შფოთვითი აშლილობის/მომატებული შფოთვის მქონე ბავშვის მხარდაჭერა კორონავირუსის პანდემიის დროს
კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, ადამიანთა უმრავლესობა განიცდის შფოთვას, რომელიც გარკვეული დოზით, სასარგებლოც კია, რადგან გვაიძულებს სერიოზულობით მივუდგეთ არსებულ საფრთხეს. თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც შფოთვა გადაჭარბებულია, იგი პირიქით, ხელს გვიშლის საფრთხესთან გამკლავებასა და ზოგჯერ, ყოველდღიურ ფუნქციონირებაშიც კი. ბავშვების ნაწილი, მიდრეკილია სწორედ ასეთი გადაჭარბებული შფოთვისკენ.
ვირუსთან დაკავშირებული შფოთვა ბავშვებში შესაძლოა სხვადასხვა სახით ვლინდებოდეს: მაგალითად, ბავშვი შესაძლოა გადაჭარბებულ ინტერესს იჩენდეს ვირუსთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის მიმართ, ზედმეტ ყურადღებას უთმობდეს ჰიგიენური პროცედურების დაცვას; ღელავდეს, როდესაც ოჯახის რომელიმე წევრს უწევს სახლის დატოვება. აღელვების გარდა შფოთვას შეიძლება თან ახლდეს ფიზიკური ჩივილებიც, მაგალითად მუცლის ტკივილი, სუნთქვის სირთლეები. თუკი, ბავშვის ქცევასა და ემოციურ მდგომარეობაში მსგავს ცვლილებებს ამჩნევთ, სასურველია ვირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის მისთვის გაზიარება ჩვეულებრივზე მეტი სიფრთხილით უნდა მოხდეს, რაშიც ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები დაგეხმარებათ:
-
გაარკვიეთ რა იცის ბავშვმა მიმდინარე მოვლენების შესახებ: მომატებული შფოთვა შეიძლება გამოწვეული იყოს იმ ფაქტით, რომ ბავშვი მცდარ ინფორმაციას ფლობს ვირუსის მოქმედების შესახებ, რაც არასწორი წარმოდგენების შექმნას განაპირობებს. მაგალითად, დამახინჯებული ინფორმაციის მიღების შედეგად, ბავშვს შესაძლოა შემდეგი აზრი ჩამოუყალიბდეს - “ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში სიკვდილი გარდაუვალია”. შესაბამისად, პირველ რიგში დააზუსტეთ თუ კონკრეტულად რა სმენია კორონავირუსისა და პანდემიის თანმხლები შედეგების შესახებ, რათა დარწმუნდეთ რომ მისი წარმოდგენები არ არის გაზვიადებული ან დამახინჯებული. შეუსწორეთ ნებისმიერი მცდარი წარმოდგენა და უპასუხეთ შეკითხვებს გულახდილად, ასაკის შესაბამისი და დამარწმუნებელი ენით. ინფორმაციის მიწოდებისას, განუმარტეთ, რომ თქვენ მხოლოდ ოფიციალურ, სანდო წყაროებს ეყრდნობით.
-
მიეცით ბავშვს საშუალება გამოხატოს არსებული შიში და შფოთვა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით: გაიგეთ რა განცდები აქვთ ბავშვს პანდემიასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვით, რომ გარკვეული დოზით, შფოთვა ბუნებრივია. მოერიდეთ, ისეთ ფრაზებს, როგორიცაა “არ ინერვიულო” ან “ყველაფერი კარგად იქნება”, ამის ნაცვლად აუხსენით, რომ თქვენ და მის გარშემო არსებული სხვა მოზრდილები ყველაფერს აკეთებთ რაც შეგიძლიათ მათი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვისთვის და რომ ამით ამცირებთ დაავადების რისკებს. გახსოვდეთ, რომ მიზანს წარმოადგენს ის, რომ ბავშვს გააჩნდეს რისკების რეალისტური აღქმა მისთვის ხელმისაწვდომ, სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით. შესთავაზეთ უფრო დაბალანსებული ხედვა- ხაზი გაუსვით რომ მდგომარეობა რთულია, მაგრამ დროებითი და ცხოვრება დაუბრუნდება ჩვეულ მდგომარეობას.
-
განაგრძეთ თერაპიული სესიები პანდემიის პირობებში: იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვი შფოთვასთან დაკავშირებული სირთულეების გამო პანდემიის დაწყებამდე გადიოდა თერაპიის კურსს, სასურველია მისი გაგრძელება მოცემულ პერიოდში ან იმ უნარებზე ვარჯიშის გაგრძელება, რომელსაც თერაპიის პროცესში დაუეფლა, მაგალითად შფოთვის გამომწვევი აზრების ამოცნობა, მათი შემოწმება, სუნთქვითი ვარჯიშები და სხვა.
-
მიეცით შფოთვის დაძლევის მაგალითი: ბავშვები ემოციების მართვასა და დაძლევის გზების ხშირად მოზრდილებისგან სწავლობენ, ამიტომ ეცადეთ თავად მისცეთ ემოციურ მდგომარეობასთან გამკლავების მისაბაძი მოდელი.
თუკი ფიქრობთ, რომ თქვენს შვილს სჭირდება დამატებითი მხარდაჭერა, მიმართეთ დახმარებისთვის სპეციალისტს.