როგორ ვმართოთ მცირეწლოვანი ბავშვის ქცევა
მცირეწლოვანი ბავშვების მშობლების უმეტესობა ხშირად სვამს კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა სტრატეგიების გამოყენებააა მიზანშეწონილი ბავშვის ისეთი არასასურველი ქცევების მართვის მიზნით, როგორებიცაა ხელის დარტყმა, მშობლის თხოვნის ან ინსტრუქციის შესრულებაზე უარის თქმა და ა.შ. შესაბამისი სტრატეგიების შერჩევამდე, მნიშვნელოვანია, მშობლებმა გააცნობიერონ
მსგავსი ქცევების ყველაზე გავრცელებული მიზეზები:
_ბავშვს ჯერ სათანადოდ არ აქვს გამომუშავებული სოციალურად მისაღები ქცევების გამოვლენისთვის საჭირო უნარები. იმისათვის, რომ ბავშვმა მოახდინოს ქცევის რეგულაცია, მას უნდა შეეძლოს იმპულსის კონტროლი, საკუთარი ემოციური მდგომარეობის, მაგალითად იმედგაცრუების ამოცნობა, დასახელება და სოციალურად მისაღები გზებით გამოხატვა. მცირეწლოვან ასაკში კი, აღნიშნული უნარები მხოლოდ ჩამოყალიბების პროცესშია.
_ენისა და მეტყველების უნარების დეფიციტი. ქცევის რეგულაციისთვის საჭირო უნარების დეფიციტთან ერთად, მცირეწლოვან ასაკში ჯერ კიდევ სათანადოდ არ არის განვითარებული ენისა და მეტყველების უნარები. ბავშვს შესაძლოა უჭირდეს მიმართული მეტყველების გაგება, არ ჰქონდეს საკმარისი ლექსიკური მარაგი საკუთარი საჭიროებებისა და სურვილების გამოსახატად. მაგალითად, თუკი, მცირეწლოვან ბავშვს სურს სათამაშოს მიღება, მაგრამ ამ სურვილის სიტყვიერად გამოხატვას ვერ ახდენს, მან შესაძლოა მიმართოს პრობლემურ ქცევას - წაართვას სათამაშო თანატოლს.
_ ბავშვის ყურადღებისა და მეხსიერების ფუნქციებთან დაკავშირებული შეზღუდვები. მცირეწლოვან ასაკში ბავშვებისთვის სირთულეს შეიძლება წარმოადგენდეს ყურადღების მიმართვა და შენარჩუნება, როდესაც მშობელი ესაუბრება, აძლევს მითითებას. შედეგად, კი მათ უჭირთ ინსტრუქციის შესრულება. იგივე შეიძლება ითქვას მეხსიერებაზეც- ამ ასაკში მეხსიერების მოცულობა არის მცირე და აქედან გამომდინარე, უჭირთ დიდი მოცულობის მითითების დამახსოვრება და შესრულება.
_ტკივილი, დისკომფორტი, რუტინის ცვლილება: ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილები, გადაღლა, არასაკმარისი ძილი, შიმშილი, მცირეწლოვან ასაკში გამოვლენილი პრობლემური ქცევის გავრცელებულ მიზეზებს წარმოადგენენ.
მცირეწლოვანი ბავშვის განვითარების იმ ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, რომლებიც ზემოთ არის აღწერილი, სასურველია, შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება:
_ დარწმუნდით, რომ ბავშვის მიმართ არსებული თქვენი მოლოდინები რეალისტურია, ხოლო სტრატეგიები, რომლებსაც იყენებთ ბავშვის უნარების განვითარებასა და მის მხარდაჭერას ემსახურება.
_შეიმუშავეთ წესები. ბავშვს მკაფიო წარმოდგენა უნდა ჰქონდესი მის შესახებ, თუ რა სახის ქცევა არის მისაღები და რა მიუღებელი. წესები უნდა იყოს მარტივად ფორმულირებული და ნათელი, მაგალითად, „სათამაშო უნდა მოვითხოვო სიტყვიერად“.
_გამოიყენეთ მოკლე ინსტრუქციები და მითითებები. ინსტრუქციის მიწოდებისას დარწმუნდით, რომ ბავშვის ყურადღება თქვენსკენ არის მომართული. დაელოდეთ და დარწმუნდით, რომ ბავშვი იწყებს ინსტრუქციის შესრულებას. საჭიროების შემთხვევაში გაუწიეთ დახმარება.
_ ასწავლეთ ემოციების სახელდება. გაუხმოვანეთ ის ემოციები, რომლებსაც ბავშვი განიცდის. მაგალითად, „შენ გეწყინა“, “ახლა გახარებული ხარ”. ამასთანავე, გაუწიეთ ემოციური მხარდაჭერა- უთხარით, რომ გესმით რატომაც არის ნაწყენი, ან გაბრაზებული, თუმცა, ეს არ უნდა გახდეს მიზეზი იმისა, რომ სხვა დააზიანოს. მაგალითად, “ მესმის რომ გაბრაზდი, რადგან ნიკამ სათამაშო წაგართვა, მაგრამ ხელის დარტყმა არ შეიძლება, მას ძალიან ეტკინა. ჯობია უთხრა, რომ დაგიბრუნოს სათამაშო. ”
_ წაახალისეთ ემპათიის უნარის განვითარება. გაუხმოვანეთ თუ რა გავლენას ახდენს მისი ქცევა თქვენზე ან გარშემომყოფებზე, მაგალითად, „მე ძალიან მეტკინა“, „გიორგის ეწყინა, რომ შენ სათამაშო წაართვი. გთხოვ, დაუბრუნე. შენ კი სხვა სათამაშო აირჩიე“. შეგიძლიათ, გაითამაშოთ კიდეც მსგავსი სცენარები, მაგალითად სთხოვეთ ბავშვს წარმოიდგინოს, თითქოს დათუნიას არ სურს მეგობრისთვის სათამაშოს თხოვება. შემდეგ ჰკითხეთ, თუ როგორ იგრძნობს თავს მეგობარი და რას ეტყოდა ის დათუნიას.
წაახალისეთ ბავშვის მიერ გამოვლენილი სასურველი ქცევა. სასურველი ქცევის აღნიშვნა, დაჯილდოება, წაახალისებს ბავშვს, რომ მომავალშიც გამოავლინოს მსგავსი ქცევა. ბავშვი დაისწავლის, რომ მშობლის და სხვა მოზრდილების ყურადღების მიღება შესაძლებელია სოციალურად მისაღები ქცევების გამოვლენით.