როგორ შევიმუშავოთ ეფექტური ქცევითი კონტრაქტი
ქცევითი კონტრაქტი ქცევის მართვის ერთ-ერთი ეფექტური სტრატეგიაა. ის მოზრდილსა და ბავშვს შორის პრობლემური ქცევის ცვლილების შესახებ არსებული შეთანხმების წერილობითი აღწერილობაა. აღნიშნული სტრატეგია ემსახურება პრობლემური ქცევის შემცირებას და მისაღები ქცევების სწავლებას. ქცევითი კონტრაქტის მეშვეობით, ბავშვი სწავლობს, რომ გარკვეული პრივილეგიის მისაღებად საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების განხორციელება. ეს მას ეხმარება იყოს მეტად ორგანიზებული, მიზანზე ორიენტირებული.
ქცევითი კონტრაქტის შედგენისას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის ჩართულობა, მისი მოსაზრებების გაზიარება და კონტრაქტის პირობების ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრა. ასეთ შემთხვევაში, ბავშვები მეტად იღებენ პასუხისმგებლობას მის შესრულებაზე.
ქცევითი კონტრაქტის შედგენა გარკვეული ნაბიჯების მოითხოვს, რაშიც ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები დაგეხმარებათ:
-
განსაზღვრეთ ბავშვის ის ქცევები, რომლებიც პრობლემურია. საწყის ეტაპზე შეარჩიეთ ერთი ან ორი ქცევა - ერთდროულად რამდენიმე ქცევაზე მუშაობა შეიძლება არაეფექტური აღმოჩნდეს. შესაძლოა, ბავშვი არ ავლენდეს პრობლემურ ქცევას, მაგრამ თქვენ გსურდეთ მისთვის ისეთი ახალი უნარების სწავლება, როგორიცაა, მაგალითად საკუთარი ოთახის დალაგება, ნივთების მოწესრიგება. ასეთ შემთხვევაში, შეარჩიეთ მსგავსი ქცევები, უნარები.
-
შეიმუშავეთ მიზნები, რაც გულისხმობს იმ სასურველი ქცევების განსაზღვრას, რომლებიც ბავშვმა არასასურველი, პრობლემური ქცევის ნაცვლად უნდა დაისწავლოს. მაგალითად, თუკი პრობლემურ ქცევას ყვირილი, უხეში ფორმით მოთხოვნა წარმოადგენს, სამუშაო მიზანი იქნება მშვიდი ხმით თხოვნა. უნარების შემთხვევაში კი, თუ ბავშვი არ ალაგებს საკუთარ ნივთებს, მიზანი იქნება ნივთების მოწესრიგება.
-
ბავშვის ინტერესების შესაბამისად, შეარჩიეთ წამახალისებელი ჯილდო, რომელსაც იგი სასურველი ქცევის შესრულებისთვის მიიღებს. ასევე, განსაზღვრეთ ის შედეგები, რაც პირობის შეუსრულებლობის შეიძლება მოყვეს. მაგალითად, სასურველი ქცევის გამოვლენისთვის სათამაშოდ დამატებითი 20 წუთის გამოყოფა, პირობის არ შესრულებისთვის, კი ელექტრონული მოწყობილობის მოხმარების შეზღუდვა.
-
განიხილეთ კონტრაქტის პირობები ბავშვთან. შემდეგ, გადაიტანეთ ყოველივე ფურცელზე და განსაზღვრეთ ვადები.
-
გადახედეთ კონტრაქტს გარკვეული პერიოდულობით. ბავშვთან ერთად განიხილეთ, საჭიროა თუ არა კონტრაქტის პირობების შეცვლა, ხომ არ წარმოადგენს კონტრაქტის პირობების შესრულება ბავშვისთვის სირთულეს. იმსჯელეთ ალტერნატიულ სტრატეგიებზე, რომელთა გამოყენებითაც ბავშვს გაუმარტივდება კონტრაქტის პირობების შესრულება.