მოზარდები და სოციალური მედია
ჩვენს წინა გამოცემაში, ვისაუბრეთ იმ მავნე ზეგავლენაზე, რომელიც სხვადასხვა ტექნოლოგიის ჭარბ გამოყენებას აქვს მცირეწლოვანი ბავშვების განვითარებაზე, თუმცა არა ნაკლებ მნიშვნელოვანია იმის შესწავლა, თუ როგორ იყენებენ მოზარდები სხვადასხვა ტექნოლოგიას და რა უარყოფითი შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ეს მათთვის. მოზარდებაში ყველაზე დიდი პოპულარობით სხვადასხვა სოციალური ქსელი სარგებლობს, რომელთა მოხმარებაც განსაკუთრებით გაიზარდა პანდემიის პერიოდში, როდესაც შეზღუდული იყო თანატოლებთან ფიზიკური კონტაქტი. სოციალური ქსელი მოზარდებს საშუალებას აძლევს გაიცნონ ახალი ადამიანები, შეურთდნენ ჯგუფურ დისკუსიებს, შეიტყონ მეტი საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ასევე გაუზიარონ ფართო აუდიტორიას საკუთარი იდეები და მოსაზრებები. თუმცა, მის გამოყენებას თავისი უარყოფითი მხარეებიც გააჩნია, რომელთა შესახებ მნიშვნელოვანია მშობლები ინფორმირებულნი იყვნენ.
-
კავშირების შესუსტება ოჯახის წევრებთან და სხვა ახლობელ ადამიანებთან: მოზარდთა ნაწილი, რომელიც ყოველდღიურად რამდენიმე საათს ატარებს სოციალურ ქსელში, შეზღუდულ კონტაქტს ინარჩუნებს ოჯახის წევრებთან და სხვა ახლობლებთან, რაც ასუსტებს მათთან კავშირს.
-
კომუნიკაციური უნარების განვითარება: სოციალური ქსელების საშუალებით მოზარდების ურთიერთობა ტექსტური შეტყობინებებით შემოიფარგლება. ინტერაქციის ეს ფორმა მნიშვნელოვნად განსხვავდება რეალური კომუნიკაციისგან. გარდა ამისა, სოციალური ქსელის გამოყენებით კომუნიკაცია ეკრანს მიღმა მიმდინარეობს და არ იძლევა საშუალებას დავაკვირდეთ სხეულის ენას, სახის გამომეტყველებებს, რომლებიც უმნიშვნელოვანესი სოციალური მინიშნებებია. სოციალური ქსელი ასევე არ იძლევა იმაზე დაკვირვების საშუალებას თუ რა გავლენას ახდენს ჩვენი სიტყვები თანამოსაუბრეზე. ასეთი საუბრები ხშირად არ მიმდინარეობს რეალურ დროში და თითოეულ მხარეს აქვს საშუალება დაგვიანებით გასცეს პასუხი მისულ შეტყობინებაზე, რაც კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანია რეალური კომუნიკაციისგან, რომელიც დაუყონებლივ რეაგირებას მოითხოვს თანამოსაუბრის მხრიდან. არ არის გასაკვირი, რომ მოზარდების ნაწილს სწორედ ამ მიზეზით სატელეფონო საუბარი ხშირად ზედმეტად დამთრგუნავი ეჩვენება და ცდილობენ მისთვის თავის არიდებას. ასეთი რეალური კომუნიკაციის ნაკლებობა კი აფერხებს აღნიშნული უნარის განვითარებას.
-
კიბერბულინგის საფრთხე: ინტერნეტ სივრცეში გაცილებით მარტივია უკიდურესად კრიტიკული დამოკიდებულების გამოხატვა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც რეალურ ცხოვრებაში პირისპირ იგივეს ვერ ეტყოდი, შესაბამისად სოციალური მედიის გამოყენება ზრდის როგორც მოზარდის მიმართ, ასევე თავად მოზარდის მიერ კიბერბულინგის გამოვლენის საფრთხეს.
-
უარყოფითი გავლენა მოზარდის თვითშეფასებასა და ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე: სხვადასხვა კვლევის მონაცემები მიუთითებენ, რომ სოციალური მედია და ტექსტური შეტყობინებები, რომელიც მოზარდების უმეტესობის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, ხშირად ხელს უწყობს მათში შფოთვის დონის მომატებასა და უარყოფითად აისახება მათ თვითშეფასებაზე. სოციალური ქსელში ყოველდღიურად გატარებული რამდენიმე საათი კი დაკავშირებულია შფოთვისა და დეპრესიის უფრო მაღალ მაჩვენებლებთან.
