ფუნქციური აკადემიური უნარები
ფუნქციური აკადემიური უნარები ყოველდღიურ ცხოვრებისეულ სიტუაციებში წერის, კითხვის, მათემატიკისა და სხვა აკადემიური ცოდნის გამოყენებას უკავშირდება. აღნიშნული უნარების დაუფლება უმნიშვნელოვანესია ინდივიდის დამოუკიდებელი ფუნქციონირებისთვის.
ქვემოთ მოცემულია ფუნქციური აკადემიური უნარების რამდენიმე მაგალითი:
-
ფუნქციური კითხვა - ჩვენს ირგვლივ, ყველგან გარკვეული ნიშნები, სიმბოლოები და წარწერებია. დამოუკიდებლად და უსაფრთხოდ ფუნქციონირებისთვის ამ ნიშნების და სიმბოლოების ცოდნა და თანმხლები წარწერების წაკითხვა მნიშვნელოვანია. რეკომენდებულია ბავშვს ვასწავლოთ ისეთი ბაზისური ნიშნები თუ წარწერები, რომლებიც შეხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მაგალითად:
-
შენობის „შესასვლელი“ და „გასასვლელი“- რომელიც შეიძლება აღნიშნული იყოს ქართული ან/და ინგლისურენოვანი წარწერით, ან მხოლოდ სიმბოლოს გამოყენებით.
-
მაღაზიის ან სხვა დაწესებულების კარზე განთავსებული წარწერა „ღია“ და „დახურული“ - ასევე შეიძლება იყოს აღინიშნებოდეს ქართული ან/და ინგლისურენოვანი წარწერით.
-
საგზაო უსაფრთხოების ნიშნები - ხშირ შემთვევაში წარმოდგენილია სიმბოლოების სახით, რომელთა ცოდნაც მნიშვნელოვანია ფეხით მოსიარულეთათვის.
-
მიმართულების მანიშნებელი სიმბოლოები - საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მითითებული ნიშნების და მარშრუტის წაკითხვა.
-
ქვითარზე, მენიუზე, საინფორმაციო ბროშურაზე, ბილეთებზე დატანილი წარწერები და სიმბოლოები - ასეთი მცირე ზომის, ხშირად გამოყენებადი ტექსტების წაკითხვა და მათი შინაარსის გაგების უნარი.
-
ფუნქციური წერა:
ხშირად გვიწევს ინფორმაციის გაზიარება წერილობითი ფორმით რისთვისაც გვჭირდება ფურცლისა და კალმის ან სხვა საშუალებების გამოყენება.
მაგალითად:
-
ფორმის შევსება - მაგალითად, სამედიცინო ანკეტა, სარეგისტრაციო ფორმა, სადაც საჭიროა საიდენტიფიკაციო ინფორმაციის (სახელი, გვარი, მისამართი, დაბადების თარიღი და ა.შ.) მითითება.
-
მოკლე ტექსტის შედგენა და ძირითადი ინფორმაციის გაზიარება - მაგალითად, მოსაწვევის დამზადება, წერილის ან მისალოცი ბარათის შექმნა, მიწერა ან/და მოკლე შეტყობინების გაგზავნა.
-
ფუნქციური მათემატიკა - თანამედროვე სამყაროში მათემატიკა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, დამოუკიდებლად ფუნქციონირება მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული მათემატიკური უნარების არსებობაზე.
მაგალითად:
-
ფულის გამოყენება - გულისხმობს ფულის ცნობას, დათვლას, ბიუჯეტის განაწილებას, რაიმეს ყიდვას - შესაბამისი თანხის გადახდას, ხურდის დათვლას;
-
დროის ცნობა - გულისხმობს არა მხოლოდ დროის დასახელებას, არამედ დროის მნიშვნელობის ცოდნას. მაგალითად, განსხვავების აღქმას 5 საათსა და 5 წუთს შორის.
-
დროის განაწილება და კონტროლი - რაიმე დავალების შესრულებისას.
-
კალენდრის გამოყენება კონკრეტული აქტივობების დაგეგმვისას- რაც თავის მხრივ მოითხოვს წელიწადის დროების, თვეების, კვირების, დღეებისა და მათ შორის არსებული მიმართებების ცოდნას;
როგორ შევუწყოთ ხელი ფუნქციური უნარების განვითარებას?
ზემოთ აღწერილი ფუნქციური უნარების სწავლება შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით, მაგალითად:
-
სიტუაციის მოდელირებით და როლური თამაშებით: ვთქვათ, ნიშნების ან/და სიმბოლოების სწავლებისთვის შეიძლება დამზადდეს ბარათები, რეალური „წარწერებისა“ ან/და „სიმბოლოების“ გამოსახულებით, რომლებიც გვხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
-
სუპერვიზია რეალურ ცხოვრებაში: სწავლება შეიძლება მოხდეს ყოველდღიურ სიტუაციებშიც. მაგალითად, ქუჩაში სეირნობისას ან თამაშის დროს, კონკრეტულ სიმბოლოზე ყურადღების გამახვილებითა და შესაბამისი ახსნა-განმარტებების მიწოდებით.