top of page

როგორ დავგეგმოთ სასწავლო აქტივობები ყურადღების კონცენტრაციის სირთულის მქონე ბავშვთან სახლის გარემოში?

რა არის ყურადღება?

ყურადღება ერთ-ერთი შემეცნებითი უნარია, რომელიც გვეხმარება ვკონცენტრირდეთ სასურველ საქმიანობაზე და იგნორირება გავუკეთოთ გარშემო მიმდინარე სხვა გამღიზიანებლებს. ყურადღების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლის პროცესში და არ არის გასაკვირი, რომ ბავშვებს, რომელთაც აღენიშნებათ ყურადღების სირთულეები, როგორც წესი პრობლემები აქვთ სწავლაშიც.  

 

ახლა, როდესაც კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის გამო სასწავლო პროცესი სახლის გარემოში მიმდინარეობს, ოჯახის წევრების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.   ქვემოთ მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინება სწორედ ამაში დაგეხმარებათ: 

shemcireba.jpg
yuradgebis gadartva.jpg
akademiuri.jpg
aktivobebis dakopa.png
fizikuri.png
waxaliseba.jpg

შეამცირეთ ხმაური სამუშაო გარემოში 

ხმაურიან გარემოში მუშაობა არავის მოსწონს, რადგან ეს ყურადღების კონცენტრაციის ხარისხს მნიშვნელოვნად ამცირებს.  თუმცა ყურადღების კონცენტრაციის სირთულის დროს ეს დამატებითი გამოწვევაა და შეიძლება ძალიან ხელისშემშლელი აღმოჩნდეს ბავშვისთვის. შესაბამისად, ფიზიკური გარემოს სწორად დაგეგმვას წამყვანი როლი აქვს. იდეალურია, როდესაც ბავშვს აქვს გამოყოფილი სივრცე სამეცადინოდ, თუმცა    თუ სხვადასხვა მიზეზების გამო ეს ვერ ხერხდება, შესთავაზეთ მას გამოიყენოს ყურსასმენები ხმაურის დახშობის მიზნით ან/და ეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ გარემოში არსებული ხმაური, იქნება ეს ტელევიზორის ხმა თუ ოჯახის წევრების საუბარი. 

 

შეამცირეთ ყურადღების გადამრთველი სტიმულების რაოდენობა სამუშაო გარემოში

სამეცადინო მაგიდა დადგით კედელთან, თავად ბავშვი კი  სახით კედლისკენ დასვით, რათა არ გადაერთოს ყურადღება ადამიანების მოძრაობასა და ან გარემოში არსებულ სხვა გამღიზიანებლებზე. მაგიდაზე  მხოლოდ ის ნივთები მოათავსეთ, რაც კონკრეტული დავალების შესასრულებლად სჭირდება. 

 

   აკადემიური აქტივობები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ

დაღლილობა მნიშვნელოვნად აქვეითებს ყურადღების კონცენტრაციის უნარს და ამიტომ, უმჯობესია ისეთი აქტივობები, რომელიც ყურადღების ხანგრძლივ და ინტენსიურ ჩართულობას მოითხოვს, დღის პირველ ნახევარში დავგეგმოთ.

 

დაყავით დიდი აქტივობა შედარებით მცირე აქტივობებად

ყურადღების სირთულე ხშირად დაკავშირებულია არა მხოლოდ ყურადღების კონცენტრაციასთან, არამედ დავალებაზე ყურადღების ხანგრძლივ შენარჩუნებასთან. ასეთ დროს ბავშვი ადვილად იღლება, და თავს ანებებს დავალების შესრულებას. ამასთანავე,  ხანგრძლივად შესასრულებელი დავალებების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება უყალიბდება.

ასეთ შემთხვევაში, სასურველია ხანგრძლივი დავალება მცირე ნაბიჯებად დაყოთ. მაგალითად, 45 წუთიანი აქტივობა, 15 წუთიან აქტივობებად, შუალედში კი მიეცით ბავშვს 1-2 წუთიანი შესვენების საშუალება. ასეთი მიდგომა, ერთი მხრივ  ყურადღების კონცენტრაციას გააუმჯობესებს,  მეორე მხრივ კი თავიდან აგვარიდებს კონკრეტული აქტივობის მიმართ ნეგატიური განწყობის ჩამოყალიბებას. 

 

 

დაგეგმეთ ფიზიკური აქტივობა

 

ფიზიკური აქტივობის დროს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება, რაც დადებითად აისახება ყურადღების ფუნქციას მუშაობაზე. პანდემიის პირობებში,  სასურველია დღის განმავლობაში დავგეგმოთ ისეთი ფიზიკური აქტივობები, რომელთა შესრულება სახლის გარემოშია შესაძლებელი, მაგალითად, ცეკვა, სიმღერა და ეცადეთ მისცეთ მათ სახალისო ფორმა.  

 

დააინტერესეთ და წაახალისეთ

 

ყურადღების კონცენტრაცია გაცილებით მარტივია მაშინ, როდესაც აქტივობა ბავშვისთვის საინტერესოა. ალბათ, თქვენც გაგახსენდათ შემთხვევა, როდესაც ბავშვისთვის არ  დაგჭირდათ შენიშვნის მიცემა, რადგან სასწავლო მასალით ძალიან იყო დაინტერესებული იყო.  ბავშვის მოტივირება  დავალებების  საინტერესო ფორმით მიწოდებისა და წახალისების სისტემის შექმნით არის შესაძლებელი. ამასთან, არ დაგავიწყდეთ ბავშვის შექება დავალების შესრულებაზე დახარჯული ძალისხმევისთვის. 

bottom of page