top of page

კბილების გახეხვა

კბილების გახეხვა დღის რუტინის განუყოფელი ნაწილია და აუცილებელია, რომ  ბავშვს ადრეული ასაკიდანვე გავუმახვილოთ ყურადღება და ვესაუბროთ ბავშვს კბილების მოვლის მნიშვნელობის შესახებ. გამოიყენეთ სხვადასხვა თვალსაჩინო მასალა, რაც უფრო მარტივს და გასაგებს გახდის ბავშვისთვის, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კბილებზე ზრუნვა. 

აქცენტი გააკეთეთ  - რატომ, როდის და როგორ უნდა გამოვიხეხოთ კბილები.

 

გაითვალისწინეთ რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია: 

- მოარგეთ გარემო და შეარჩიეთ შესაფერისი მასალები - მნიშვნელოვანია, რომ გარემო იყოს ბავშვისთვის კომფორტული. დარწმუნდით, რომ  ნიჟარა და ონკანი მისაწვდომ სიმაღლეზეა, კბილის პასტის არომატი და წყლის ტემპერატურა ბავშვისთვის მისაღებია, ხოლო კბილის ჯაგრისი კი მოსახერხებელი. თუკი ბავშვს უჭირს სტანდარტული ჯაგრისით სარგებლობა, პირველ ეტაპზე, ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებელია ჯაგრისის ტარის გამსხვილება, ან თუნდაც დამატებითი დამჭერის გამოყენება, როგორც ეს ქვემოთ, სურათზეა მოცემული. 

         

- გამოიყენეთ სიუჟეტური სურათები -  პროცესში შესაძლებელია სურათების გამოყენება, რომლებზეც ასახული იქნება კბილების გახეხვისთვის საჭირო თანმიმდევრული ნაბიჯები. განიხილეთ თითოეული სურათი  ბავშვთან და პარალელურად წაახალისეთ რომ განახორციელოს იგივე მოქმედებები.  სიუჟეტური სურათები გააკარით პირსაბანთან, ბავშვისთვის თვალსაჩინო ადგილას.

 

- გამოიყენეთ სარკე - იმისათვის, რომ ბავშვმა დაინახოს საკუთარი მოქმედებები და უკეთ განსაზღვროს მათი თანმიმდევრობა, გამოიყენეთ სარკე.

- დაეხმარეთ “ხელით ხელზე” მეთოდით  - მაშინ, როდესაც ბავშვს უჭირს რომელიმე მოქმედების სწორად განხორციელება, მოკიდეთ ხელი ხელზე და მცირედად დაეხმარეთ მოქმედების სწორად წარმართვაში. თანდათანობით შეამცირეთ დახმარება. 

- წახალისეთ  -   აქტივობის ან მისი შემადგენელი ნაბიჯების წარმატებულად განხორციელების შემდეგ, გამოიყენეთ დადებითი განმამტკიცებლები. მაგალითად: სიტყვიერი შექება,  სტიკერები, საყვარელ აქტივობაში ჩართვა და სხვა.

გახადეთ პროცესი საინტერესო და სახალისო - დაგეგმეთ სხვადასხვა საინტერესო  აქტივობა და თამაში, რომელიც ხელს შეუწყობს კბილების გახეხვისთვის საჭირო უნარების განვითარებას. 

 

მაგალითად:

1. მულაჟის და აპლიკაციების დამზადება - ბავშვთან ერთად დაამზადეთ პირის ღრუს მულაჟი და სხვადასხვა თემატური აპლიკაცია. ფორმატის ქაღალდზე მოათავსეთ მცირე ზომის იოგურტის ცარიელი ქილები ან კვერცხის შესანახი კოლოფი ისე, რომ შეიქმნას ზედა და ქვედა კბილების იმიტაცია. შემდეგ დაულაგეთ მას კბილების გახეხვისთვის საჭირო მოქმედებების ამსახველი სიუჟეტური ბარათები და წაახალისეთ, რომ მულაჟის, კბილის პასტისა და ჯაგრისის გამოყენებით გაიმეოროს თითოეული მოქმედება.    

               

2.კბილის ჯაგრისით თამაში - მოიმარაგეთ ფერადი საღებავები, კბილის ჯაგრისი და საშუალო ზომის პლასტმასის ბოთლის დაბოლოებებისგან დამზადებული მულაჟი. უთხარით ბავშვს რომ დაასველოს საღებავში ჯაგრისი და გააფერადოს პირის ღრუს მულაჟი ისე, რომ ყველა „კბილი“ შეიფეროს.  ეს პროცესი დაეხმარება ბავშვს კბილის ჯაგრისის სწორი მოძრაობების დასწავლაში.

 

 

 

 

 

 

            

3. სუფთა კბილები - გამოიყენეთ წინასწარ გამზადებული ლამინირებული ფოტოები. წაახალისეთ ბავშვი გააფერადოს ტუჩები და კბილებზე დატოვოს სხვადასხვა ფერის კვალი. შემდეგ კი სთხოვეთ სწორი მოძრაობებით გაასუფთაოს კბილები ჯაგრისის გამოყენებით.

 

4.საწრუპი მილებით თამაში - დაგეგმეთ სხვადასხვა აქტივობა საწრუპი მილებისა და დაჭრილი ღრუბლის ნაჭრების გამოყენებით, პროცესში ბავშვმა უნდა შეძლოს ღრუბლის კუბიკების თასიდან გადმოყრა ძლიერი შებერვით. ასევე, ჰაერი შეისუნთქოს ისე, რომ ღრუბელი მიეკროს მილის ბოლოს, რომელსაც გადაიტანს მეორე კონტეინერში და სხვა.

დე.jpg
აზ.jpg
5.png
6.png
1.png
3.png
bottom of page