თამაშები, რომლებიც ბავშვს ჩაცმის უნარის განვითარებაში დაეხმარება
ჩვენს წინა გამოცემაში, ჩაცმის უნარის განვითარების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. Ამჯერად კი შემოგთავაზებთ რამდენიმე თამაშს, რომელიც სწავლის პროცესს უფრო სახალისოსა და საინტერესოს გახდის.
ფუნქციური დაფით თამაში - მოათავსეთ ფერადი ფანქრები დაფის ჯიბეებში. მიეცით ბავშვს გასაფერადებელი ნახატი, უთხარით, რომ გახსნას დაფაზე არსებული სახვადასხვა შესაკრავებიანი ჯიბეები, იპოვოს სასურველი ფერის ფანქრები და გააფერადოს ნახატი.
სურათის აწყობა - გამოიყენეთ შესაკრავებიანი ნაჭრის კუბიკები ან წიგნები, რომლის ჯიბეებშიც მოათავსებთ ფაზლის ნაწილებს და სთხოვეთ ბავშვებს მოძებნონ ყველა ნაწილი მთლიანი ფაზლის სურათის ასაწყობად.
ფერადი რგოლებით თამაში - მიეცით ბავშვს პლასტმასის ან თუნდაც რაიმე ქსოვილისგან დამზადებული რგოლები და სთხოვეთ ქვიშის საათის ჩამოცლამდე რაც შეიძლება მეტი რგოლი ჩამოიცვას ჯერ კისერზე, შემდეგ მკლავებზე და შემდეგ ამოიცვას ფეხებზე. მიეცით საშუალება საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს სკამი.
სამოსის დაჯგუფება - მიეცით ბავშვს სხვადასხვა სამოსის ფოტოები და სთხოვეთ მათი თემატური დაჯგუფება ფორმატის ქაღალდზე. Მაგალითად, სთხოვეთ სამოსი სეზონების შესაბამისად გაანაწილოს, ან განასხვავოს სუფთა და ჭუჭყიანი სამოსი და სხვა. ფოტოების მოძიება შესაძლებელია ონლაინ სივრცეში ან შეგიძლიათ თავად გადაუღოთ ფოტოები ბავშვის, ან ოჯახის სხვა წევრების ტანსაცმელს.
თოჯინით თამაში - ჩართეთ როლურ თამაშებში ისე რომ ბავშვს ბუნებრივად მოუწიოს ჩააცვას და გახადოს თოჯინას.
წინდების დაწყვილება - ერთმანეთში აურიეთ განსხვავებული წინდები. წაახალისეთ ბავშვი რომ დააწყვილოს ისინი ფერებისა და ნახატების მიხედვით.
შესაბამისი ტანსაცმლის შერჩევა და მოწესრიგება - ჩართეთ ბავშვი თამაშის პროცესში თანატოლთან ერთად. მოიფიქრეთ რაიმე კონრეტული სიტუაცია, მაგალითად დაბადების დღის წვეულება, ან თუნდაც თოვლში სეირნობა და წაახალისეთ ბავშვები ერთად შეარჩიონ შესაბამისი ტანსაცმელი და მოამზადონ ისინი ჩასაცმელად.
ჯგუფური თამაშები - დაგეგმეთ სხვადასხვა საახალისო თამაში, მაგალითად მიეცით ბავშვებს დავალება რომ სხვადასხვა ამინდის / სეზონის ან თუნდაც შემთხვევის შესაბამისად შეიმოსონ და გამართონ მოდების ჩვენება.