სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მხარდაჭერა სასკოლო გარემოში?
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებს განსაკუთრებული სირთულეები ექმნებათ განათლების მიღებისას და სპეციფიკური მხარდაჭერა ესაჭიროებათ იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროცესში და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სკოლამ სასწავლო პროცესი დაგეგმოს და წარმართოს მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით. ამისათვის უნდა განხორციელდეს შემდეგი პროცედურები:
სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების იდენტიფიცირება: ბავშვის სკოლაში ჩარიცხვამდე, თუკი მშობელს აქვს მოლოდინი რომ მის შვილს სწავლის პროცესში გარკვეული სირთულეები შეექმნება, რეკომენდებულია მან ამის შესახებ აცნობოს სკოლას - საქმის კურსში ჩააყენოს ადმინისტრაცია და / ან დამრიგებელი.
-
ამავდროულად, აუცილებელია მასწავლებელი ყურადღებით აკვირდებოდეს მოსწავლეებს, და არ გამოეპაროს არცერთი თავისი მოსწავლის სირთულეები სწავლის პროცესში.
მოსწავლის მიმართვა საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მულტიდისციპლინურ გუნდთან:
-
მასწავლებლის მიერ სწავლის დროს განსაკუთრებული სირთულეების იდენტიფიცირების შემდეგ, ანუ ეჭვის გაჩენისას, რომ მოსწავლეს აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, აუცილებელია მშობლისგან თანხმობის მიღება და მულტიდისციპლინურ გუნდთან ბავშვის შეფასების შესახებ მიმართვის გაკეთება.
-
მულტიდისციპლინურ გუნდს ბავშვის შეფასების მოთხოვნით შესაძლებელია მიმართოს თავად მშობელმა და მან ეს ბავშვის სკოლაში ჩარიცხვამდე ან მას შემდეგ განახორციელოს. მომართვის ფორმები ხელმისაწვდომია სკოლებში, საგანმანათლებლო რესურს ცენტრებში და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.
განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მოსწავლის შეფასება:
-
მოსწავლის შეფასება ხორციელდება სხვადასხვა მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით და მოიცავს შემდეგ სფეროებს: შემეცნებითი უნარები (აღქმას, ყურადღებას, მეხსიერებას, აზროვნებას, მეტყველებას); აკადემიური უნარები (წერას, კითხვას, თხრობას, ანგარიშს); მოტორული უნარები (მსხვილ და ნატიფ მოტორულ უნარებს) და კომუნიკაციის უნარი.
-
ობიექტური შეფასების საფუძველზე გუნდი დაადგენს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების არსებობას ან უარყოფს მასწავლებელთა და მშობლის ვარაუდს. ამავდროულად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, გუნდი განსაზღვრავს რეკომენდაციებს, მოსწავლის სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვის მიზნით. შეფასების ანგარიშს მულტიდისციპლინური გუნდი წარუდგენს სკოლასა და მშობელს.
სასწავლო პროცესის დაგეგმვა მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით,
-
სკოლა ვალდებულია გაეცნოს მოსწავლის შეფასების შედეგებს და გუნდის რეკომენდაციების გათვალისწინებით დაგეგმოს მოსწავლის სასწავლო პროცესი. საჭიროების შემთხვევაში მოსწავლე ხდება უფლებამოსილი ისწავლოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით, რომელიც უნდა შეიქმნას მშობლის მონაწილეობით; მიიღოს სპეც. მასწავლებლის და / ან მოსწავლის ინდივიდუალური ასისტენტის მომხარდაჭერა; განესაზღვროს ინდივიდუალური სასწავლო განრიგი; მიიღოს შინ განათლება და ა.შ.
მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი გარემოს და საჭირო მომსახურებების უზრუნველყოფა
-
საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია სკოლაში შექმნას საუკეთესო პირობები მოსწავლის განათლებისთვის და უზრუნველყოს ის ყველა საჭირო რესურსით და მომსახურებით. თუკი აღნიშნული საკითხები მოგვარებული არ არის, დირექციამ უნდა იზრუნოს:
-
სკოლის ფიზიკური გარემოს ადაპტაციაზე - პანდუსის, ადაპტირებული ტუალეტების მოწყობაზე; მოსწავლის კლასის პირველ სართულზე განთავსებაზე და ა.შ.;
-
სპეციალური მასწავლებლის ან ფსიქოლოგის შერჩევაზე და დაქირავებაზე;
-
საჭიროების შემთხვევაში მოსწავლის ინდივიდუალური ასისტენტის, ჟესტური ენის თარჯიმნის, მობილობისა და ორიენტაციის ტრენერის დაქირავებაზე;
-
მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ინკლუზიური განათლების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლების საკითხებზე;
-
რესურს ოთახის დაფუძნებაზე, სადაც თავს მოიყრის მოსწავლისთვის საჭირო სასწავლო რესურსები და სადაც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მოსწავლესთან ინდივიდუალური მეცადინეობის ჩატარება.
მოსწავლის სასწავლო პროცესის და შედეგების გადაფასება
-
სკოლა ვალდებულია ყურადღებით აკვირდებოდეს მოსწავლის სასწავლო პროცესს, არ გამოეპაროს მისი პროგრესი, გამოწვევები და რეგულარულ რეაგირებას ახდენდეს მათზე. მნიშვნელოვანია მოსწავლის მდგომარეობის გადაფასება მულტიდისციპლინური გუნდის და მასწავლებელთა მონაწილეობით, ახალი რეკომენდაციების განსაზღვრა, შედეგების განხილვა მშობელთან ერთად და ახალი მოქმედების და ღონისძიებების დაგეგმვა / განხორციელება.
მუდმივი კომუნიკაცია მშობელთან
-
სკოლა, განსაკუთრებით კი მოსწავლის დამრიგებელი ვალდებულია მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებოდეს მშობელთან და აწვდიდეს მას ინფორმაციას ბავშვის სასწავლო პროცესზე - მის პროგრესზე, ქცევაზე, ახალ გამოწვევებზე. სკოლა ასევე ვალდებულია უსმენდეს მშობელს, მის მოსაზრებებს ბავშვის სასწავლო პროცესის და გარემოს ორგანიზებაზე. ისინი შეთანხმებულად უნდა განიხილავდნენ მოსწავლის უსაფრთხოების საკითხებს, დამატებითი მომსახურებები საჭიროებას, მათ ეფექტს და ა.შ.