top of page

                დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში საგანმანათლებლო დაწესებულებების დიდი ნაწილი დისტანციურ მომსახურებაზე გადავიდა და  მასწავლებლებისა და ბავშვების უშუალო და პირდაპირი კონტაქტი, ვიდეო გაკვეთილებით ჩანაცვლდა. ერთი მხრივ გაგვიმართლა, რომ ვცხოვრობთ ვიდეო და აუდიო ტექნოლოგიების ხანაში, რაც საშუალებას გვაძლევს ერთმანეთთან კომუნიკაცია ინტერნეტის საშუალებით დავამყაროთ და მასზე წვდომა ბევრ ადამიანს აქვს. ონლაინ სწავლების ერთ-ერთი უპირატესობაა, ის რომ იგი უზრუნველყოფს შორ მანძილზე მცხოვრებ პირებს შორის კომუნიკაციას, ასევე იძლევა საგაკვეთლო პროცესში სხვადასხვა ციფრული ტექნოლოგიის გამოყენების, მასალის ჩანაწერის გაკეთებისა და მისი მოგვიანებით ხელახლა ნახვის შესაძლებლობა.  

 

თუმცა, დისტანციურ სწავლებას, ამ და სხვა უპირატესობებთან ერთად, თავის უნიკალური გამოწვევებიც ახლავს თან როგორც მშობლებისთვის, ასევე მასწავლებლებისა და თავად ბავშვებისთვის. ონლაინ სწავლება ზღუდავს გრძნობის სხვადასხვა ორგანოების გამოყენებას,  მხედველობისა და სმენის გარდა, ასევე მოიცავს ნაკლებ სხეულის ენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაციის პროცესისთვის. ასევე, აღსანიშნავია,რომ დისტანციურ სწავლებას პერიოდულად თან ახლავს სხვადასხვა ტექნიკური პრობლემა, რომლებმაც შეიძლება შეაფერხონ სწავლების პროცესი. 

 

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის: 

ვიდეო გაკვეთილის მომზადების პროცესში, პირველ რიგში დაფიქრდით იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს თქვენთვის არაკომფორტული. მაგალითად, საკუთარი თავის ეკრანზე დანახვა ან მოწყობილობის მოხმარება. იმისათვის, რომ უკეთ მოემზადოთ ვიდეო გაკვეთილისთვის და თავიდან აირიდოთ დისკომფორტი, გაეცანით ქვემოთ მოცემულ რჩევებს: 

  • გამოყავით დრო მომზადებისთვის. შეისწავლეთ იმ აპლიკაციის ფუნქციები, რომელთა გამოყენებასაც გეგმავთ საგაკვეთილო პროცესისთვის.  

  • შეიმუშავეთ ვიდეო გაკვეთილის წესები, რომლებიც გარკვეულწილად განსხვავებული იქნება ტიპური გაკვეთილის წესებისაგან. განსაზღვრეთ, რა ფორმით უნდა დასვან მოსწავლეებმა კითხვები და კონკრეტულად, რა დროს. უმრავლესობას კითხვის დასმისთვის განკუთვნილი ღილაკი აქვს. გაუგებრობის თავიდან ასარიდებლად, შეგიძლიათ მოსწავლეებს აღნიშნული ფუნქციის გამოყენება სთხოვოთ. 

  • შეგიძლიათ შეარჩიოთ რაიმე ხმოვანი სიგნალი, გაკვეთილის დაწყებისა და დასრულების აღსანიშნავად.

  • შეიმუშავეთ გეგმა იმ შემთხვევებისთვის, თუკი შეგექმნებათ ტექნიკური სირთულეები და აღნიშნული გეგმა მოსწავლეებს სესიის დაწყებამდე გააცანით. განსაკუთრებით უმცროსკლასელებისთვის, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ თუ ეკრანი “გაიყინება” ან სხვა ტექნიკური ხარვეზი გაჩნდება. აუხსენით, თუ რას მოელით მათგან ასეთ შემთხვევაში. მაგალითად, ის რომ უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე, მიმართონ სახლში რომელიმე მოზრდილს დახმარებისთვის, ასევე ხაზი გაუსვით, რომ არ უსაყვედურებთ, თუკი ტექნიკური სირთლეების გამო ვეღარ შეძლებენ საგაკვეთილო პროცესში ჩართვას. 

  • მოსწავლეთა მეტი ჩართულობისთვის, გამოიყენეთ თვალსაჩინო და აუდიო მასალა. 

  • გაითვალისწინეთ, რომ დისტანციური გაკვეთილების დროსაც კი შესაძლებელია ფიზიკური აქტივობის განხორციელება. მოაწყვეთ მცირეხნიანი შესვენებები, რომლის დროსაც ბავშვებს მოძრაობის საშუალება ექნებათ, მაგალითად გაწელვა ან ცეკვა. თუ რომელიმე ბავშვს ერიდება სხვების თანდასწრებით ცეკვა, მიეცით ნება გამორთოს ვიდეო კამერა აღნიშნული აქტივობის დროს. 

  • სასურველია იქონიოთ რეგულარული კონტაქტი მშობლებთან. ჰკითხეთ, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ბავშვებს ვიდეო-გაკვეთილების მიმართ. თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე მოსწავლეს აქვს გარკვეული სირთულეები, მისი წახალისებისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით,  უმჯობესია მასთან ინდივიდუალური, მცირეხნიანი, (დაახლოებით 5-10 წთ) კონტაქტის დამყარება. 

 

რეკომენდაციები მშობლებისთვის: 

 

  • განუმარტეთ ბავშვს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ვიდეო გაკვეთილის დროს, მაგალითად, ის რომ  სასურველია უყუროს ეკრანს, გამორთოს კამერა, თუკი საპირფარეშოში უნდა გასვლა ან ცხვირის მოწმენდა სურს, ასევე გამორთოს ხმა, როდესაც თავად არ საუბრობს და ა.შ.

  • ვიდეო ჩართვების შემდეგ, ესაუბრეთ ბავშვს. უფროსი ასაკის ბავშვებს ჰკითხეთ, თუ რამ ჩაიარა კარგად ან რა იყო ახალი, რაც ისწავლეს კონკრეტული ჩართვის შემდეგ. უმცროსკლასელები კი შეაქეთ იმისთვის, რომ მოუსმინეს ვიდეო ჩართვას. გამოიყენეთ სპეციფიკური შექება- შეაქეთ ბავშვი კონკრეტული ქცევისთვის, მაგალითად უთხარით: “ ვნახე, რომ ყურადღებით და წყნარად უსმენდი მასწავლებელს, როცა ის მოთხრობას გიკითხავდათ. ყოჩაღ!”

  • დარწმუნდით, რომ ის სივრცე, საიდანაც ბავშვი ვიდეო გაკვეთილში ერთვება, თავისუფალია ყურადღების გამფანტავი სტიმულებისგან.

  • შეიმუშავეთ გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ტექნიკური სირთულეების შემთვევაში, დარწმუნდით რომ ბავშვი კარგად იცნობს გეგმას და მისთვის მარტივია მისი შესრულება.

bottom of page