top of page

როგორ დავეხმაროთ ბავშვებს ბრაზის ემოციის მართვაში? 

  

ბრაზი ერთ-ერთი ემოციაა, რომელიც ხშირად გარემოში მიმდინარე მოვლენებზე ნორმალურ რეაქციას წარმოადგენს. თუმცა, ძალიან ინტენსიური და უმართავი ბრაზი, როგორც ზრდასრულის, ასევე ბავშვის შემთხვევაში შეიძლება, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ყოველდღიური ცხოვრების სერიოზული პრობლემების გამომწვევი გახდეს,  კერძოდ, მან შეიძლება განაპირობოს:  აგრესიული ქცევა, ფიზიკური ძალადობა, ფსიქიკური ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეები, სირთულეები თანატოლებთან ურთიერთობაში და სხვა.  თუმცა, არსებობს ბრაზის მართვის სტრატეგიები, რომელთა სწავლებაც ეხმარება ბავშვს ბრაზის ემოციასთან გამკლავების ეფექტური გზების შემუშავებაში. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

  • დაეხმარეთ ბავშვს საკუთარი ემოციების და სურვილების გამოხატვაში და მიეცით მათი გაზიარების საშუალება. მნიშვნელოვანია მოხდეს ემოციების სახელდება და საუბარი იმაზე, თუ რას გრძნობს ბავშვი.  გახსოვდეთ, რაც უფრო მეტად ხდება ბრაზის ემოციის გამოხატვა საუბრის გზით, მით უფრო იკლებს მისი ქცევითი აფეთქებების ფორმით გამოვლენის ალბათობა. ემოციის საუბრით გამოხატვის მაგალითი შეიძლება იყოს: ,,მე ვგრძნობ ბრაზს, რადგან ....“ ან ,,მე გაბრაზებული ვარ, რადგან....“ ბავშვებს სჭირდებათ გამოხატონ საკუთარი სურვილები, საჭიროებები. 

  • ბრაზის ჩახშობის მიზნით არ მოახდინოთ მიუღებელი ქცევების წახალისება. გახსოვდეთ, რომ ბავშვები, რომლებიც გარკვეულ სარგებელს იღებენ საკუთარი ქცევის შედეგად (მაგალითად სურვილის შესრულება) განმეორებით ავლენენ მას. მაგალითად, თუ ბავშვი გატეხავს სათამაშოს ბრაზის შეტევის მდგომარეობაში ნუ ჩაუნაცვლებთ მას იმავე მომენტში ახალი სათამაშოთი მისი დამშვიდების მიზნით.

  • ასწავლეთ ბავშვს განტვირთვაზე მიმართული სტრატეგიები. დამშვიდებისა და რელაქსაციის სტრატეგიის ცოდნა ბავშვებს ეხმარებათ საკუთარი ქცევის გაკონტროლებაში. როგორც წესი, ამისთვის ხელსაყრელია: ფეხით სიარული, სეირნობა, გარკვეული დროის მარტო გატარება, იოგა, ან ვარჯიშის რომელიმე სახე. შესაძლებელია სარელაქსაციო და დამშვიდების ინდივიდუალური სტრატეგიის მორგება ბავშვის პრიორიტეტების, განვითარებისა და პიროვნული თავისებურებებიდან გამომდინარე. ასევე შეგიძლიათ, იქონიოთ პატარა სივრცე, სადაც სადაც გექნებათ სპეციალური ნივთები, რომლის გამოყენებაც ბავშვს შეეძლება დამშვიდების მიზნით მაშინ, როდესაც იგი აღელვებულია. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სენსორული სათამაშო, გასაფერადებლები ფერადი ფანქრები, სურნელოვანი ნითები, მუსიკალური ინსტრუმენტები და აშ.

  • ასწავლეთ ბრაზთან გამკლავებისა და რთულ სიტუაციაზე რეაგირების ჯანსაღი გზები. დაეხმარეთ იმის გააზრებაში, რომ ნორმალურია იყოს გაბრაზებული/გრძნობდეს ამ ემოციას, მაგრამ სრულიად მიუღებელი იქნება, ვინმესთან ფიზიკური დაპირისპირება. აუხსენით ბავშვს, რომ ბრაზის მდგომარეობაშიც, შეუძლია და აქვს უნარი აკონტროლებდეს საკუთარ ქმედებებს. ესაუბრეთ იმაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი მათი საჭიროებების დაკმაყოფილება სხვისთვის ზიანის მიყენების გარეშე, შესთავაზეთ პრობლემის მოგვარების ალტერნატიული გზების, იმის მაგივრად რომ უთხართ, ,,ნუ ურტყამ შენს ძმას“ აუხსენით, თუ რა შეიძლება ადამიანმა გააკეთოს, როდესაც ის ნაწყენია ან გაბრაზებული. უთხარით - ,,შემდეგში საუბრით მოაგვარე“ ან ,,როცა გაბრაზებული ხარ ცოტა ხნით გაეცალე იმ სიტუაციას.“ ასწავლეთ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზები.