რეკომენდაციები:
სპეციალისტების უმრავლესობა თანხმდება, რომ აღნიშნული საკითხის მოგვარება არ უნდა შემოიფარგლოს მოზარდთან ერთჯერადი საუბრით ან უბრალოდ მობილური ტელეფონის ჩამორთმევით. მშობლების მხრიდან საჭიროა მუდმივი სიფრთხილის გამოვლენა და მისაღები ქცევების მაგალითის მიცემა. ამის გაკეთებაში შემდეგი რეკომენდაციები დაგეხმარებათ:
-
სათანადოდ შეაფასეთ სოციალური მედიის როლი: ბევრი მოზარდისთვის წარმოუდგენელია ცხოვრება სოციალური მედიის არსებობის გარეშე. მოწონებების რაოდენობა, ნეგატიური შინაარსის კომენტარები, მეგობრების სიიდან წაშლა ან პირიქით დამატება, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხებია და ამ საკითხების განხილვისას, ეცადეთ ყურადღებით მოუსმინოთ და დაიცავით სიფრთხილე, ნუ ეცდებით უბრალოდ მათ მინიმალიზებას და იმის მტკიცებას, რომ სერიოზულად არ უნდა აღიქვან.
-
წაახალისეთ კრიტიკული აზროვნება: შესთავაზეთ მოზარდს კრიტიკულად იმსჯელოს სოციალურ მედიის შესახებ. იმსჯელეთ იმაზე, თუ რამდენად რეალისტურია გამოქვეყნებული მასალა, რას ემსახურება ფოტოების დამუშავება და რას ცდილობენ ადამიანები მოწონებების დაგროვებით, ჰკითხეთ, რამდენად რეალისტურია მისი დაკვირვებით სოციალურ მედიაში წარმოდგენილი იმიჯი? არიან თუ არა მისი მეგობრები რეალურ ცხოვრებაში ისეთები, როგორც ამას სოციალურ მედიაში წარმოაჩენენ. ასევე, შესთავაზეთ დააკვირდეს თუ რა გავლენას ახდენს სოციალური მედია მის გუნება-განწყობილებაზე.
-
შესთავაზეთ ლიმიტის დაწესება და თავადაც მიეცით ამის მაგალითი: შესთავაზეთ მოზარდს შეზღუდოს სოციალური მედიის გამოყენება კონკრეტულ დრომდე და თავადაც მიეცით ამის მაგალითი. Ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა აპლიკაცია (მაგალითად, Norton, Teensafe და სხვა). ასევე, ეფექტურ პრაქტიკას წარმოადგენს სახლში ისეთი ზონების გამოყოფა, სადაც ოჯახის წევრები თავს არიდებენ მობილური ტელეფონის და შესაბამისად, სოციალური მედიის გამოყენებას, მაგალითად, სასადილო ოთახში. ამ შემთხვევაშიც, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური აპლიკაცია (მაგალითად, Dinnertime ან Qustodio)
-
ღიად ესაუბრეთ ონლაინ უსაფრთხოების ქცევებზე: დარწმუნდით, რომ მოზარდი აცნობიერებს იმ საფრთხეს, რომელიც პირადი ინფორმაციის საჯარო სივრცეში გაზიარებას ახლავს თან. შესთავაზეთ, რომ ახლო მეგობრებისთვის ინფორმაციის გაზიარებისას უპირატესობა მიანიჭოს სატელეფონო, პირად შეტყობინებას. ასევე, ესაუბრეთ იმ რისკებზე, რომელიც უცნობი ადამიანების სოციალურ ქსელში დამეგობრებას ახლავს თან.
რა მიუთითებს იმაზე, რომ მოზარდი გადაჭარბებულ დროს ატარებს სოციალურ ქსელში/როდის მივმართოთ სპეციალისტს კონსულტაციისთვის:
-
თავის არიდება რეალური სოციალური ინტერაქციებისთვის.
-
შესასრულებელი დავალებების ხარისხის და შესაბამისად აკადემიური მოსწრების გაუარესება
-
მუდმივი შფოთვა, სტრესი ყოველდღიურ აქტივობებთან დაკავშირებით.
-
ყოველდღიური პასუხისმგებლობებისთვის თავის არიდება