აკომოდაცია - ცვლილებები სასწავლო გარემოში
სწავლებისა და ახალი უნარების ათვისების პროცესში, ბავშვები სხვადასხვა სირთულეებს აწყდებიან. იმისათვის, რომ შევქმნათ გარემო, სადაც ბავშვი მაქსიმალურად შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენასა და განვითარებას, მნიშვნელოვანია სწავლებისა და ათვისების პროცესი გავხადოთ მათზე მორგებული. ამისათვის, საჭიროა შევიტანოთ ისეთი ცვლილებები გარემოში, რომელიც გაზრდის სწავლისა და განვითარების ხელმისაწვდომობას. ასეთ ცვლილებებს ეწოდება აკომოდაცია.
ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ აკომოდაცია გულისხმობს სასწავლო გარემოსა და პირობების შეცვლას სასწავლო შინაარსისა და სირთულის დონის ცვლილების გარეშე, იგი არ ამცირებს მოლოდინებს ბავშვის მიღწევებთან დაკავშირებით, ბავშვი ითვისებს იმავე მასალას და ასრულებს იმავე დავალებას შეცვლილი ფორმით. აკომოდაცია მუშაობს საუკეთესოდ, როდესაც ის პასუხობს ბავშვის კონკრეტულ საჭიროებას და მიმართულია კონკრეტული ბარიერისა თუ სირთულის გადალახვაზე. მაგ. თუ ბავშვს არ შეუძლია დიდხანს მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნა, აკომოდაცია შეიძლება იყოს ხშირი შესვენებები. ბავშვისათვის, რომელსაც უჭირს წერა, აკომოდაცია შეიძლება იყოს დავალების ზეპირად შესრულება.
სწავლების გარკვეულ ეტაპზე აკომოდაცია შეიძლება დასჭირდეს ნებისმიერ მოსწავლეს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება. ეს შეიძლება იყოს ბავშვი, რომელსაც აქვს:
-
კოორდინაციის განვითარების დარღვევა
-
დასწავლის უნარის დარღვევები: დისკალკულია, დისლექსია, დისგრაფია
-
ინფორმაციის გადამუშავების ნელი ტემპი
-
ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტივობის სინდრომი
-
სენსორული გადამუშავების სირთულეები
-
ვიზუალური და სმენითი ინფორმაციის გადამუშავების სირთულეები
-
აღმასრულებელ ფუნქციებთან დაკავშირებული სირთულეები და სხვ.
აკომოდაციის სახეები:
აკომოდაციები შეიძლება განვასხვავოთ იმის მიხედვით, თუ სწავლების რომელ კომპონენტს ეხება ესა თუ ის ცვლილება.
არსებობს ოთხი ტიპის აკომოდაცია:
ინსტრუქციის აკომოდაცია - ცვლილებები ინფორმაციის, ახალი მასალისა მიწოდებისა და დავალების ინსტრუქციის ახსნისას:
-
ინსტრუქციის პერიფრაზირება
-
ინსტრუქციის/ინფორმაციის გამეორება
-
ვიზუალური და ვერბალური ინსტრუქციების შეწყვილება
-
აუდიო ჩანაწერების გამოყენება ტექსტის ნაცვლად, ან დამატებით
-
ერთ გვერდზე ნაკლები მოცულობის მასალის განთავსება
-
გაზრდილი შრიფტის გამოყენება
-
ტექსტის მნიშვნელოვანი ნაწილების მონიშვნა
-
დიდ უჯრებიანი ფურცლების გამოყენება
-
სპეციალური ვიზუალური ან/და აუდიალური სიგნალების გამოყენება, მოსწავლისათვის მისანიშნებლად
-
ჟესტების ენის გამოყენება
-
ბრაილის ანბანი
-
ვიზუალური ცხრილი
-
ბარათებით კომუნიკაცია
-
მოსწავლის მიერ საკუთარი შესრულებული დავალებების აღრიცხვა და სხვ.
შეფასების აკომოდაცია - ცვლილებები ბავშვის მიერ დავალების შესრულების ან გამოცდის ჩაბარების ფორმაში:
-
წერითი დავალების თხრობით ჩანაცვლება ან პირიქით
-
ასისტენტი, რომელიც მონიშნავს პასუხებს;
-
გამოცდის/გამოკითხვის ფორმატის ცვლილება: ტესტირება წერითი ან ზეპირი გამოცდის ნაცვლად; წერითი გამოცდა ზეპირის ნაცვლად; ტესტირება წერის ნაცვლად.
-
კალკულატორის ან გამრავლების ტაბულის გამოყენება
-
პასუხების ბეჭდვა ხელით წერის ნაცვლად
-
დავალების ან ტესტის შესასრულებლად დამატებითი დროის განსაზღვრა
-
დავალების ეტაპობრივად შესრულება
-
სენსორული სტიმულაციის მიზნით დამხმარე ხელსაწყოების გამოყენება
-
შინაარსის გაგების და არა კითხვის უნარის შეფასება და სხვ.
გარემო პირობების აკომოდაცია - ცვლილებები ფიზიკურ სივრცეში:
-
კლასში მოსწავლეთა განთავსება (წინა მერხზე, ფანჯრებიდან/კარისგან მოშორებით და სხვ.)
-
შესაბამისი განათება;
-
ადაპტირებული ავეჯი, სივრცე;
-
შინ სწავლება;
-
ინდივიდუალური გაკვეთილი;
-
მცირე ჯგუფში გაკვეთილი და სხვ.
დროისა და გრაფიკის აკომოდაცია - ცვლილებები დავალების შესრულებისათვის განკუთვნილ დროსა და სასწავლო გრაფიკში:
-
დროის გაზრდა დავალების შესრულებისათვის
-
დასწრების ინდივიდუალური გრაფიკი
-
შესვენების ინიდივიდუალური გრაფიკი
-
შესვენება ფიზიკური აქტივობით და სხვ.
მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო დაწესებულებაში გამოყენებულ აკომოდაციებს, ითვალისწინებდეს მშობელიც და ქმნიდეს შესაბამის გარემოს და პირობებს ბავშვის მიერ დავალების შესრულებისას ან შესრულებული დავალების შემოწმებისას, რათა ბავშვის მიმართ დაწესებული მოლოდინები იყოს მსგავსი სხვადასხვა გარემოში.