top of page

 როგორ ვმართოთ ბავშვის მიერ ეკრანთან გატარებული დრო

 

თანამედროვე ეპოქაში ვირტუალური რეალობა განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს. ზოგიერთ შემთხვევაში ეკრანთან გატარებული დრო საგანმანათლებლო დატვირთვის მქონეა და ბავშვის სოციალური განვითარების ხელშემწყობიც კი შეიძლება იყოს, თუმცა ეკრანთან გატარებული უკონტროლო დრო შესაძლოა უარყოფითად აისახოს  ბავშვის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე  და გამოიწვიოს შემდეგი სირთულეები:

  • ჭარბწონიანობა

  • ძილის რეჟიმის დარღვევა და უძილობა

  • ქცევითი სირთულეები

  • სოციალური უნარების დეფიციტი

  • თამაშზე და ურთიერთობებზე უარის თქმა ან ძალიან მცირე დროის გამოყოფა მისთვის და სხვა.  

 

შესაბამისად, ინტერნეტისა და სხვადასხვა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების აქტუალურობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე ბავშვის მიერ ეკრანთან გატარებული დროის კონტროლი დღესდღეობით დიდ გამოწვევასთან არის დაკავშირებული.

ქვემოთ მოცემულია სპეციალისტთა რეკომენდაციები და გაფრთხილებები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის: 

  • 0-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვები: 

ამჟამად მრავალი წამყვანი საერთაშორისო პედიატრიული და ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდამჭერი მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მკაცრი რეკომენდაციებია გაცემული 2 წლამდე ასაკის ბავშვების ეკრანთან გატარებული დროის სრულ აკრძალვასთან დაკავშირებით. ამის მრავალი მიზეზი არსებობს. მთავარი კი ის არის, რომ სოციალური, შემეცნებითი, ფიზიკური უნარების განვითარება, დასწავლა და დამახსოვრება ბავშვის ადრეულ ასაკში მხოლოდ რეალური ურთიერთობების საფუძველზეა შესაძლებელი, რასაც თამაში და გარემოსთან ცოცხალი ინტერაქცია უზრუნველყოფს და არა ტექნიკასთან ურთიერთობა.

  • 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები: 

ამ ასაკობრივ ჯგუფში, ბავშვებმა შეიძლება მიიღონ გარკვეული სარგებელი ეკრანთან გატარებული დროით (მუსიკალური აპლიკაციები, მოძრაობების წახალისება - ცეკვა, ზღაპრების მოსმენა). თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ამერიკის პედიატრთა ასოციაცის მიერ გაცემული რეკომენდაციის თანახმად, 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ეკრანთან გატარებული დრო დღეში ერთ საათს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთანავე, ამ ტიპის აქტივობის ნაყოფიერების უზრუნველსაყოფად აუცილებელია მშობლის ან სხვა მზრუნველი უფროსის სრული ჩართულობა დანახულისა და მოსმენილის გააზრებასა და რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებაში დახმარების გასაწევად. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ეკრანთან გატარებული დრო ვერასდროს ჩაანაცვლებს  ბავშვის განვითარების ისეთ ხელშემწყობ ფაქტორებს, როგორიცაა კითხვა, თამაში და შემეცნებითი აქტივობები. 

 

  • 5 წლის ზევით ასაკის ბავშვები: 

ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად, მშობელმა უნდა განსაზღვროს, თუ თუ რა შინაარსის ინფორმაციაზე უნდა ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ბავშვს და რა დრო გაატაროს ეკრანთან. მნიშვნელოვანია, მშობელმა დააწესოს გარკვეული წესები ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებასთან დაკავშირებით.

გაითვალისწინეთ, რომ ბავშვის მიერ ეკრანთან გატარებული დროის მართვა დროში მიმდინარე პროცესს წარმოადგენს. ქცევის წესების შემუშავება, ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად მათი გადახედვა და მორგება დაგეხმარებათ, უზრუნველყოთ მისთვის უსაფრთხო გამოცდილების შექმნა. 

bottom of page