top of page

შექების მნიშვნელობა ბავშვის აღზრდის პროცესში

მშობლების და ბავშვთან დაკავშირებული პირების გარკვეული ნაწილი სათანადო მნიშვნელობას არ ანიჭებს შექების გამოყენებას. ისინი შეიძლება მიიჩნევდნენ, რომ ბავშვმა  შექების და წახალისების გარეშეც უნდა შეძლოს სასურველი ქცევის გამოვლენა ან შექებამ შესაძლოა „გაათამამოს“ ბავშვი. თუმცა, შექების გამოყენების ნაკლებობა არასასურველი ქცევის ზრდას განაპირობებს. ეს გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ როდესაც ბავშვი მისაღებ ქცევას ავლენს, ეს მიიჩნევა ბუნებრივად და ამის აღნიშვნა არ ხდება, მაგრამ საკმარისია მან გამოავლინოს არასაურველი ქცევა, მაგალითად, მოისროლოს ნივთები, უარი განაცხადოს სათამაშოს გაზიარებაზე, მოზრდილები უმალ ერთვებიან და ბავშვს აძლევენ შენიშვნას. ამის შედეგად ბავშვი დაისწავლის, რომ ის ყურადღებას  არასასურველი ქცევების გამოვლენით იპყრობს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია შექების გამოყენება, თუმცა გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომლებიც ქვემოთ არის მოცემული: 

 

გამოიყენეთ სპეციფიკური შექება - სპეციფიკური შექება გულისხმობს სასურველი ქცევის დეტალურ აღწერილობას. მაგალითად, „ძალიან მიხარია, რომ დამოუკიდებლად დაალაგე შენი საძინებელი“. სპეციფიკური შექებისგან განსხვავებით, ისეთი ზოგადი შექება, როგორიცაა, „კარგი გოგო/ბიჭი ხარ“, არ აწვდის ბავშვს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ მის მიერ გამოვლენილი რომელი ქცევა არის მისაღები.

შეაქეთ მცდელობისთვის - ზოგიერთი მოზრდილი შესაძლოა მიიჩნევდეს, რომ შექება უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც ბავშვი შეძლებს კონკრეტული ქცევის სრულყოფილად შესრულებას. თუმცა, მსგავსი მიდგომა არ არის მართებული, ვინაიდან, უნარის საბოლოო სახით დასწავლამდე ბავშვს უწევს საკმაოდ გრძელი გზის გავლა და ის პროცესში, სხვადასხვა ნაბიჯების დაუფლებისას საჭიროებს წახალისებას და მცდელობის, ძალისხმევის აღიარებას.

შექებისას გამოავლინეთ ენთუზიაზმი - შექების მიწოდება უნდა მოხდეს შესაბამისი გამომეტყველებით და ინტონაციით. მაგალითად, თუკი,  ბავშვს დაღვრემილი სახით და ან ისეთი ინტონაციით ვეუბნებით, რომელიც არ გამოხატავს ენთუზიაზმს და დადებით ემოციურ განწყობას, ბუნებრივია ის არ იქნება ეფექტური. 

 

შეაქეთ სასურველი ქცევის გამოვლენისთანავე - შექების ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სახის წამახალისებელის მიწოდება, უშუალოდ ქცევის გამოვლენის შემდეგ უნდა მოხდეს. მაგალითად, თუკი, ბავშვმა თავისი ნივთები დღის პირველ ნახევარში მოაწესრიგა და მშობელი ამ ქცევისთვის საღამოს, ძილის წინ აქებს, მას ნაკლები ეფექტი ექნება, ვინაიდან ბავშვს გაუჭირდება ასოციაციური კავშირის დამყარება ქცევასა და შექებას შორის. განსაკუთრებით, თუკი ბავშვი  მცირეწლოვანია.  

არ დააწყვილოთ შექება შენიშვნასთან -  ზოგჯერ მშობელი შექების მიწოდებისას მას შენიშვნასთან აწყვილებს, მაგალითად, „ყოჩაღ, ძალიან მიხარია, რომ სასკოლო ნივთები ჩანთაში ჩაალაგე, მაგრამ რატომ არ შეგიძლია იგივე ყოველდღე გააკეთო?“. 

შექების გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, მოუსმინეთ “მაკ ჯორჯიას” ფსიქოლოგის- ნინო მიქაიას ლაივ ჩანაწერს თემაზე “ რატომ, როდის და როგორ შევაქოთ ბავშვი”. Ჩანაწერის სანახავად ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://www.facebook.com/watch/live/?v=3388487674503273

bottom of page