ინკლუზიური განათლების ფორმები
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია, რომ ყველა მოსწავლემ მიუხედავად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და / ან ჯანმრთელობის მდგომარეობისა განათლება მიიღოს საჯარო სკოლაში თანატოლებთან ერთად. ასეთ შემთხვევაში, მოსწავლე ჩართულია ასაკის შესაბამის კლასში და ის სასწავლო დროს სრულად ან მის დიდ უმეტესობას თანატოლებთან ერთად მიმდინარე გაკვეთილებზე ატარებს, საჭიროების შემთხვევაში კი მისთვის იქნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და ის სარგებლობს სპეც.მასწავლებლის და / ან სხვა სპეციალისტების მხარდაჭერით. დროის გარკვეული მონაკვეთი მან შეიძლება გაატაროს რესურს ოთახში. თუმცა, უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც ვერ ხერხდება მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლაში ჩართვა, განიხილება განათლების ალტერნატიული ფორმები, რომლებიც აღწერილია ქვემოთ:
-
სპეციალიზირებული პროფილის მქონე სკოლა
სადაც სწავლობენ მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები. სპეციალიზირებული სკოლას შეიძლება გააჩნდეს პანსიონური მომსახურებაც და ასეთ შემთხვევაში მოსწავლეები დაწესებულებაში რჩებიან 24 საათის განმავლობაში, სკოლის პერიოდის დასრულების შემდეგ იღებენ სააღმზრდელო მომსახურებას, აქვთ სამჯერადი კვება, იმყოფებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
უპირატესობა: გარემო მორგებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებზე, მასწავლებლებს აქვთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლების მდიდარი გამოცდილება;
ნაკლოვანება: მოსწავლეები ნაკლებად ურთიერთობენ თანატოლებთან, როგორც ამას ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში სწავლისას შეძლებდნენ.
-
ინტეგრირებული კლასი
ინტეგრირებულ კლასები დაფუძნებულია ზოგიერთ საჯარო სკოლაში, ჩვეულებრივი კლასისგან განასხვავებს ის, რომ აქ სწავლობენ მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები. განათლების ამ ფორმაში ჩართვისას, მოსწავლე ირიცხება (რეგისტრირებულია) ჩვეულებრივ კლასში, ხოლო ინტეგრირებულ კლასში განსაზღვრულ გაკვეთილებს ესწრება ან თერაპიულ მომსახურებას იღებს.
უპირატესობა: მოსწავლეთა მცირერიცხოვანი ჯგუფი და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებია - სპეც.მასწავლებლები; რეგულარული კონტაქტი თანაკლასელებთან.
ნაკლოვანება: მოსწავლეები ნაკლებად ურთიერთობენ თანატოლებთან, როგორც ამას ჩვეულებრივ საჯარო კლასში სწავლისას შეძლებდნენ.
-
შინ სწავლება
ენიშნება მოსწავლეს, თუკი ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს სკოლაში სიარულს. შინ სწავლების შემთხვევაში საგნის მასწავლებელი და / ან სპეც.მასწავლებელი ახორციელებენ ვიზიტს მოსწავლესთან და ამეცადინებენ მას ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით.
უპირატესობა: მოსწავლისთვის განათლების უზრუნველყოფა მისი მდგომარეობის მიუხედავად, ხოლო შეზღუდვაა, ის, რომ კვირის განმავლობაში ის ნაკლები დროით არის ჩართული სასწავლო პროცესში (მასწავლებლები მასთან კვირაში რამდენჯერმე დადიან, რამდენიმე საათით), ვიდრე იმ შემთხვევაში, მას რომ სკოლაში ევლო.
როგორ ხდება მოსწავლისთვის განათლების კონკრეტული ფორმის შერჩევა?
გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ განათლების რომელი ფორმაა მოსწავლისთვის მიზანშეწონილი, ფრთხილად და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით მიიღება. მსჯელობაში მნიშვნელოვანია მშობლის და საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის მონაწილეობა, რომელიც თავის მხრივ გადაწყვეტილებას იღებს ბავშვის შეფასების, მშობლის ხედვის გაზიარების და ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.