როგორ დავეხმაროთ ბავშვს ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებაში?
თითოეული ჩვენგანი განსხვავებულად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს, ფიზიკურ თუ ფსიქიკურ მახასიათებლებს, პიროვნულ თვისებებს და ა.შ. ასეთი შეფასებების შედარებით განზოგადებითი დამოკიდებულება კი ქმნის ჩვენს თვითშეფასებას. ბავშვები, რომელთაც მაღალი თვითშეფასება აქვთ, გამოირჩევიან თავდაჯერებულობით, საკუთარი თავის პოზიტიური აღქმით და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნების მაღალი ხარისხით. დაბალი თვითშეფასება კი დაკავშირებულია წარუმატებლობის განცდასთან და საკუთარი თავის უარყოფით შეფასებასთან.
აღსანიშნავია, რომ თვითშეფასების ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდან იწყება და მასზე მნიშვნელოვან გავლენას, სხვა ფაქტორებთან ერთად, მშობლებიც ახდენენ.
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებას?
-
მოერიდეთ ბავშვის პიროვნების უარყოფით შეფასებას და მის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენას: ისეთი განცხადებები, როგორებიცაა „როგორი ნელი, მოუწესრიგებელი, დაუფიქრებელი ხარ“, „უკვე დამღალე და შემაწუხე“, „ცოტა ხანი მაინც დამასვენე“ ხელს უწყობს უარყოფითი წარმოდგენის ჩამოყალიბებას საკუთარ თავზე;
-
ნუ შეადარებთ ბავშვს მის თანატოლებს ან თუნდაც და-ძმას: უარყოფითი შედარება სხვა ბავშვებთან, დაქვეითებული თვითშეფასების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს. გახსოვდეთ, რომ თითოეული ბავშვი განსხვავებულია და საკუთარი ძლიერი მხარეები და საჭიროებები გააჩნია.
-
გამოხატეთ ბავშვის მიმართ უპირობო სიყვარული: რაც გულისხმობს ბავშვის პიროვნების მიმღებლობას, მისდამი სიყვარულის გამოხატვას, იმის და მიუხედავად, ამართლებს თუ არა იგი თქვენს ან გარშემომყოფთა მოლოდინებს.
-
შეაფასეთ ბავშვის ქცევა და არა მისი პიროვნება: მნიშვნელოვანია, ბავშვმა იცოდეს, რომ ის მიღებულია და დაფასებულია, თუმცა, მის მიერ გამოვლენილი ცალკეული ქცევა შესაძლოა არ იყოს მისაღები. ასეთი შემთხვევაში, აქცენტი გააკეთეთ კონკრეტულ ქცევაზე, რომელიც თქვენს უკმაყოფილებას იწვევს და არა ბავშვის პიროვნების შეფასებაზე.
-
აქცენტი გააკეთეთ ბავშვთან გატარებული დროის ხარისხზე და არა ხანგრძლივობაზე: იყავით ყურადღებიანი, მოუსმინეთ ბავშვს და აგრძნობინეთ, რომ მისი აზრები, განცდები, შეხედულებები მნიშვნელოვანია თქვენთვის. შეგიძლიათ ამისათვის შეიმუშავეთ სხვადასხვა ოჯახური რიტუალი: ძილის წინ წიგნის წაკითხვა, ჩახუტება და კოცნა და ა.შ.
-
გააძლიერეთ თქვენი შვილის ოჯახისადმი, კულტურისა და საზოგადოებისადმი მიკუთვნებულობის განცდა: ოჯახთან და თემთან მიკუთვნილებისა და ერთობლიობის განცდა, ასევე დადებითად აისახება ბავშვის თვითშეფასებაზე. დაათვალიერებინეთ საოჯახო ალბომები, გაუზიარეთ ოჯახის წევრებთან და წინაპრებთან დაკავშირებული ისტორიები, მონაწილეობა მიიღეთ დღესასწაულებში, საზოგადოებრივ ან კულტურულ ღონისძიებებში; მოიწვიეთ სახლში თქვენი შვილის მეგობრები და გაიცანით ისინი. ასევე, წაახალისეთ თქვენი შვილი დაპატიჟოს თავის მეგობრები სახლში.
