top of page

რატომაა მნიშვნელოვანი, რომ სწავლისა და ქცევის სირთულეების მქონე ბავშვის მოტივაციის შენარჩუნება?  

ბავშვები, რომელთაც სწავლასთან და ქცევის რეგულაციასთან დაკავშირებული სირთულეები აქვთ, გამუდმებით იღებენ ნეგატიურ უკუკავშირს გარშემომყოფებისგან. მაგალითად, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვი, რომელსაც მუდმივად ავიწყდება საშინაო დავალების მოტანა, ან ბავშვი, რომელსაც აქვს მათემატიკური დავალებების შესრულების სირთულე და ვერ ასწრებს მათ დროულად ამოხსნას ან პასუხების ნახევარს შეცდომით წერს. ასეთ შემთხვევებში,  მიუხედავად ჩადებული ძალისხევისა, წარმატება, რაც თავის მხრივ, სხვადასხვა უნარის გაწაფვასთანაა დაკავშირებული, შედარებით ნელა მიიღწევა, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვის მოტივაციის ხარისხზეც. ,,რატომ ვეცადო, თუ მაინც ცუდ შედეგს ვიღებ ტესტში?“ შეიძლება მსგავსი შეკითხვა დაებადოს ბავშვს, რომელიც იმედგაცრუებულია საკუთარი მიღწევებით და შეიქმნას ნეგატიური მოლოდინები სამომავლო საქმიანობებთან დაკავშირებითაც.

მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ ის ზეგავლენა, რომელსაც ასეთი ნეგატიური გამოცდილება ახდენს ბავშვის სწავლისადმი მოტივაციაზე და ვეცადოთ, არ მივცეთ მას დანებების საშუალება. ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები კი, ამის გაკეთებაში დაგეხმარებათ. 

  • დაეხმარეთ ბავშვს, თავი იგრძნოს წარმატებულად -  რაც უფრო კომპეტენტურად გრძნობს ბავშვი დავალების შესრულებისას თავს, მით უფრო დიდი შანსია იმის, რომ მოეწონოს ის, რასაც აკეთებს და ისურვოს მეტი პროგრესის მიღწევა აღნიშნულ საქმიანობაში, რადგან წარმატებისა და თვითკომპეტენტურობის შეგრძნება ხელს უწყობს მოტივაციის ზრდას.  გაითვალისწინეთ, რომ წარმატების განცდა არ არის აუცილებელი დაკავშირებული იყოს იმ დავალების ან პროექტის დასრულებასთან, რომელზეც ბავშვი მუშაობს. მუშაობის დაწყებასთან ერთად ბავშვისთვის მცირე და სწორად განსაზღვრული საჭირო დახმარების შეთავაზება ხელს შეუწყობს პროცესის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების, საკუთარ თავში დარწმუნებულობის განცდისა და საქმიანობაში ჩართულობის შენარჩუნებას. მაგალითად წერითი დავალების შემთხვევაში, შესაძლებელია დაეხმაროთ გეგმის შედგენაში ან პროექტის ჩარჩოს განსაზღვრაში. ამრიგად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიღწეული შედეგი არ იქნება ,,იდეალური“ , საქმიანობის პროცესში აღქმული წარმატებისა და მოქმედების გაიოლება დაეხმარება ბავშვს, იყოს მოტივირებული შემდგომ მსგავს დავალებზე მუშაობის მოლოდინში.

  • კონცენტრირდით ბავშვის მიერ გაწეულ ძალისხმევაზე და არა მიღწევის შედეგებზე -  როდესაც ბავშვი მიიღებს მაღალ ქულას ტესტში, თქვენი აღფრთოვანება მხოლოდ ნიშანთან დაკავშირებით არ გამოხატოთ. შეეკითხეთ, როგორ წარიმართა მომზადების პროცესი, რა სტრატეგიები გამოიყენა ამ დროს, მიიღო მასწავლებლისგან დახმარება, თუ არა და აშ. მოიქეცით იგივენაირად, დაბალი ქულის მიღების შემთხვევაშიც. ეს მიდგომა, ასევე დაეხმარება ბავშვს ძალისხმევის ჩადების ახალი გზებისა და სტრატეგიების აღოჩენაში.

  • ხელი შეუწყვეთ ბავშვს, იყოს განვითარებაზე ორიენტირებული - თუ თქვენი ბავშვი ცდილობს, მაგრამ ვერ აღწევს საჭირო შედეგს, მოერიდეთ ისეთი ფრაზების წარმოთქმას, როგორიცაა ,,რაც იყო იყო, შეეშვი ამის კეთებას“. უმჯობესია, დაეხმაროთ წარმატებისკენ მიმავალი ნაბიჯების იდენტიფიკაციაში. ამით დაეხმარებით ბავშვს, გააგრძელოს მოქმედება და არ აღმოჩნდეს სტაგნაციაში. შემდგომ ახალ საფეხურებზე კონცენტრაცია დაეხმარება ბავშვს იმის გააზრებაში, რომ გავარჯიშების და შრომის საფუძველზე შესაძლებელია წარმატების მიღწევა.

  • დაეხმარეთ ბავშვს მისი კომფორტის ზონიდან გამოსვლაში- ქცევის არასასურველი და წარუმატებელი შედეგების გამო ბავშმა შეიძლება დაკარგოს მოტივაცია ახალი აქტივობების წამოსაწყებად. ეს შეიძლება ეხებოდეს არასასკოლო აქტივობებსაც. გახსოვდეთ, რომ ახალ წამოწყებებს შეუძლია ახალი ძლიერი მხარეებისა და მისწრაფებების აღმოჩენაში დახმარება. მაგალითად: ,,ვიცი რომ ძნელია პიანინოზე დაკვრის სწავლა, მაგრამ წარმოიდგინე, რა კარგი იქნება შენი საყვარელი მელოდიის დაკვრას რომ შეძლებ“. ,,გეოგრაფიის შესწავლა დაგეხმარება საინტერესო თანამოსაუბრე იყო“ და აშ. 

  • აღიარეთ წარმატება და დაეხმარეთ მის გაცნობიერებაში - აღმოაჩინეთ პოზიტიური ელემენტი იმაში, რასაც ბავშვი აკეთებს, თანაც ისე, რომ სიმართლე იყოს და მიაწოდეთ თქვენი უკუკავშირი. მაგალითად: ,,დღეს ძალიან კარგად იმუშავე ჯგუფში“, ან ,,კარგად მოიქეცი, რომ მასწავლებელს სთხოვე დახმარება“ან ,,შენი ქულები უმჯობესდება“ და აშ.

  • გახადეთ საქმიანობა სახალისო - ამის უზრუნვეყოფაში დაგეხმარებათ საქმიანობისა და დავალებების მცირე აქტივობებად დაშლა. დაიწყეთ მარტივი ნაბიჯებით და დაუსახეთ კონკრეტული მიზნები. შეიძლება შეიქმნას კალენდარი, სადაც დაიტანება მცირე გამოწვევები და შესასრულებელი ამოცანები.

  • გახადეთ საქმიანობა საინტერესო - სამუშაო პროცესში ბავშვისთვის საინტერესო საკითხების ჩართვა დაგეხმარებათ მისი ცნობისმოყვარეობის აღძვრასა და შესაბამისად, მოტივირებაში. დააკავშირეთ სავალდებულო საკითხები მისთვის საინტერესო და/ან აქტუალურ ცნებებს და მოვლენებს. მიეცით არჩევანის საშუალება და დაეხმარეთ, ისწავლოს საკუთარი მიღწევების განმაპირბებელი ფაქტორების კონტროლი.

bottom of page