რეკომენდაციები პანდემიის პერიოდში
მხედველობითი დარღვევების მქონე პირებისთვის
პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა, მნიშვნელოვნად შეცვალა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური ცხოვრება, თუმცა მან განსხვავებული გამოწვევების წინაშე დააყენა მხედველობითი დარღვევის მქონე ბავშვები და მათი ოჯახები. ქვემოთ აღწერილია ის სირთულეები, რომელიც განსაკუთრებით საყურადღებოა მათ შემთხვევაში:
-
შესაძლოა გარკვეულ შემთხვევებში მათთვის არ იყოს მისაწვდომი დეტალური ინფორმაცია კორონა ვირუსთან დაკავშირებული საფრთხეების, რეკომენდაციებისა თუ სიახლეების შესახებ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ არ არიან თანამედროვე ელექტრონული და ციფრული მოწყობილობების მომხმარებლები.
-
გარემოში ორიენტაციისთვის ისინი ხშირად ფიზიკურ შეხებას იყენებენ- ხელით შეხებით ეძებენ სასურველ ნივთს ან ადამიანს, რომელიც გადაადგილებაში დაეხმარებათ. ასეთი ქმედება სარისკოა პანდემიის პირობებში და წინააღმდეგობაში მოდის ჯანდაცვის ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციასთან, რომელიც სოციალური დისტანციის დაცვას უკავშირდება.
-
შეიძლება გაუჭირდეთ სოციალური დისტანციისთვის დაწესებული მანძილის ზუსტად განსაზღვრა მაღაზიებში ან სხვა საჯარო სივრცეში. მათ ხშირად ესაჭიროებათ სხვადასხვა ტიპის ასისტირება სახლის პირობებში თუ მის გარეთ.
-
ზოგიერთ მათგანს არ აქვთ მანქანის მართვის უფლება, რაც უზღუდავთ გადაადგილებასა და საჭირო მომსახურებების მიღების შესაძლებლობას.
აღნიშნული რისკების გამო, მნიშვნელოვანია დამატებითი რეკომენდაციების გათვალისწინება როგორც თავად მხედველობითი დარღვევების მქონე ადამიანების და მათი ოჯახის წევრების, ასევე, საზოგადოების მხრიდან.
რეკომენდაციები მხედველობის დაქვეითებული პირებისთვის:
-
სახლის პირობებში და განსაკუთრებით სახლის გარეთ სხვადასხვა ზედაპირზე, საგნებზე შეხების შემდგომ, რეგულარულად დაიმუშავეთ სადეზინფექციო ხსნარით და/ან დაიბანეთ ხელები. რადგან მხედველობის დარღვევის მქონე ადამიანს უფრო მეტად უწევს გარემოსთან ფიზიკური შეხება ეს რეკომენდაცია განსაკუთრებით გასათვალისწინებელია
-
რეგულარულად დაამუშავეთ სადეზინფექციო ხსნარით დამხმარე ხელსაწყოები ასეთის არსებობის შემთხვევაში: ხელჯოხი, სათვალე, პროთეზი და მათი შესანახი ყუთები.
-
გადაადგილებაში დახმარების მიღების შემთხვევაში, დამხმარე პირს ჩაეჭიდეთ მხარზე, და არა მკლავზე/იდაყვზე და ნუ მიუტანთ სახეს ახლოს.
-
გარშემომყოფებისგან ფიზიკური დახმარების მიღების შემდგომ, სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშავეთ ან/და დაიბანეთ ხელები.
რეკომენდაციები მხედველობის დარღვევის მქონე პირების ოჯახის წევრებისა და გარშემომყოფთათვის:
-
უზრუნველყავით მხედველობის დარღვევის მქონე პირისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება კორონა ვირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე სიტყვიერი ფორმით.
-
დაიცავით სოციალური დისტანციისთვის დაწესებული მანძილი და დადექით მხედველობითი სირთულეების მქონე ადამიანისგან დაახლოებით ორი მეტრის მოშორებით.
-
მხედველობის დარღვევის მქონე პირისთვის დახმარების აღმოჩენამდე, დააზუსტეთ, სჭირდება თუ არა მას იგი და კონკრეტულად, რა ფორმით.
-
დახმარების აღმოჩენისას გაითვალისწინეთ, რომ ნაკლებად ეფექტური შეიძლება იყოს ისეთი სიტყვიერი მითითებები, როგორიცაა “მანქანის სავალი ნაწილი იწყება და ფრთხილად იყავით”, განსაკუთრებით, თუ მხედველობითი დარღვევის მქონე პირი მისთვის უცნობ გარემოში იმყოფება. როგორც აღვნიშნეთ, პირველ რიგში მოიპოვეთ სიტყვიერი თანხმობა დახმარების მიღებასთან დაკავშირებით, შემდეგ კი შესთავაზეთ მას ფიზიკური მხარდაჭერის გაწევა, მაგალითად, გზის გადაკვეთის პროცესში.
-
თუკი ახლო მანძილზე იმყოფებით მხედველობის დარღვევის მქონე პირთან და თან გახლავთ ძაღლი, ეცადეთ გააფრთხილოთ ამის შესახებ.
-
თუკი თავად მხედველობითი დარღვევის მქონე პირს ახლავს ძაღლი, მოერიდეთ მასთან ნებისმიერ კონტაქტს: არ მოეფეროთ გამცილებელ ძაღლს. არ მიმართოთ სახელით, არ დაამყაროთ თვალით კონტაქტი, არ გამოკვებოთ ან დაელაპარაკოთ მას.