-
მიჰყევით ბავშვის ინიციატივას: დაგეგმეთ რეგულარული ან ერთჯერადი აქტივობების დრო, თქვენს შვილთან ერთად, რომლის ფარგლებშიც გააკეთებთ მხოლოდ იმას, რაც ბავშვს მოსწონს, მაგალითად ხატვა, თავსატეხების ამოხსნა, სამაგიდო თამაშების თამაში ან ნამცხვრების გამოცხობა.
-
დაეხმარეთ ბავშვს ახალი უნარების დაუფლებისა და გამოწვევების გადალახვის პროცესში: ხელი შეუწყვეთ იმას, რომ ბავშვმა გამოსცადოს სიახლეები, დაუეფლოს ახალ უნარებსა და გადალახოს გამოწვევები: მაგალითად, ისწავლოს ველოსიპედის ტარება ან რაიმე ახალი თამაში, გასინჯოს განსხვავებული საჭმელი ან თუნდაც, დაგეხმაროთ ყოველდღიურ საქმიანობაში. თუმცა, დარწმუნდით, რომ დასახული მიზნები რეალისტური და შესრულებადია და შეესაბამება ბავშვის ასაკსა და განვითარების დონეს.
-
დაეხმარეთ, მაგრამ არ გააკეთოთ მის ნაცვლად. მშობლების მიერ ბავშვის ნაცვლად პრობლემის მოგვარება, ბავშვს მშობელზე დამოკიდებულს ხდის და საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვებასაც უწყობს ხელს. იმსჯელეთ პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზებზე, თითოეული ვარიანტის შესაძლო შედეგებზე, თუმცა ეცადეთ საბოლოო გადაწყეტილების მიღება ბავშვს მიანდოთ.
-
აღნიშნეთ ბავშვის დიდი თუ მცირე წარმატებები და ხაზი გაუსვით მისი ძალისხმევის მნიშვნელობას: თვითშეფასებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენი მიღწევები და წარმატებები, ამიტომ მნიშვნელოვანია, აღნიშნოთ თქვენი შვილის ძალისხმევა და არა მხოლოდ მისი შედეგები. მაგალითად, „შენ ამ თავსატეხის ამოხსნა უამრავი სხვადასხვა ხერხით სცადე და საბოლოოდ სწორად ამოხსენი, ყოჩაღ!”ასწავლეთ თქვენს შვილს, რომ დაცემა სწავლის ნაწილია. მაგალითად, თუ ის ბურთს ვერ იჭერს, როდესაც დაჭერას ასწავლით, უთხარით „უფრო და უფრო ახლოს ხარ და მე ვხედავ, რამდენად კარგად ცდილობ დაჭერას“. საჭიროების შემთხვევაში კი შეგიძლიათ შეახსენოთ, თუ როგორ მოახერხა წარსულში მსგავსი სირთულის გადალახვა.
-
ბავშვის შექებისას იყავით კონკრეტული. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ უთხრათ „ყოჩაღ!“, უთხარით „მადლობა, რომ მოთმინებით იდექი რიგში“, რაც დაეხმარება ბავშვს გაიგოს კონკრეტულად რისთვის დაიმსახურა შექება.
-
თავად გახდით ბავშვისათვის მაგალითი. მნიშვნელოვანია, თავად მისცეთ ბავშვს თავდაჯერებულობის მაგალითი. შეგიძლიათ მის გასაგონად, სიტყვიერად შეაქოთ საკუთარი თავი და აღნიშნოთ, რომ რაღაც კარგად გამოგივიდათ. განიხილეთ თუ რა დაგეხმარათ წარმატების მიღწევაში. ასწავლეთ თქვენს შვილს საკუთარი თავისადმი თავაზიანად მოპყრობა, როდესაც ის წარუმატებლობას განიცდის. აქ შეიძლება თქვენ იყოთ მისთვის სამაგალითო, მაგალითად, „ახალი რეცეპტის მიხედვით გამოვაცხვე ნამცხვარი და ცოტა სასაცილო ფორმის გამოვიდა. მაგრამ არა უშავს, სამაგიეროდ გემრიელია“.