top of page

გავრცელებული მითები აუტიზმის შესახებ

აუტიზმი ნეიროგანვითარების ერთ-ერთი დარღვევაა  და როგორც ყველა სხვა დიაგნოზის შემთხვევაში, მასთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში ბევრი მითია გავრცელებული.

ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

- აუტიზმის მქონე პირები არ მეტყველებენ: 

  • აუტიზმი ნეიროგანვითარების დარღვევაა, რომლის მახასიათებლების გამოვლენაც შესაძლოა ცვალებადობდეს. მეტყველების სირთულეები აღნიშნული დიაგნოზის მქონე ინდივიდებთან სხვადასხვა სიმწვავით ვლინდება, ერთ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს სოციალური სიტუაციის შესაბამისი კომუნიკაციის დამყარების სირთულე, მაშინ როდესაც უკიდურეს შემთხვევაში მეტყველების სრული არ ქონა გვხვდება

- აუტიზმის მქონე ყველა პირი “გენიოსია” და აქვთ განსაკუთრებული მეხსიერება:

  • აუტიზმის მქონე თითოეულ ინდივიდს საკუთარი ძლიერი მხარეები და საჭიროებები გააჩნია, ისევე, როგორც ნებისმიერ პირს.შესაბამისად, მართალია, არის შემთხვევები, როდესაც აუტიზმის მქონე პირს განსაკუთრებულად კარგი ვიზუალური მეხსიერება აქვს, თუმცა ეს აღნიშნული ნეიროგანვითარაების დარღვევის არსებითი ნიშანი არ არის. 

 

- აუტიზმი გამოწვეულია აცრებით: 

  • არ არსებობს არც ერთი კვლევა, რომელიც აცრებსა და აუტიზმს შორის არსებულ კავშირს დაადასტურებს. იყო ვარაუდო, რომ აცრებში შემავალი სხვადასხვა ნივთიერებები იწვევდა აუტიზმს, თუმცა ეს სამეცნიერო კვლევებით არ დადასტურდა. მიუხედავად იმისა, რომ აკრძალეს კონკრეტული აცრების გამოყენება, აუტიზმის გავრცელების მაჩვენებელი იმ რეგიონში არ შემცირებულა. შესაბამიად, ამ ეტაპზე რომელიმე ტიპის ვაქცინის კავშირი აუტიზმთან არ დასტურდება.

 

- აუტიზმი გამოწვეულია  მშობლის არასწორი მიდგომით ან აღზრდის სტილით: 

  • აუტიზმის გამომწვევი ერთი, კონკრეტული მიზეზი არ არის დადგენილი. ამასთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა ჰიპოთეზა და მიჩნეულია, რომ კონკრეტული გენეტიკური და გარემო ფაქტორების არსებობა ზრდის აუტიზმის განვითარების რისკს. მშობლის არასწორი აღზრდის სტილი შეიძლება გახდეს მდგომარეობის რეგრესის ან განვითარების ხელშემშლელი მიზეზი, თუმცა ვერ იქნება უშუალოდ გამომწვევი მიზეზი. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ აუტიზმის მქონე ბევრ ბავშვს მზრუნველი და ბავშვის საჭიროებებზე ორიენტირებული მშობლები ჰყავთ.

 

- აუტიზმის მქონე ყველა პირს აქვს ინტელექტუალური განვითარების დარღვევა: 

  •  აუტიზმის ძირითადი მახასიათებლებია კომუნიკაციისა და სოციალური ურთიერთობების დამყარების სირთულეები, ასევე შეზღუდული და სტერეოტოპული ქცევები. აუტიზმს შეიძლება ახლდეს ინტელექტუალური განვითარების დარღვევის რომელიმე ხარისხი, თუმცა, ასევე შეიძლება, რომ ინტელექტუალური ფუნქციონირება იყოს საშუალო ან საშუალოზე მაღალი. ასეთ დროს მდგომარეობა მოიხსენიება, როგორც მაღალფუნქციური აუტისტური სპექტრი.

 

- აუტიზმის მქონე პირები ვერ სწავლობენ: 

  • დროული და სწორი შეფასების საფუძველზე, ძლიერი მხარეების და საჭირობების განსაზღვრის,  სწავლების შესაბამისი მეთოდებისა და მხარდაჭერის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების აქტიურად ჩართვა სასწავლო პროცესში. 

- აუტიზმის განკურნება შესაძლებელია: 

  •  აღნიშნული დარღვევა ინდივიდის მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარე მდგომარეობაა და მისი განკურნება შეუძლებელია, თუმცა დროული და სწორი ჩარევის შემთხვევაში, აუტიზმის მქონე პირებს შეუძლიათ დამოუკიდებლად ფუნქციონირება და ნაყოფიერი ცხოვრების გაგრძელება. 

 

- აუტიზმის მქონე პირები არ განიცდიან სხვადასხვა ემოციას. 

  • სხვა ადამიანების მსგავსად, აუტიზმის მქონე პირებიც განიცდიან სხვადასხვა ემოციებს, მაგალითად, სიხარულს, სევდას. თუმცა, მათ განსხვავებული ფორმით გამოხატავენ. რაც ხშირად შთაბეჭდილებას ტოვებს,რომ ისინი ემოციებს არ განიცდიან. მათთვის ასევე სირთულეს წარმოადგენს გარშემომყოფთა ემოციების ამოცნობა, რაც სიტუაციის შესაფერისი ემოციის გამოხატვას ართულებს. 

bottom of page