top of page

მშობლის თანამონაწილეობის მნიშვნელობა ბავშვის რეაბილიტაციის პროგრამაში

 

რეაბილიტაციის პროგრამა სხვადასხვა მომსახურებას აერთიანებს და მიზნად ბავშვის ფიზიკური, სენსორული, ინტელექტუალური, სოციალური და ადაპტური უნარების განვითარებას და  ფუნქციონირების ოპტიმალური დონის მიღწევას ისახავს. რეაბილიტაციის პროცესში მშობლის თანამონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რაც გულისხმობს მის აქტიურ ჩართულობას და არა მხოლოდ პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებას.

არაერთი კვლევით დასტურდება, რომ მშობლის ჩართულობა ზრდის რეაბილიტაციის პროცესის ეფექტურობას და დადებით გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე. ეს განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით, კერძოდ:

  • მიუხედავად იმისა, რომ მშობელი ყოველთვის ინფორმირებულია რეაბილიტაციის პროგრამის და სამუშაო მიზნების შესახებ, უშუალოდ მუშაობის პროცესში დაკვირვება მას აძლევს პრაქტიკულ და სასარგებლო ინფორმაციას. ასეთ დროს, მშობელი იძენს დამატებით ცოდნას შვილის სპეციფიკური საჭიროებების შესახებ, რაც შეიძლება იყოს სიტუაციური და არ იყოს ასახული ინდივიდუალურ გეგმაში;

 

  • სპეციალისტის მუშაობაზე დაკვირვება (მაგალითად, როგორ ურთიერთობს სპეციალისტი ბავშვთან, როგორ აწვდის ინსტრუქციას, როგორ ეხმარება გადადგილებაში) მშობელს საშუალებას აძლევს შეიძინოს საჭირო უნარები და კომპეტენციები, რასაც შემდგომ სახლის გარემოში ბავშვთან ურთიერთობის დროს გამოიყენებს.

  • ზოგჯერ მშობლებს არ აქვთ სრული ინფორმაცია კონკრეტული მდგომარეობის ან/და რეკომენდებული პროგრამის შესახებ. განსაკუთრებით ადრეულ ეტაპზე, მშობლებმა შესაძლოა არ იცოდნენ რა მოლოდინები და მოთხოვნები შეიძლება ჰქონდეთ. შესაბამისად, მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების და ინტერვენციის გეგმის შემუშავების პროცესში ნაკლებია. რეაბილიტაციის პროგრამაში თანამონაწილეობა ზრდის მშობლის როლს დაგეგმვის, პრიორიტეტების განსაზღვრის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

 

  • კვლევებით დასტურდება, რომ მშობლის დასწრება და თანამონაწილეობა პოზიტიურად აისახება ბავშვზე, კერძოდ, ზრდის ბავშვის მოტივაციას და ჩართულობას, რაც თავის მხრივ, დადებითად აისახება პროცესის მიმდინარეობასა და სამუშაო მიზნების მიღწევაზე. 

bottom of page