვდომია როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 

 

ქვემოთ გთავაზობთ ინფორმაციას ინკლუზიურ პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე:

 

  • როგორ უნდა დავრეგისტრირდეთ სადიპლომო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე?

 

სადიპლომო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირება შესაძლებელია მიმდინარე წლის 20  მაისიდან - 10 აგვისტოს ჩათვლით ონლაინ რეჟიმში ვებ გვერდიდან https://vet.emis.ge. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებმა, აუცილებელია რეგისტრაციისას მონიშნონ ველი: „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი“ და ამასთანავე, რეკომენდებულია, გამოიყენონ 3 საგანმანათლებლო პროგრამის შერჩევის შესაძლებლობა. 

  • რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის?

 

ფორმალურ პროფესიულ განათლებაში ჩარიცხვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს  ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი საბუთის - 9 კლასის ატესტატის ფლობა. ზოგიერთ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, შესაძლოა გააჩნდეს დამატებითი წინაპირობები, როგორიცაა მაგალითად: ასაკი (მხოლოდ 18 წლიდან) და განათლება (სრული საშუალო).

  • ვინ აფინანსებს ინკლუზიურ პროფესიულ განათლებას საქართველოში?

 

სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, განათლების მიღებას სრულად აფინანსებს სახელმწიფო. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ყველა სტუდენტისთვის, სტანდარტულ ვაუჩერზე  დამატებით გათვალისწინებულია 1000 ლარი  კვარტალში. აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერის გამოყენება სასწავლო პროცესში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე კონკრეტული სტუდენტის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით ხდება.

  • რა ტიპის საგანმანათლებლო მხარდაჭერა შეიძლება მიიღოს პირმა ინკლუზიური პროფესიული განათლების ფარგლებში? 

 

საგანმანთლებლო მხარდაჭერა დამოკიდებულია პირის ინდივიდუალურ საჭიროებებზე და შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: სასწავლო სტრატეგიების და აქტივობების მორგება, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება, ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტის, ასისტენტის, ჟესტური ენის თარჯიმნის, მობილობისა და სივრცეში ორიენტაციის სპეციალისტის მომსახურება, ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა და სხვა.

  • რა სახის დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს პირმა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში რეგისტრაციის შემთხვევაში? 

 

პროფესიულ სასწავლებელში წარსადგენი დოკუმენტაცია განისაზღვრება პირის საჭიროებების მიხედვით,  კერძოდ: 

ა)   სმენის დარღვევის შემთხვევაში - აუდიოგრამა/აუდიოლოგის მიერ გაცემული ცნობა;

ბ) მხედველობის დარღვევის შემთხვევაში - ოფთალმოლოგის მიერ გაცემული ცნობა; 

გ) ქცევითი და ემოციური დარღვევის შემთხვევაში - შესაბამისი უფლებამოსილი სპეციალისტის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობა; 

აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენა დაწესებულებებში შესაძლებელია ელექტრონულად, ელ. ფოსტის საშუალებით. 

  • როგორ ხდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჩარიცხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში?

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრების მიერ, ხორციელდება პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასება და სტატუსის დადასტურება. აღნიშნული სტატუსის დადასტურების შემთხვევაში, პირის ჩარიცხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე  ხორციელდება არა სტანდარტული, არამედ ალტერნატიული პროფესიული ტესტირების საფუძველზე.  

  • რას გულისხმობს და სად ტარდება ალტერნატიული ტესტირება? 

 

ალტერნატიული ტესტირება გულისხმობს აპლიკანტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ პირობებში, მის მიერ დარეგისტრირებული პროფესიული პროგრამების პრაქტიკულ მოსინჯვას გულისხმობს და მიღებულ გამოცდილებაზე რეფლექსიას მისთვის საუკეთესო პროფესიული არჩევანის გასაკეთებლად. მაგალითისთვის, თუ პირი დარეგისტრირდა თმის სტილისტის პროფესიულ პროგრამაზე, ალტერნატიული ტესტირებისას დროს მას შესაძლებლობა ექნება პრაქტიკულად მოსინჯოს აღნიშნულ პროფესიასთან დაკავშირებული რამდენიმე ტიპური აქტივობა (მაგ.: თმის შეჭრა, დავარცხნა, საღებავის მომზადება და სხვა). აღნიშნული პრაქტიკული მოსინჯვა ყველა იმ პროგრამასთან მიმართებით ხორციელდება, რომელიც პირმა რეგისტრაციის დროს შეარჩია. ალტერნატიულ ტესტირებას უზრუნველყოფს თავად ის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც დარეგისტრირდა აპლიკანტი.  ტესტირების ზუსტი თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაციას, აპლიკანტს იმ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/ების წარმომადგენლები აცნობებენ, რომელშიც დარეგისტრირდა და შემდგომ წარადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია.  

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცხელ ხაზით (+ 995 32) 2 200 220  ან  მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე: mtsuladze@mes.gov.ge

bottom of page