top of page

ფულის გამოყენება

 

დამოუკიდებელი ცხოვრება, ბევრ სხვა უნართან ერთად, ფულის გამოყენებასაც მოითხოვს. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ უნარზე მუშაობაც ბავშვობის ასაკიდან უნდა დავიწყოთ.  სასურველია, თუკი ამას გარკვეული თანმიმდევრობით და სხვადასხვა სახალისო აქტივობების გამოყენებით გავაკეთებთ. ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე მათგანს: 

 

ფულის ერთეულების ცნობა: ფულის გამოყენების უნარებზე მუშაობა მისი ერთეულების ცნობით უნდა დავიწყოთ. ამაში დაგეხმარებათ ისეთი აქტივობები, რომელიც ფულის ერთეულების დაწყვილებას მოითხოვს, მაგალითად: 

  

  • მონეტების ლოტო: დაამზადეთ მარტივი ლოტოს ბარათები სხვადასხვა მონეტის გამოსახულებით. ჩაყარეთ მონეტები ტომარაში, ამოიღეთ რიგრიგობით და სთხოვეთ ბავშვს დააწყვილოს ისინი ფურცელზე გამოსახულულ შესაბამის მონეტებთან. 

11.png
  • მონეტების ყულაბა: აიღეთ რამდენიმე ქილა ან კონტეინერი და დაიტანეთ მათზე სხვადასხვა ფულის ერთეულის შესაბამისი აღნიშვნა, მაგალითად 1 ლარი პირველ კონტეინერზე, 2 ლარი მეორეზე, 3 ლარი მესამეზე და ა.შ. დაულაგეთ ბავშვს მაგიდაზე სხვადასხვა ფულის მონეტა და უთხარით, რომ ჩაყაროს ისინი შესაბამის ქილასა თუ კონტეინერში: ერთლარიანები ჩაყაროს პირველ კონტეინერში, ორლარიანები მეორეში და ა.შ. 

     

22.png

აქტივობა II - ფულის დათვლა

  • მას შემდეგ რაც ბავშვი ისწავლის ფულის სხვადასხვა ერთეულის ცნობას, შეგიძლიათ გადახვიდეთ ფულის დათვლის სწავლებაზე. დაიწყეთ ხუთეულების დათვლით- მაგალითად 5, 10, 15, 20, 25 და ა.შ. ამ შემთხვევაშიც, ეცადეთ გამოიყენოთ სხვადასხვა სახალისო აქტივობა, მაგალითად, ბარათზე დაწერეთ ციფრები, (როგორც ეს სურათზეა მოცემული) სადაც გამოტოვებული იქნება რამდენიმე მათგანი,  გარკვეული ინტერვალებით და სთხოვეთ  ბავშვს ჩაწეროს, მიუთითოს ან დაასახელოს გამოტოვებული ციფრი. 

333.png
  • დიდი ფორმატის ფურცელზე დახაზეთ განსხვავებული ზომის წრეები. თითოეულს დააწერეთ ფულის გარკვეული რაოდენობის აღმნიშვნელი ციფრი. მაგალითად: პირველ წრეს 50 თეთრი, მეორეს 80 თეთრი, ხოლო მესამეს - 1 ლარი.  სთხოვეთ ბავშვს რომ თითოეულ წრეში მოათავსოს რამდენიმე მონეტა ისე, რომ მათი ჯამური რაოდენობა შეესაბამებოდეს კონკრეტულ წრეში ჩაწერილ ციფრს. 

444.png

აქტივობა III - საფასურის სწორად განსაზღვრა და დათვლა.

 

ფულის გამოყენების უნარებზე მუშაობის შემდგომ ეტაპზე ბავშვს უნდა ვასწავლოთ კონკრეტული პროდუქციისა თუ მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და შესაბამისი საფასურის გადახდა. 

დაიწყეთ როლური თამაშებით: ითამაშეთ “გამყიდველობანა” ან  “მაღაზიობანა.” თავდაპირველად შეადგინეთ საყიდელი პროდუქტების სია, რომელიც შეგიძლიათ დაასურათოთ კიდეც. შემდეგ, მოაწყვეთ მაღაზია და სთხოვეთ ბავშვს, რომ შეიძინოს სხვადასხვა პროდუქტი აღნიშნული სიის მიხედვით და “გადაიხადოს” თითოეული პროდუქტის შესაბამისი საფასური.

555.png
  • საწყის ეტაპზე, შესაძლებელია დასურათებული ფორმის გამოყენება, რომელზეც თითოეული პროდუქტის გასწვრივ სიტყვიერად იქნება მითითებული მისი  ღირებულება და ასევე, მის შესაძენად საჭირო მონეტების გამოსახულება (როგორც ეს ნახატზეა მოცემული). სთხოვეთ ბავშვს წაიკითხოს პროდუქტის ღირებულება და უპასუხოს, თუ რამდენად შეესაბამება ნახატზე მოცემული მონეტები სიტყვიერად მითითებულ ფასს.   

5556.png
  • დაგეგმეთ ვიზიტი რეალურ მაღაზიაში: მას შემდეგ რაც ბავშვი დაეუფლება წარმოსახვით მაღაზიაში პროდუქტების შეძენას, დაგეგმეთ და განახორციელეთ ვიზიტი რეალურ მაღაზიაშიც, სადაც ბავშვს ანალოგიურად, სთხოვთ შეიძინოს სხვადასხვა პროდუქტი წინასწარ განსაზღვრული სიის მიხედვით.  

333.png
bottom of page