top of page

სენსორული აქტივობები სახლის პირობებში

გრძნობის სხვადასხვა ორგანოს სტიმულირება საშუალებას აძლევს ბავშვს ისწავლოს თუ როგორ მიიღოს, გადაამუშავოს, გაფილტროს სხვადასხვა არხის მეშვეობით მიღებული შეგრძნებები. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი,  სენსორული აქტივობების დაგეგმვა ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუმცა,   აქტივობების შერჩევისას, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ბავშვის ინტერესები. იმისათვის, რომ ბავშვს მეტი მიმღებლობა ჰქონდეს ახალი შეგრძნებებითი გამოცდილებების მიმართ, გამოიჩინეთ სიფრთხილე და შესთავაზეთ ისინი ეტაპობრივად. 

გთავაზობთ სხვადასხვა შეგრძნების არხის მასტიმულირებელ რამდენიმე აქტივობას, რომელთა განხორციელებაც  სახლის გარემოში არის შესაძლებელი:

1. ფიზიკური აქტივობები, რომელშიც ჩართული იქნება მთელი სხეული და მოხდება პროპრიოცეპტული ანუ კუნთებთან, სახსრებთან და მყესებთან დაკავშირებული შეგრძნებების სტიმულირება. მაგალითად ცხოველების მოძრაობების იმიტაცია, ცეკვა. ასევე, თამაშის დროს დატვირთეთ ფიზიკურად. მაგალითად, სთხოვეთ, გადაადგილოს მისთვის შედარებით მძიმე ნივთები - სკამი შეაცუროს მაგიდის ქვეშ, საკუთარი სათამაშოები ჩაალაგოს ყუთში, შეაგროვოს მიმოფანტული წიგნები ან დაალაგოს ისინი თაროზე დ ა.შ. 

 

2. აქტივობები, რომლებიც მოიცავს გადაადგილებასა და წონასწორობის შენარჩუნებას და ხელს შეუწყობს ვესტიბულარული სისტემის სტიმულირებას. მაგალითად, საქანელაზე ქანაობა და პარალელურად ბურთების მიზანში სროლა, სენსორული ბილიკის გაკეთება სახლში ან ეზოში, რომელზეც ბავშვი გადაადგილდება გარკვეული წესების დაცვით - სიარული და ხტუნვა იატაკზე მონიშნული ტერფების შაბლონების მიხედვით. 

 

3. შეხების არხის სტიმულირების მიზნით სხვადასხვა ტექსტურის მასალის შეთავაზება. მაგალითად, ბანაობის დროს გამოიყენეთ განსხვავებული ფაქტურის ღრუბლები და პირსახოცები. სთხოვეთ ბავშვს ბოსტნეულის და ხილის გარეცხვა, დახარისხება, ბურღულეულის ჩაყრა მისთვის განკუთვნილ კონტეინერში. გაახმოვანეთ რა ტიპის ზედაპირი აქვს სხვადასხვა ხილს, ბოსტნეულს. მაგალითად, ხაოიანი, პრიალა და ა.შ.

4. მხედველობა - აქტივობები, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა მხედველობითი სტიმულების გამოყენებას. მაგალითად, ფერადი ქაფებით ხატვა სარკეზე, მანათობელი ყუთის დამზადება და მასზე სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა, ვიზუალური ბოთლების დამზადება და სურვილისამებრ გაფორმება და სხვა. 

 

5. სმენა - სხვადასხვა ჟღერადობის, რიტმის და ტონალობის ხმების გამოყენება ფუნქციური აქტივობების დროს. მაგალითად, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით შესაძლებელია რიტმული მუსიკის ჩართვა ფიზიკური აქტივობების -  ვთქვათ ბატუტზე ხტუნვის დროს. ასევე, პროდუქტების გამოყენებით ხმოვანი ბოთლების დამზადება, მისი მუსიკალური დანიშნულებით გამოყენება და სხვა. 

 

6. ყნოსვის და გემოს შეგრძნებების სტიმულირება საკვების მეშვეობით - შექმენით სხვადასხვა კომპოზიციები საკვები პროდუტების გამოყენებით - ქაღალდის თეფშზე სახე მოხატეთ იოგურტით, ბოსტნეულით პირი და ა.შ. პროცესში გაამახვილეთ თითოეული პროდუქტის გემოსა და სუნზე. მიეცით ბავშვს საშუალება გასინჯოს და დაყნოსოს აღნიშნული პროდუქტები?

 

ზემოთ აღწერილი თითოეული აქტივობის განხორციელების პროცესში მაქსიმალურად გაითვალისწინეთ უსაფრთხოების საკითხები და სირთულეების წარმოქმნის შემთხვევაში, მიმართეთ სპეციალისტს.

სენსორულიი1.png
სენსორული.png
სენსორული 2.png
სენსორულიიი.png
bottom of page