top of page

ფიზიკური სავარჯიშოები, რომელთა შესრულებაც  სახლის გარემოში შეიძლება 

ფიზიკური აქტივობა ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ხელს უწყობს ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, კუნთებისა და ძვლების გაძლიერებას, სახსრების  მობილურობის და მოქნილობის გაზრდას და ზოგადად, დადებით გავლენას ახდენს ბავშვის ყოველდღიურ აქტივობებში ჩართულობაზე. Ამიტომ, ვარჯიში რეკომენდებულია ყოველდღიურად, თუმცა მისი ხანგრძლივობა და ინტენსოვობა ინდივიდუალურია. 

ვარჯიშის დაწყებამდე, გაითვალისწინეთ ბავშვის ფიზიკური უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები:

  • დარწმუნდით, რომ არ არსებობს  წონასწორობის დაკარგვის და დაცემის რისკი.

  • Სავარჯიშო ადგილას არ უნდა იყოს ბასრი, მახვილ კუთხეებიანი ან სხვა საფრთხის შემცველი ნივთები, თუ ავეჯი.

  • სავარჯიშოები უნდა შესრულდეს საშუალო ტემპით და არ განხორციელდეს ძალისმიერად.

  • ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, დამატებითი რეკომენდაციებისთვის  მიმართეთ ფიზიკურ და ოკუპაციურ თერაპევტებს.

გთავაზობთ რამდენიმე სავარჯიშოს, რომლის შესრულებაც შესაძლებელია სახლის პირობებში. 

ვარჯიში I - მიბრუნება და გადახრა. გამოიყენეთ სავარჯიშო ბურთი ან სკამი, რომელზეც ჯდომის დროს ბავშვი თანმიმდევრულად მიაბრუნებს ტანს ჯერ მარჯვენა და შემდეგ მარცხენა მხარეს. ხოლო მოგვიანებით, უნდა გადაიხაროს გვერდზე, ორივე მხარეს. 

asd.png

ვარჯიში II - ადგილზე სიარული. ჯდომის ან დგომის დროს ბავშვი ამოძრავებს კიდურებს და ადგილზე დგამს ნაბიჯებს.

asd.png

ვარჯიში III - ფეხების და ხელების შეთანხმებული მოძრაობა. ჯდომისას ან დგომისას ბავშვი თანმიმდევრულად ამოძრავებს ხელებსა და ფეხებს. ხელების გაშლის დროს, ფეხებს ადგამს ერთმანეთს და პირიქით - ფეხების გაშლის დროს ხელებს ადებს ერთმანეთს (უკრავს ტაშს).

Picture1.png

ვარჯიში IV - სკამიდან წამოდგომა. ზოგჯერ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ჰქონდეს რაიმე საყრდენი წინ, რომელსაც ჩაეჭიდება წამოდგომის შემდეგ. წამოდგომამდე უნდა დაჯდეს მყარად სკამის ნაპირზე, ორივე ტერფი დააყრდნოს იატაკს და გადმოიხაროს ოდნავ წინ. შემდეგ ორივე ხელით კვლავ დაეყრდნოს სკამის საჯდომს ან ერთი ხელით ჩაეჭიდოს წინ არსებულ საყრდენს/მოაჯირს და წამოდგეს. 

Picture2.png

ვარჯიში V - ბურთიდან წამოდგომა. დაეხმარეთ წონასწორობის დაცვასა და უსაფრთხო პოზის შენარჩუნებაში. ბურთზე ჯდომისას ბავშვის ტერფები მყარად უნდა ეხებოდეს იატაკს. თავდაპირველად სთხოვეთ, რომ  რამდენჯერმე იხტუნოს ბურთზე დამჯდარ მდგომარეობაში ან გააკეთოს რწევითი მოძრაობები და შემდეგ ინერციით წამოდგეს ისე, რომ წინ ჩაეჭიდოს რაიმეს და გაიმართოს. წონასწორობის შესანარჩუნებლად ტერფები მყარად და განზე უნდა დააყრდნოს იატაკს. 

Picture3.png

ვარჯიში VI - მოძრაობა იატაკზე არსებული ნიშნულების მიხედვით და გადახტომა. იატაკზე გარკვეული თანმიმდევრობით დაალაგეთ ნიშნულები ისე, რომ ბავშვს მასზე გადაადგილების დროს მოუწიოს სხვადასხვა მოძრაობის შესრულება. მაგალითად: ორივე ან ცალი ფეხით გადახტომა, სხეულის მობრუნება, ხელების და ფეხების კოორდინირებული მოძრაობები და სხვა. 

Picture4.png
bottom of page