top of page

რა არის სხეულის დადებითი ხატი და როგორ დავეხმაროთ მოზარდს მის ჩამოყალიბებაში? 

 

სხეულის ხატი აერთიანებს პიროვნების მიერ საკუთარი სხეულის აღქმას, სხეულის ფორმის, წონისა და ცალკეული ნაწილების შესახებ მის ემოციურ დამოკიდებულებას და ფიქრებს. ჩვენ შეიძლება გაგვაჩნდეს სხეულის დადებითი ან უარყოფითი ხატი. სხეულის დადებითი ხატი ყალიბდება მაშინ, როდესაც პიროვნება იღებს და აფასებს საკუთარ სხეულს ისეთს, როგორიც არის, მიუხედავად იმისა, რომ სხეულის სხვადასხვა პარამეტრი შესაძლოა არ შეესაბამებოდეს კონკრეტულ სოციუმში მიღებულ სტანდარტებს. სხეულის უარყოფით ხატზე კი ვსაუბრობთ მაშინ, როდესაც ინდივიდი განიცდის მუდმივ უკმაყოფილებას და სირცხვილს საკუთარი გარეგნობის გამო და არ აქვს მიმღებლობა საკუთარი სხეულის მიმართ.  

 

აღსანიშნავია, რომ სხეულის ხატის ჩამოყალიბება ჯერ კიდევ ჩვილობის ასაკში იწყება, როდესაც ბავშვი საკუთარი სხეულის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა შეგრძნებების, მოძრაობების და გარემოსთან ურთიერთობის საშუალებით იღებს. მეტყველების, შემეცნებითი უნარებისა და სოციალური კომპეტენციების განვითარებასთან ერთად, ბავშვის წარმოდგენა საკუთარი სხეულის შესახებ მდიდრდება. სხეულის ხატის თვალსაზრისით, განსაკუთრებით კრიტიკულ პერიოდს წარმოადგენს მოზარდობის ასაკი, ვინაიდან, განვითარების ამ ეტაპზე მიმდინარეობს ისეთი ცვლილებები, რაც ინდივიდს არ ჰქონია გამოცდილებაში - ჩნდება მეორადი სასქესო ნიშნები, იზრდება სხეულის მასა. აღნიშნულ ცვლილებები ხშირად განაპირობებენ საკუთარი გარეგნობით იმედგაცრუებას, დაურწმუნებლობას. 

 

ამ პერიოდში შესაძლოა ასევე გაჩნდეს სხვადასხვა ირაციონალური რწმენები  როგორებიცაა:

  • ჩემი სხეული უნაკლო უნდა იყოს

  • მე მხოლოდ მაშინ ვიქნები ბედნიერი, თუკი იდეალური სხეული მექნება

  • სხვები მაშინ დამაფასებენ, როდესაც იდეალური სხეული მექნება

  • მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა სხეულის იდეალური ფორმა მქონდეს

 

სხეულის უარყოფითი ხატისა და მსგავსი ირაციონალური წარმოდგენების ჩამოყალიბების რისკი განსაკუთრებით მაღალია იმ მოზარდებთან, რომელთა გარემოცვაც გადაჭარბებულ ყურადღებას უთმობს გარეგნობას. მოზარდებზე ასევე ძლიერ ზეგავლენას ახდენს მედია საშუალებების მიერ სილამაზის სტანდარტების პოპულარიზება.  

მშობლის მცდელობა აარიდოს ბავშვი/მოზარდი მსგავს გავლენას, ხშირად წარუმატებელია. თუმცა, მნიშვნელოვანია, მშობელმა გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ მის შვილს ჩამოუყალიბდეს სხეულის დადებითი ხატი. 

ამაში, ქვემოთ მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინება დაგეხმარებათ: 

_თუკი, ვარჯიშობთ ან/და იცავთ დიეტას, აუხსენით ბავშვს, რომ ამას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო აკეთებთ. 

_ თავი შეიკავეთ ბავშვის თანდასწრებით საკუთარ გარეგნობასთან დაჯავშირებით ნეგატიური შინაარსის კომენტარების გაკეთებისგან. ასევე, სხვა ადამიანის შეფასებისას ეცადეთ ხაზი მის პიროვნულ მახასიათებლებს გაუსვათ და არა გარეგნულ მხარეს. 

_გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რათა ესაუბროთ მოზარდს ჯანსაღი კვების შესახებ, რაც არა მხოლოდ კონკრეტული საკვები პროდუქტის მიღებას, არამედ დღის განმავლობაში რამდენიმე კვებას მოიცავს. თავად მიეცით მაგალითი და არ გამოტოვოთ საკვების მიღების დრო წონაში დაკლების მოტივით. 

_ თქვენს საყვარელ მსახიობზე ან სხვა გამოჩენილ პიროვნებაზე საუბრისას, ხაზი გაუსვით მის ისეთ თვისებებს, როგორიცაა შრომისმოყვარეობა, დადებითი დამოკიდებულება გარშემომყოფების მიმართ. საუბრისას, ეცადეთ არ გააკეთოთ შემდეგი სახის კომენტარი: „ძალიან მინდა მასავით გამოვიყურებოდე“, ამის ნაცვლად აღნიშნეთ: „ძალიან მინდა მეც მქონდეს მსგავსი სოციალური უნარები“. 

_ თუკი, თქვენი შვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს საკუთარ სხეულთან დაკავშირებით, ყურადღების მიღმა არ დატოვოთ მისი განცხადებები. ესაუბრეთ იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს ჯანსაღი ორგანიზმი და რომ ის ცნობილი ადამიანები, რომელთა გარეგნობა აღიარებულია, შესაძლოა წონაში დაკლების არაჯანსაღ სტრატეგიებს იყენებდნენ, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ორგანიზმს.  

 

თუკი, მოზარდი ინტენსიურად გამოთქვამს წუხილს საკუთარი გარეგნობის და წონის შესახებ, რაც რეალობას არ შეესაბამება, ამასთანავე წონაში დაკლებას არაჯანსაღი სტრატეგიებით ცდილობს, სასურველია, დახმარებისთვის მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.

bottom of page