ბავშვის ადრეული განვითარება
ბავშვის განვითარების შეფასება როგორც წესი ხუთი ძირითადი სფეროს მიხედვით ხდება, ესენია კოგნიტური, ანუ შემეცნებითი უნარები, ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარები, ნატიფი და მსხვილი მოტორული უნარები, სოციალური და ემოციური უნარები და ადაპტური უნარები. თითოეული ამ სფეროსთვის დადგენილია განვითარების ასაკობრივი ნორმები, ანუ განსაზღვრულია ის კონკრეტული უნარები, რომელიც ბავშვს ამა თუ იმ ასაკში უნდა გააჩნდეს.
რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვის უნარები არ შეესაბამება ასაკობრივ ნორმას?
დროებითი ჩამორჩენა რომელიმე უნარის განვითარებაში, როგორც წესი, არ არის საგანგაშო, რადგან ეს შეიძლება განვითარების ინდივიდუალური ტემპის შედეგი იყოს, თუმცა დროში გახანგრძლივებული შეფერხება განვითარების რომელიმე ზემოთ ხსენებულ სფეროში, შესაძლოა იყოს განვითარების ეტაპების დაყოვნების ან განვითარების დარღვევის ადრეული ნიშანი და საჭიროებდეს სპეციალისტის კონსულტაციას ან უფრო ინტენსიურ ინტერვენციას, რაც გულისხმობს შეფასებას და ადრეული განვითარების პროგრამაში ჩართვას.
რას გულისხმობს ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა?
ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა განკუთვნილია 0-დან 7-წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ განვითარების დარღვევა ან/და განვითარების ეტაპების დაყოვნება. ადრეული განვითარების პროგრამა მორგებულია ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე და მიმართულია მისი ფიზიკური, შემეცნებითი, ემოციური და ადაპტური უნარების განვითარების ხელშეწყობაზე, ასევე ოჯახის მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე ბავშვის აღზრდის საკითხებში.
რატომაა მნიშვნელოვანი ბავშვის ჩართვა ადრეული განვითარების პროგრამაში?
ადრეულ ასაკში თავის ტვინს საშუალება აქვს უფრო მეტი მექანიზმი ჩართოს და განავითაროს ან დააკომპენსიროს ის „დეფიციტი“, რომელიც სახეზეა. დაგვიანებული ინტერევენციის დროს კი, სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება განსვლა ბავშვის ბიოლოგიურ ასაკსა და უნარების განვითარებას შორის, რაც თავის მხრივ ართულებს ასაკის შესაბამის აქტივობებში ბავშვის ჩართვას, იქნება ეს ბაღი, დაწყებითი კლასები თუ სხვა. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია სირთულეების დროული იდენტიფიცირება და ადრეულ ეტაპზე ჩარევა.
როგორ უნდა მოვიქცე თუ ვფიქრობ, რომ ჩემს შვილს სჭირდება სპეციალისტის შეფასება?
თქვენ ყველაზე უკეთ იცნობთ საკუთარ შვილს და თვალს ადევნებთ მის განვითარებას. თუკი მიიჩნევთ, რომ ბავშვი არ მიყვება განვითარების ნორმას ერთ ან მეტ სფეროში, დაგეგმეთ ვიზიტი პედიატრთან. პედიატრი სპეციალური ინსტრუმენტის საშუალებით შეაფასებს ბავშვის განვითარებას სხვადასხვა სფეროების მიხედვით და საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებთ სპეციალისტთან უფრო სიღრმისეული შეფასების მიზნით. თუმცა, ასევე შეგიძლიათ მიმართოთ ნეიროფსიქოლოგს, ფსიქოლოგს, მეტყველების თერაპევტს ან ოკუპაციურ თერაპევტს და მათ გაუზიაროთ თქვენი დაკვირვება.
კონსულტაციაზე მისვლამდე გაითვალისწინეთ შემდეგი:
-
გარკვეული პერიოდით ადრე, აწარმოეთ დაკვირვება და გააკეთეთ ჩანაწერები თქვენთვის საინტერესო საკითხზე იმ საკითხზე- ეს დაგეხმარებათ, რომ სპეციალისტს უფრო ზუსტი და სანდო ინფორმაცია მიაწოდოთ;
-
სპეციალისტთან ვიზიტის დროს, მიიტანეთ ყველა საჭირო დოკუმენტი, როგორიცაა მაგალითად, სხვა სპეციალისტების დასკვნები, დაკვირვების ფორმები და ა.შ. ეს დაზოგავს დროს და სპეციალისტს დაეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში;
-
თუ ფიქრობთ, რომ ბავშვის განვითარება რომელიმე სფეროში არ მიყვება ასაკობრივ ნორმებს, ეცადეთ არ მიაქციოთ ყურადღება გარშემომყოფთა ისეთ ფრაზებს, როგორებიცაა: „ზედმეტად ნერვიულობ“, „მალე თავისით გაივლის“, „ჩემი ოჯახის წევრიც ზუსტად ასე იყო, შემდეგ დაეწია განვითარებას“. სჯობს კონსულტაცია სპეციალისტისგან მიიღოთ.
ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
https://macgeorgia.org/wp-content/uploads/2017/11/A5_Childs_early_Intervention-web.pdf