კოვიდ-19-ით დაავადებული პირების შემდგომი რეაბილიტაციის პროცესის მხარდაჭერა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) გამოაქვეყნა რეკომენდაციები კოვიდ-19-ით დაავადებული პირების შემდგომი რეაბილიტაციის პროცესის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რომელიც ინდივიდის ფუნქციონირების სხვადასხვა სფეროს მოიცავს. ჩვენს გამოცემაში შემოგთავაზებთ “ჯანმოს” რეკომენდაციებს ჰოსპიტალიზაციის შედეგად აღმოცენებული ფსიქო-ემოციური სირთულეების დაძლევასთან დაკავშირებით.
-
ყურადღებასთან, მეხსიერებასთან და აზროვნების პროცესებთან დაკავშირებული სირთულეები კოვიდ-19-ის თანხმლები მოვლენაა, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთაც სასუნთქი მილი ჰქონდათ ჩადგმული ჰოსპიტალიზაციის დროს. აღნიშნული სირთულეები შესაძლოა რამდენიმე კვირაში ან თვეში თავისით გაქრეს, თუმცა ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში, ისინი უფრო ხანგრძლივად ნარჩუნდება. თუ ატყობთ, რომ თქვენ ან თქვენს ახლობელ ადამიანს, აღენიშნება მსგავსი სირთულეები და ეს ხელს უშლის ყოველდღიურ ფუნქციონირებაში, გამოიყენეთ შემდეგი რეკომენდაციები:
-
დაიწყეთ ფიზიკური ვარჯიში: შეიძლება დაეხმაროს თქვენს თავის ტვინის რეაბილიტაციაში, რადგან დაავადების შემდგომ გავრცელებულია სისუსტის ან დაღლილობის შეგრძნება და სუნთქვის სირთულეები, რეკომენდებულია ფიზიკური ვარჯიშის ეტაპობრივად დაწყება.
-
გამოიყენეთ გონების გასავარჯიშებელი აქტივობები: ასაწყობი ფაზლები, სიტყვებთან და ციფრებთან დაკავშირებული თამაშები, მეხსიერების სავარჯიშოები და კითხვა ასევე სასარგებლო შედეგების მომტანია. Მოტივაციის შენარჩუნებისთვის, რეკომენდებულია დაიწყოთ ისეთი სავარჯიშოთი ან აქტივობით, რომლის წარმატებით შესრულება რთული, მაგრამ მაინც მიღწევადია.
-
ისარგებლეთ სხვადასხვა დამხმარე საშუალებებით: სია,მიმანიშნებლები, ჩანაწერები ეფექტური საშუალებებია, რომლებიც შესასრულებელი საქმეების შესახსენებლად შეიძლება გამოვიყენოთ.
-
დაყავით შესასრულებელი აქტივობები მცირე ნაბიჯებად: ეს დაღლილობისგან თავის არიდებაში დაგეხმარებათ.
2. ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული აქტივობების წარმართვასთან დაკავშირებული სირთულეები: პრაქტიკულად ყველაფერი,რაც ყოველდღიურ საქმიანობას უკავშირდება, ჩვენგან ენერგიას მოითხოვს. მწვავე დაავადების შემდგომ შესაძლოა ინდივიდს აღარ ჰქონდეს ენერგიის ჩვეული მარაგი და სხვადასხვა აქტივობის შესასრულებლად იმაზე მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე ავადმყოფობამდე. ასეთ შემთხვევაში, გაითვალისწინეთ შემდეგი:
-
შეიმუშავეთ რეალისტური მოლოდინები: მოარგეთ ყოველდღიური მიზნები, იმ შესაძლებლობებს, რომელიც მოცემული მდგომარეობაში მყოფს გაგაჩნიათ. თუკი სუნთქვის სირთულეები გაქვთ, თავს სუსტად და დაღლილად გრძნობთ და საწოლიდან წამოდგომაც კი გიჭირთ, ასეთ შემთხვევაში დაბანა და ჩაცმაც კი დიდ მიღწევებად უნდა ჩაითვალოს.
-
შეასრულეთ აქტივობების ნაწილი მჯდომარე მდგომარეობაში-ისეთი აქტივობები, როგორებიცაა ჩაცმა, შხაპის მიღება ან საჭმლის მომზადება მჯდომარე პოზაშიც შეიძლება შესრულდეს, რაც ენერგიის დაზოგვის შესაძლებლობას მოგცემთ.
-
შეასრულეთ შედარებით მსუბუქი აქტივობა, ორ ისეთ აქტივობას შორის, რომლებიც მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვენ და დაიტოვეთ დღის განმავლობაში დრო დასვენებისთვის.
-
მიეცით გარშემომყოფებს თქვენი დახმარების საშუალება: გაითვალისწინეთ, რომ გარშემომყოფები ხშირად მზად არიან დასახმარებლად. გაუზიარეთ მათ თუ კონკრეტულად რა სახით გჭირდებათ მხარდაჭერა (ბავშვების დროებით დატოვება, საყიდლებზე წასვლა, საჭმლის მომზადება) და გამოიყენეთ მათი ეს მხარდაჭერა.
