განსაკუთრებული საჭიროებებს მქონე ბავშვების დედმამიშვილები
განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვის აღზრდა არა მარტო მშობლებისთვისაა დაკაშირებულ რიგ გამოწვევებთან, არამედ ოჯახში მცხოვრები სხვა ბავშვებისთვისაც.
მშობლების შემდეგ, სწორედ დედმამიშვილები არიან ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტ დროს ატარებენ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთან და სწორედ ისინი რჩებიან ყველაზე ხანგრძლივად მათ ცხოვრებაში. შესაბამისად ასეთი ბავშვები განიცდიან ისეთი სტრესორებს, რომელთაც შეუძლიათ გაზარდონ ემოციური და ქცევითი სირთულეების ჩამოყალიბების რისკი.
როგორც სხვადასხვა კვლევა მიუთითებს, მათ ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო განცდები აქვთ საკუთარ დედმამიშვილთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
-
ღელვა დედმამიშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით
-
ეჭვიანობა ან სიბრაზე იმის გამო, რომ მისი და ან ძმა მეტ ყურადღებას იღებს მშობლებისგან.
-
შიში, რომ დაკარგავენ მას
-
უსამართლობის განცდა, რადგან მშობლები სხვადასხვა სტანდარტებსა და მოთხოვნებს უწესებენ, მაგალითად სთხოვენ უფრო მეტი საშინაო საქმის შესრულებას
-
სიბრაზე, რადგან მშობლებს შესაძლოა არ რჩებოდეთ საკმარისი მატერიალური რესურსი მისი სურვილების შესასრულებლად, რადგან დედმამიშვილს ესაჭიროება ძვირადღირებული მკურნალობა ან თერაპია
-
უკმაყოფილება, იმის გამო, რომ უწევს დედმამიშვილისთვის რაიმეს ახსნა, მისი მხარდაჭერა ან მასზე ზრუნვა
-
სირცხვილი დედმამიშვილის განსხვავებულობის და მისი სირთულეების გამო. არის შემთხვევები, როდესაც ბავშვები მალავენ დედმამიშვილის არსებობას და ამიტომ სახლშიც ერიდებიან მეგობრების მოწვევას.
-
განაწყენება იმის გამო, რომ დედმამიშვილის საჭიროებების გამო შესაძლოა ვერ ახერხებდნენ რაიმე აქტივობებში ჩართვას ან კონკრეტულ ადგილებში სიარულს.
-
დანაშაულის განცდა იმ უარყოფითი ემოციების გამო, რომელსაც დედმამიშვილთან მიმართებაში განიცდიან.
მეორე მხრივ, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე დედმამიშვილს არსებობა, ბავშვს საშუალებას აძლევს განივითაროს ისეთი თვისებები, როგორიცაა მოთმინება, მიმღებლობა განსხვავებული შესაძლებლობებისა და მახასიათებლების ადამიანების მიმართ, თანაგრძნობა და თანადგომა, იქიდან გამომდინარე, რომ მათ ხშირად უწევთ საკუთარი დედმამიშვილის დაცვა, ეს ხელს უწყობს ასევე სხვისი უფლებების დაცვისადმი მზაობის ჩამოყალიბებას.
გახსოვდეთ, რომ დედმამიშვილებს შორის უთანხმოება გავრცელებული ფენომენია, მაშინაც კი, თუ არც ერთ მათგანი არ აქვს განსაკუთრებული საჭიროებები, თუმცა თუ ბავშვის დამოკიდებულება მისი განსაკუთრებული საჭიროების მქონე დედმამიშვილის მიმართ, მკვეთრად უარყოფითია და არსებობს იმის რისკი რომ ურთიერთობა ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობაში გადაიზარდოს, მიმართეთ კონსულტაციისთვის სპეციალისტს.
რეკომენდაციები:
-
მიაწოდეთ ბავშვს ინფორმაცია დედმამიშვილის საჭიროებების შესახებ, რადგან ხშირად შემთხვევაში ბავშვები თავად გრძნობენ, რომ მათ დედმამიშვილს ესა თუ ის სირთულე აქვს, მაგრამ არ შეუძლიათ გააცნობიერონ კონკრეტულად რა. ბავშვები, ასევე გრძნობენ, რომ მშობლები რაღაცას მალავენ, და მათი მდიდარი წარმოსახვის გამო, შეიძლება იმაზე უარესი სიტუაცია წარმოიდგინონ, ვიდრე სინამდვილეშია.
-
ეცადეთ გამოყოთ დრო, როდესაც ინდივიდუალურ ყურადღებას დაუთმობთ ბავშვს, ამით აგრძნობინებთ, რომ ისიც ისეთივე მნიშვნელოვანი და ღირებულია თქვენთვის, როგორც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი.
-
ეცადეთ ყოველთვის დაესწროთ ბავშვისთვის ღირშესანიშნავ მომენტებსა და ღონისძიებებს, როგორიცაა სკოლის დამთავრება, სპორტული თამაში, გამოსაშვები ზეიმი და ა.შ.
-
ეცადეთ შეუქმნათ ბავშვს უსაფრთხო გარემო, სადაც მას შეეძლება საკუთარი ემოციების თქვენთვის გაზიარება. ხაზი გაუსვით იმას, რომ გესმით მათი ემოციები და მათგან არ ითხოვთ სრულყოფილებას, როგორც კომპენსაციას მეორე ბავშვთან დაკავშირებული სირთულეების გამო.