  • იყავით ბრაზის ეფექტურად მართვის საუკეთესო მოდელი თქვენი ბავშვისთვის. გახსოვდეთ, რომ თქვენ წარმოადგენთ ყველაზე დიდ ავტორიტეტს თქვენი შვილისთვის. ამდენად, ბრაზთან ჯანსაღად გამკლავების სწავლების საუკეთესო გზაა იმის ჩვენება, თუ თქვენ თავად როგორ ახერხებთ საკუთარი ემოციების მართვას. როდესაც ბავშვი ხედავს, რომ ადვილად კარგავთ მოთმინებას, რაც გამოიხატება ფეთქებადი ქცევით, ისიც დიდი ალბათობით ხშირად მიმართავს მსგავს ქცევას, რადგან დაისწავლის, რომ მსგავს სიტუაციაში ეს არის რეაგირების ყველაზე მისაღები ფორმა.

  • ისაუბრეთ საკუთარ ემოციებზე. რეკომენდებულია, მოხდეს ბავშვების დისტანცირება უფროსების პრობლემებისგან, მაგრამ ამავე დროს, სწორი მიდგომაა, თუ თქვენ დაანახებთ ბავშვს, თუ როგორ ახერხებთ  ნეგატიურ ემოციებთან გამკლავებას.  ზოგჯერ მიუთითეთ იმ  სიტუაციებზე, როდესაც თავს გრძნობთ ფრუსტრირებულად. მაგალითად: ,,გაბრაზებული ვარ იმის გამო, რომ ჩვენ წინ მიმავალი მანქანა არ გაჩერდა, რათა ბავშები გაეტარებინა, მაგრამ მე ვაპირებ, რომ გავაჩერო მანქანა, რათა ბავშვებმა შეძლონ გზაზე უსაფრთხოდ გადასვლა“ 

  • აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ქცევაზე. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შვილის წინაშე დაკარგავთ მოთმინებას და აფეთქდებით აიღეთ მის წინაშე თქვენს ქცევაზე პასუხისმგებლობა. საჭიროების შემთხვევაში მოიხადეთ ბოდიში საკუთარი ქცევის გამო და ისაუბრეთ, თუ როგორ ჯობდა რომ მოქცეულიყავით. ,,საწყენია, რომ შენ შეესწარი ჩემს ყვირილს, როცა გაბრაზებული ვიყავი. ნამდვილად აჯობებდა, თუ მშვიდი საუბრით შევეცდებოდი ამ პრობლემის მოგვარებას, სხვა დროს შევეცდები ასე მოვიქცე.“

  • შეიმუშავეთ წესები - როგორ ვიქცევით მაშინ, როდესაც გაბრაზებულები ვართ. ეს წესები დაგეხმარებათ ბავშვის ქცევასთან დაკავშირებული სწორი მოლოდინების განსაზღვრაში. წესები ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს და ფოკუსირებული იყოს ფიზიკური და ვერბალური აგრესიისა და ნივთებისთვის ზიანის მიყენების მიუღებლობაზე. მიაწოდეთ ბავშვს პოზიტიური უკუკავშირი, როდესაც იგი ცდილობს დაიცვას ბრაზის მართვის თქვენ მიერ შემუშავებული ქცევის წესები. გამოიყენეთ დადებითი განმტკიცების მეთოდი დადებითი უკუკავშირისთვის.

  • აარიდეთ ბავშვს ბრაზის ემოციის მაპროვოცირებელი სიტუაციები ან მოახდინეთ ამ სიტუაციების ეფექტური მართვა. ბავშვების უმეტესობა ავლენს ბრაზის ემოციას გარკვეულ სიტუაციებში, რომელთა მაპროვოცირებელი მოქმედების დადგენა შესაძლებელია. ეს შეიძლება იყოს საშინაო დავალების მომზადების დრო, დაწოლის დრო, თამაშისთვის განკუთვნილი დროის დამთავრება და აშ. როდესაც ვთხოვთ გააკეთოს მისთვის არასასურველი მოქმედება ან შეწყვიტოს, ის რისი კეთებაც მოსწონს. ამ სიტუაციების ეფექტურ მართვაში დაგეხმარებათ:  წინასწარ განფრთხილების სტრატეგია (,,10 წუთში წავალთ“);  დავალების ერთ საფეხურიან ინსტრუქციებად ჩაშლა (,,პირველ რიგში ჩაიცვი ფეხსაცმელი“); სიტუაციის ცვლილებისთვის ბავშვის წინასწარი შემზადება (,,მაგიდიდან ადგომამდე, ბებოს ჰკითხე კიდევ ხომ არ სჭირდება დახმარება“).

  • გამოიყენეთ ბავშვთა ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის დახმარება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შვილის ქცევისა და ემოციის კონტროლი ძალიან რთულია და ამავდროულად ატყობთ, რომ მისი მდგომარეობები ხშირად ნეგატიურ გავლენას ახდენს მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და სხვა ადამიანებთან მის ურთიერთობებზე, ხელს უშლის სწავლასა და განვითარებაში, ასევე ზიანის მომტანია მისთვის და ირგვლივ მყოფი ადამიანებისთვის, აუცილებლად მიმართეთ კლინიკურ სპეციალისტს.

bottom of page