-
ეტაპობრივად დაუბრუნდით ჩვეულ აქტივობებს: ნუ ეცდებით ცხოვრების ჩვეულ ტემპთან დაბრუნებას ძალების სრულ აღდგენამდე. ეს ეხება როგორც სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას, ასევე იმ აქტივობებს, რითიც გატაცებული ხართ თავისუფალ დროს.
3. სტრესის, შფოთვისა და დეპრესიის მართვა: მძიმე ავადმყოფობასა და განსაკუთრებით ჰოსპიტალიზების შემთხვევებს, თან ახლავს სხვადასხვა უარყოფითი ემოციური გამოცდილება, მათ შორის უსიამოვნო ფიქრები და მოგონებები საავადმყოფოში ყოფნასთან დაკავშირებით, ასევე შიში და შფოთვა საკუთარ ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მდგომარეობას ხშირად ართულებს ის გარემოებაც, რომ მწვავე ავადმყოფობის შემდეგ ინდივიდისთვის რთულია სრულფასოვნად დაუბრუნდეს ყოველდღიურ აქტივობებს. სწორედ ამიტომ, რეაბილიტაციის უმნიშვნელოვანეს ნაწილს სწორედ ემოციური მდგომარეობის მართვა წარმოადგენს, რაშიც შემდეგი რეკომენდაციები დაგეხმარებათ:
-
სათანადო ყურადღება დაუთმეთ ძილის ხარისხს: საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში ძილის პროცესი როგორც წესი ირღვევა. ძილზე ასევე უარყოფით გავლენას ახდენს სტრესი. სცადეთ დაუბრუნდეთ ძილის ჩვეულ რეჟიმს. გამოიყენეთ მაღვიძარა, რათა ჩვეულ დროს შეძლოთ გაღვიძება. სთხოვეთ გარშემომყოფებს დაგეხმარონ ისეთი გარემოს შექმნაში, სადაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ისეთი გამღიზიანებლები, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ ძილის პროცესზე (ხმაური, სინათლე). შეამცირეთ ნიკოტინის, კოფეინისა და ალკოჰოლის მოხმარება. ამის ნაცვლად ეცადეთ მოდუნდეთ, ეს ჩაძინებაში დაგეხმარებათ.
-
ეცადეთ იკვებოთ ჯანსაღად: ჯანსაღ კვებას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ინდივიდის ზოგად კეთილდღეობაში. თუკი გაქვთ ღეჭვის ან ყლაპვის სირთულეები, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
-
განახორციელეთ სხვადასხვა ფიზიკური აქტივობა: აღნიშნული ხელს უწყობს სტრესის შემცირებას და ამცირებს დეპრესიის განვითარების რისკს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დაიწყეთ მცირე ნაბიჯებით და ეტაპობრივად გაზარდეთ ფიზიკური აქტივობის დონე.
-
შეინარჩუნეთ სოციალური ურთიერთობები ახლობელ ადამიანებთან: გარშემომყოფებთან საუბარი ხელს უწყობს სტრესის შემცირებას და ასევე, ხშირად გვეხმარება რეაბილიტაციის პროცესში წარმოქნილი სხვადასხვა სირთულის გადაჭრის გზების აღმოჩენაში. თუ მარტო ცხოვრობთ, მეგობრებთან და სხვა ახლობელ ადამიანებთან დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებებით (ტელეფონი, ინტერნეტი) კონტაქტი დაგეხმარებათ თავი ნაკლებად მარტოსულად იგრძნოთ. მნიშვნელოვანია, თქვენმა მეგობრებმა იცოდნენ, რომ სასურველია თავადაც შეგეხმიანონ რეაბილიტაციის პერიოდში.
-
ჩაერთეთ სარელაქსაციო აქტივობებში: აქტივობები, რომლებიც ნაკლებად იწვევს გადაღლას, მაგალითად მუსიკის მოსმენა, კითხვა, სუნთქვის ვარჯიშები ხელს უწყობს სტრესის შემცირებას. თუმა, ამ აქტივობების განხორციელებიც, სხვების მსგავსად, ეტაპობრივად უნდა მოხდეს, თუკი ატყობთ, რომ მათი შესრულება გიჭირთ.
-
ეტაპობრივად დაუბრუნდეთ თქვენს წარსულ გატაცებებს: ნელნელა გაზარდოთ თქვენთვის სასიამოვნო და საინტერესო აქტივობებში ჩართულობის ხარისხი, ეს გუნება-განწყობის გაუმჯობესების ერთ-ერთი კარგი საშუალებაა.
იმ შემთხვევაში თუ გიჭირთ რეაბილიტაციის პროცესში წარმოქმნილი სირთულეების დამოუკიდებლად გადალახვა, მიმართეთ სპეციალისტს დახმარებისთვის.
სტატია მომზადებულია ჯანმოს სპეციალური გამოცემის მიხედვით, რომელიც კოვიდ-19 -ით ინფიცირებული პირების რეაბილიტაციის პროცესის მხარდაჭერას ეძღვნება. დოკუმენტის სრული ვერსია შეგიძლიათ სანახავად, ეწვიეთ ბმულს: