სენსორული ინტეგრაციის სტრატეგიები სახლის პირობებში
სენსორული, იგივე შეგრძნებების ინტეგრაცია არის ნეირობიოლოგიური პროცესი და ხელს უწყობს ბავშვის ფუნქციურ დამოუკიდებლობას. სხვადასხვა სენსორული არხის მეშვეობით ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას ჩვენი სხეულის ფიზიკური მდგომარეობისა და გარემოს შესახებ. შეგრძნების არხებია: სმენა, მხედველობა, ყნოსვა, გემო, შეხება, პროპრიოცეპცია, ანუ სხეულის პოზისა და გადაადგილების შეგრძნება და ვესტიბულური, იგივე მოძრაობისა და წონასწორობის შეგრძნება. შეგრძნებების ეფექტურად გადამუშავება ხელს უწყობს ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა ფიზიკური, შემეცნებითი, სოციალური, მეტყველების და სხვა. ეს კი თავის მხრივ, განსაზღვრავს ბავშვის თანამონაწილეობას ყოველდღიურ აქტივობებში.
ზოგჯერ, ჩვენი ცენტრალური ნერვული სისტემა ვერ ახერხებს მიღებული შეგრძნებების გადამუშავებას, რაც გამოიხატება გარკვეულ შეგრძნებებზე განსხვავებული რეაგირებით. სენსორული შეგრძნებების გადამუშავების სირთულის მქონე ბავშვებთან, შეიძლება ვლინდებოდეს: სწავლის სირთულეები სკოლაში, ჰიპერაქტიულობა ან გაფანტულობა, ქცევის პრობლემები, ენისა და მეტყველების სირთულეები, კუნთთა ტონუსისა და კოორდინაციის პრობლემები, რაც ყოველთვის არ არის კონკრეტული დიაგნოზის თანმხლები მდგომარეობა. თუკი სირთულეები თავს იჩენს ყოველდღიურად, სხვადასხვა გარემოში და ხელს უშლის ბავშვის აქტივობებში ჩართულობას, საჭირო ხდება დამატებითი მხარდაჭერა და ბავშვის ჩართვა სენსორული ინტეგრაციის თერაპიაში.
სენსორული ინტეგრაციის თერაპიის მიზანია: თვითმასტიმულირებელი და თვითდამაზიანებელი ქცევის შემცირება, ბავშვის ყოველდღიურ აქტივობებში ჩართვა, კომუნიკაციური და სოციალური უნარების განვითარება, აკადემიურ აქტივობებში ბავშვის ჩართულობის გაზრდა.
სენსორულ ინტეგრაციაზე მუშაობა შესაძლოა სხვადასხვა გარემოში განხორციელდეს: სახლი, ეზო, სათამაშო მოედანი. ყველაზე აქტიურად კი გამოიყენება სენსორული ოთახი, რომელიც აღჭურვილია სპეციფიკური მასალით.
ჩვენს მომდევნო სტატიაში შემოგთავაზებთ აქტივობებს, რაც ხელს შეუწყობს მრავალფეროვანი სენსორული გამოცდილების მიღებას სხვადასხვა გარემოში, მოცემულ სტატიაში კი გაგაცნობთ რამდენიმე ზოგად სტრატეგიას:
1.დღის რუტინის შედგენა. მასში დაბალანსებული უნდა იყოს როგორც პროდუქტიული აქტივობები, ისე დასვენებისთვის განკუთვნილი დრო. მაგალითად აკადემიური აქტივობები ან თუნდაც თამაში, რისი საშუალებითაც შესაძლებელია სხვადასხვა უნარების გამომუშავება და განვითარება.
2.სამუშაო გარემო უნდა იყოს კომფორტული და ორგანიზებული. სენსორული აქტივობების სახლის პირობებში განხორციელება დაკავშირებულია უამრავი მასალის გამოყენებასთან, რასაც შესაძლოა თან ახლდეს გარკვეული არეულობა. ამ დროს ჩვენი მიზანია ბავშვისთვის მრავალფეროვანი შეგრძნებების მიღების წახალისება, თუმცა გარკვეული წესების დაცვით. მაგალითად აქტივობების დროს წაახალისეთ ბავშვი გამოყენებული ნივთები დაალაგოს მისთვის განკუთვნილ ადგილზე და შემდეგ გადავიდეს მეორე აქტივობაზე.
3.მუშაობის პროცესი უნდა იყოს ბუნებრივი, ბავშვისთვის სახალისო და მორგებული მის შესაძლებლობებზე. ყოველთვის დაიწყეთ მისთვის სასიამოვნო, მისაღები მასალებით და ეტაპობრივად შესთავაზეთ ახალი სტიმულები. მაგალითად ტაქტილურ და პროპრიოცეპტულ სტიმულაციაზე მუშაობა შესაძლებელია სამზარეულოში, შემდეგი აქტივობების საშუალებით - ცომის მოზელვა, პროდუქტების დახარისხება და სხვა.
4.უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინება და ფუნქციური აქტივობების შეთავაზება. აქტივობები უსაფრთხო გარემოში უნდა სრულდებოდეს. ასევე, მაგალითად თუ ბავშვი ცდილობს გარკვეული სტიმულების გადაჭარბებულად მიღებას, ვთქვათ პირში იდებს მხოლოდ რკინის საგნებს ან ცდილობს მუდმივად მოუსმინოს გარკვეული ჟღერადობის ხმებს და ამისთვის ყურთან ამოძრავებს სხვადასხვა საგნებს - ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია, რომ ქცევა გავხადოთ უფრო ფუნქციური და გავაერთიანოთ გარკვეულ აქტივობასთან. ვთქვათ დაკვრა სხვადასხვა მუსიკალურ საკრავებზე.
5.სტიმულების შემცირება, რომლებიც ხელს უშლის ბავშვს კონკრეტულ აქტივობაზე ფოკუსირებაში. მაგალითად გამორთეთ ტელევიზორი ან გამოიყენეთ ყურსასმენები ბავშვისთვის შემაწუხებელი აუდიალური სტიმულების შესამცირებლად.
6.და ბოლოს ყველაზე მთავარი - ითამაშეთ ბავშვთან. მაქსიმალურად წაახალისეთ ფიზიკური აქტივობები სახლში ან გარეთ და მიეცით მეტი დამოუკიდებლობა ყოველდღიურად.