სრულფასოვანი დასვენება და მისი დადებითი შედეგები
ყოველდღიურად თითოეული ჩვენგანი სხვადასხვა სოციალურ როლს ასრულებს, იქნება ეს სახლში, სამსახურში თუ სხვა გარემოში. აღნიშნულ „სოციალურ როლებს“ კი დადებით ემოციებთან ერთად თავისი ფუნქცია-მოვალეობები მოყვება, რაც ჩვენგან მუდმივ ჩართულობას და აქტიურობას მოითხოვს. გადატვირთული გრაფიკის ფონზე ხშირად არ გვრჩება დრო საკუთარი თავისთვის და სრულფასოვანი დასვენებისთვის. ეს პირდაპირი გზაა „ემოციური გადაწვისკენ“.
თქვენ გჭირდებათ სრულფასოვანი დასვენება, თუ:
-
ბოლო პერიოდში ხშირად განიცდით ენერგიის ნაკლებობას, თქვენი პროდუქტულობა სამსახურში ან ყოველდღიური აქტივობების შესრულების დროს, მნიშვნელოვნად არის დაქვეითებულია.
-
ბოლო პერიოდში ყოველდღიური გარემო თქვენთვის ძალიან სტრესული ან უინტერესოა და ამისათვის არ აქვთ კონკრეტული მიზეზი. ადვილად ბრაზდებით, გაქვთ ირონიული დამოკიდებულება გარშემომყოფების მიმართ, რაც იწვევს პრობლემებს ურთიერთობებში;
-
ხშირად გაქვთ გამოფიტვის, ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება, ვერ ახერხებთ გამოძინებას ან ძილის მიუხედავად, დილით მაინც დაღლილი იღვიძებთ.
-
გაქვთ ფიზიოლოგიური ჩივილები - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ან სხვა სიმპტომები, სამედიცინო კვლევებით კი არ დასტურდება რაიმე პათოლოგიის არსებობა.
თუ მართლაც ასეა, დროა გამოყოთ დრო საკუთარ თავისთვის და შეძლებისდაგვარად დაგეგმოთ დასვენება. გაითვალისწინეთ, რომ დასვენება, არა მხოლოდ ყოველდღიური გარემოდან ფიზიკურად დისტანცირებას, არამედ გონებით, ჩვეულ საზრუნავზე ფიქრისგან დროებით დასვენებასაც მოიცავს.
მაინც რაში გვეხმარება სრულფასოვანი დასვენება?
-
აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას და მეხსიერებას. ყველასთვის ცნობილია, რომ სტრესი და გადაღლა ყურადღების და მეხსიერების ფუნქციონირების გაუარესებას იწვევს. დასვენება კი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ამ ორი ფსიქიკური ფუნქციის მუშაობას.
-
ხელს უწყობს კრეატიულობის განვითარებას - ხშირად ყოველდღიურ რუტინაში ისე ვართ ჩაფლული, რომ ახალი იდეებისთვის დრო აღარ გვრჩება. საკუთარ თავთან განმარტოება შეიძლება ახალი იდეების აღმოჩენაში დაგვეხმაროს, ან უკვე არსებულ სიტუაციაზე ახლებური გზით დაგვაფიქროს.
-
ამცირებს დეპრესიის განვითარების რისკს - დასვენება გვეხმარება საკუთარ ემოციებზე და აზრებზე დაფიქრებაში. ქრონიკული სტრესი კი შეიძლება ემოციური სფეროს დარღვევების განვითარების მაპროვოცირებელი გახდეს.
-
ხელს უწყობს ურთიერთობის გაუმჯობესებას - საკუთარ თავთან დროის გატარება და გარკვეულ საკითხებზე დაფიქრება გვეხმარება იმის გარკვევაში, თუ რა გვინდა სინამდვილეში, რაც თავის მხრივ პოზიტიურად აისახება ჩვენს სოციალურ ურთიერთობებზე.
-
და ბოლოს, იმისათვის, რომ გარშემომყოფებს თავი კარგად აგრძნობინოთ და ვიზრუნოთ მათზე, პირველ რიგში მნიშვნელოვანია ჩვენ ვგრძნობდეთ თავს კარგად.