მუშა მეხსიერების განვითარება ბავშვებში
რა საერთო აქვთ ინსტრუქციების მიყოლას, გაყოფის ოპერაციის შესრულებასა და მოთხრობის წერას? სამივე მათგანი მოითხოვს მუშა მეხსიერების ჩართულობას. როგორც ჩვენს წინა გამოცემაში აღვნიშნეთ, მუშა მეხსიერება ერთ-ერთი აღმასრულებელი ფუნქციაა, რომელიც სხვადასხვა ფსიქიკურ უნარს აერთიანებს, რომელთაც მუდმივად ვიყენებთ სწავლის, მუშაობის თუ ყოველდღიური აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.
ბავშვების (და ზრდასრულების) გარკვეულ ნაწილს, რომელთაც აღენიშნებათ მუშა მეხსიერებასთან დაკავშირებული სირთულეები, უჭირთ ნასწავლის იმ ხანგრძლივობით დამახსოვრება, რაც კონკრეტული საქმიანობის შესასრულებლად არის საჭირო.
გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც მუშა მეხსიერების გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ეცადეთ აღნიშნული აქტივობები ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგოთ.
-
მეხსიერების გასაუმჯობესებელი თამაში.
თამაშები, რომლებიც გულისხმობს სხვადასხვა გამოსახულების მქონე ორ-ორ ბარათის ერთდროულად გადატრიალებას მანამ, სანამ ორ იდენტურ მათგანს არ აირჩევთ, ხელს უწყობს მუშა მეხსიერების განვითარებას, რადგან ასეთ შემთხვევაში მოთამაშემ უნდა დაიმახსოვროს ამობრუნებული ბარათების ადგილმდებარეობა და მათზე არსებული გამოსახულება და აქტიურად გამოიყენოს ეს ინფორმაცია მიზნის მისაღწევად.
2. სთხოვეთ ბავშვს რაიმეს სწავლება.
სთხოვეთ ბავშვს მისთვის კარგად ცნობილი რამის თქვენთვის სწავლება. ეს ხელს ისეთი პროცესების სტიმულირებას შეუწყობს, როგორებიცაა მასალის გახსენება, მისი ახსნის თანმიმდევრულობის დაცვა და არსებული ცოდნის მიზანმიმართულად გამოყენება. გარდა ამისა, ბავშვისთვის მასწავლებლის როლის შეთავაზება როგორც წესი სახალისოა და ხელს უწყობს მშობელთან ურთიერთობის განმტკიცებას.
3. გამოიყენეთ სხვადასხვა ჩამონათვალი და ვიზუალური მიმანიშნებლები.
შექმენით ვიზუალური მიმანიშნებლები, რომელზეც მოცემული იქნება შესასრულებელი აქტივობების ჩამონათვალი და შესაძლებელი იქნება თითოეულის გადახაზვა, შესრულების შემდგომ. გახსოვდეთ, რომ ჩამონათვალი არ არის აუცილებელი მხოლოდ სიტყვიერი იყოს, იგი შესაძლოა სურათებსაც მოიცავდეს. ერთ-ერთი მიზანი შესაძლოა იყოს ჩამონათვალზე დატანილი ინფორმაციის ეტაპობრივად შემცირება, ისე რომ ბავშვი მეტად გახდეს პასუხისმგებელი დეტალების გახსენებაზე.
4. ხელი შეუწყვეთ წარმოსახვითი/ვიზუალიზაციის უნარების განვითარებას.
წაახალისეთ ბავშვი რომ გამოიყენოს საკუთარი წარმოსახვა რაიმეს კითხვის ან მოსმენის პროცესში. სთხოვეთ დახატოს საკუთარი წარმოდგენები. აღნიშნული უნარის დაუფლების შემდგომ, ხატვის ნაცვლად, სთხოვეთ სიტყვიერად აღწეროს საკუთარი წარმოდგენები.
5.გამოიყენეთ სწავლების მულტი-სენსორული სტრატეგიები.
ინფორმაციის დასწავლის პროცესში შეგრძნებათა ერთზე მეტი კატეგორიის გამოყენება, ზრდის მისი დამახსოვრების ალბათობას. მაგალითად, ახალი სიტყვების სწავლებისას, სთხოვეთ ბავშვს შემოავლოს კონტური სიტყვის შემადგენელ ასოებს. თუკი ბავშვს რაიმე მოქმედების შემადგენელი ნაბიჯების დამახსოვრება სჭირდება, ურჩიეთ დააწყვილოს კონკრეტული მოძრაობა (მაგალითად ტაში ან ფეხის დაბაკუნება) თითოეული ნაბიჯის სიტყვიერ აღწერილობასთან.
6. რაც უფრო მეტად ხდება ინფორმაციის გადამუშავება მით უფრო დიდია მისი დამახსოვრების შანსი. მიეცით ბავშვს ახალი ცნებების დაუფლებისას ვარჯიშისა და გამეორების საშუალება. გამეორების პროცესში დამხმარე იქნება ასოციაციური კავშირების დამყარება უკვე ნასწავლ მასალასთან, პირად გამოცდილებასთან.
მასალის დამახსოვრების ერთ-ერთი ეფექტური ხერხია ასევე რიტმი, მაგალითად, მასალის ლექსად ან სიმღერად გარითმვა.