top of page

  რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვისთვის ინსტრუქციის მიცემისას?

ალბათ, ყველა მშობელს ახსენდება ისეთი შემთხვევა, როდესაც ბავშვმა არ შეასრულა სათამაშოების ალაგებასთან, კბილების გახეხვასთან, მეცადინეობასთან ან სხვა ყოველდღიურ აქტივობასთან დაკავშირებული ინსტრუქცია. თუკი, თქვენი შვილი დროდადრო არ ასრულებს მითითებებს, ეს არ წარმოადგენს პრობლემას. თუმცა, თუ ამან სისტემატიური სახე მიიღო და ბავშვი თქვენს მიერ მიცემული ინსტრუქციების დიდი ნაწილის შესრულებაზე აცხადებს უარს, სასურველია დავფიქრდეთ და საჭიროების შემთხვევაში, შეცვალოთ ინსტრუქციის მიწოდებასთან დაკავშირებული სტრატეგიები, კერძოდ: 

 

 

  • დარწმუნდით, რომ ბავშვს ყურადღება თქვენსკენ აქვს მომართული.  მითითების მიწოდებისას, თქვენ უნდა იმყოფებოდეთ ბავშვთან ახლოს, ერთ სივრცეში. მითითების მიწოდებამდე მიმართეთ ბავშვს სახელით და დაამყარეთ თვალით კონტაქტი. პატარა ასაკის ბავშვის შემთხვევაში, დაიხარეთ, ისე რომ თქვენ და ბავშვი ერთ სიმაღლეზე იყოთ და ერთმანეთს პირისპირ უყურებდეთ.  

  • მიაწოდეთ ინსტრუქცია, რომელიც ასახავს შესასრულებელ ქცევას.  

ინსტრუქცია შესასრულებელი ქცევის სიტყვიერი აღწერილობაა, შესაბამისად, ის ზუსტად უნდა ასახავდეს, თუ რა ქცევის გამოვლენას მოელით ბავშვისგან. 

    

         ნაცვლად იმისა რომ უთხრათ: „იმეცადინე“ 

         მიაწოდეთ შემდეგი სახის ინსტრუქცია: „გთხოვ, ამოხსენი მათემატიკის ამოცანები“.

 

გაითვალისწინეთ, რომ მითითება არ უნდა იყოს  კითხვის სახით ფორმულირებული. 

         ნაცვლად შემდეგი ფორმულირებისა: „დაწერ ამოცანას?“

         უთხარით: „გთხოვ, დაწერე ამოცანა“

ინსტრუქცია  არ უნდა შეიცავდეს აკრძალვის ამსახველ სიტყვებს.

         ნაცვლად იმისა, რომ უთხრათ: „არ დაყარო“, „არ გააკეთო“

         უთხარით: „სათამაშოები ყუთში ჩაყარე“

ამკრძალავმა ფრაზებმა შეიძლება კონკრეტულ მომენტში შეაჩეროს ბავშვის ქცევა, მაგრამ ბავშვი ამით არ სწვალობს, თუ რა უნდა გააკეთოს. 

 

ერთ ჯერზე ერთი ინსტრუქცია მიაწოდეთ. თუ ინსტრუქცია მოითხოვს ერთზე მეტი მოქმედების შესრულებას, დაყავით ის და ნაწილ-ნაწილ მიაწოდეთ.  მაგალითად, თუკი საჭიროა, რომ ბავშვმა თამაშისას მიმოფანტული სათამაშოები აალაგოს, 

 

         ნაცვლად ინსტრუქციისა: „აიღე იატაკზე დაყრილი კუბიკები და სათამაშოების ყუთში ჩაყარე“

         უთხარით: „გთხოვ, აიღე იატაკზე დაყრილი კუბიკები“. მას შემდეგ, რაც ბავშვი აკრეფს ნივთებს,           უთხარით: „ახლა კი ჩაყარე სათამაშოების ყუთში“.

აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუკი თქვენი შვილი სკოლამდელი ასაკის არის.   

 

მიაწოდეთ ინსტრუქცია მშვიდი ტონით. გახსოვდეთ, რომ არასასურველი ქცევების თავიდან არიდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანია გზა, მისაღები ქცევების დემონსტრირებაა. შესაბამისად, თუ გსურთ, რომ ბავშვი ზრდილობიანად ითხოვდეს რაიმეს მიღებას, თავად უნდა მოახდინოთ მსგავსი ქცევის დემონსტრირება.

 

დარწმუნდით, რომ ბავშვი ასრულებს ინსტრუქციას. თუკი, ბავშვის ინსტრუქციის მიღების შემდეგ, არ იწყებს მის შესრულებას, დაელოდეთ რამდენიმე წუთი, შემდეგ გაუმეორეთ ინსტრუქცია და შეახსენეთ წესები - რა ხდება მაშინ, როდესაც ინსტრუქცია სრულდება და რა ხდება მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში.

 

bottom of page