top of page

            აუტიზმის სპექტრის აშლილობის  მქონე ბავშვების მხარდაჭერა პანდემიის პერიოდში

პანდემიით გამოწვეულ ცვლილებებთან შეგუება რთულია ადამიანთა უმეტესობისთვის, თუმცა, იგი განსაკუთრებით სტრესული შეიძლება აღმოჩნდეს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის, რომელთაც, როგორც წესი, უჭირთ ცვლილებებთან შეგუება. მიუხედავად იმისა, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე თითოეული ბავშვი უნიკალურია და მისი ოჯახის საჭიროებებიც განსხვავებული, გვსურს, შემოგთავაზოთ ზოგადი რეკომენდაციები, რომელთა გამოყენებაც შექმნილ რეალობასთან შეგუების პროცესში დაგეხმარებათ. 

  • შეიმუშავეთ გეგმა საგანგებო მდგომარეობისთვის: სასურველია, თითოულ ოჯახს ჰყავდეს ახლობელი ადამიანი ან ადამიანთა წრე, რომელთა  მხარდაჭერისა და დახმარების იმედი ექნებათ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, თუმცა ასეთი პირების არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, საგანგებო მდგომარეობის პირობებში.  განსაზღვრეთ სად და ვისთან შეიძლება ბავშვი დარჩეს იმ შემთხვევაში თუკი ძირითადი მზრუნველი პირის ჰოსპიტალიზების ან კარანტინში გადაყვანის აუცილებლობა დადგება. შეათანხმეთ გეგმა მხარდამჭერ პირთან,  მიაწოდეთ მას ინფორმაცია ბავშვის საჭიროებების და თავისებურებების შესახებ. ასევე, მოამზადეთ ჩანაწერი, სადაც მითითებული იქნება დროებით მზრუნველი პირის საკონტაქტო ინფორმაცია, იმ შემთხვევაში თუ დაგჭირდებათ მისი სასწრაფოდ გაზიარება სამედიცინო პერსონალისთვის. სასურველია, ეს ინფორმაცია მიაწოდოთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს ან/და მეზობლებს, ვისთანაც ახლო ურთიერთობა გაქვთ. 

  • შეიმუშავეთ დღის ახალი რუტინა და განრიგი ძველის გათვალისწინებით: როგორც ჩვენს წინა გამოცემაში აღვნიშნეთ, რუტინის არსებობა სასურველია ბავშვების უმეტესობის ჯანსაღი განვითარებისთვის. აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის კი რუტინა კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რადგან მათ უჭირთ ცვლილებებთან შეგუება და  სჭირდებათ მეტად პროგნოზირებადი გარემო. განრიგის შემუშავების პროცესში იხელმძღვანელეთ ჩვენს წინა გამოცემაში მოცემული რეკომენდაციებით. ასევე, გირჩევთ, დაუკავშირდეთ ბავშვთან მომუშავე სპეციალისტებს და დააზუსტოთ, თუ რომელ ნახატებს ან სიტყვებს იყენებენ ამა თუ იმ აქტივობის შესაბამისად. ეცადეთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ აღნიშნული ინფორმაცია ახალი რუტინის შემუშავების პროცესში. მაგალითად, თუკი აღმზრდელი ან მასწავლებელი წიგნის კითხვის აქტივობას “წიგნის საათად” მოიხსენიებს, ეცადეთ, თქვენც ეს ფრაზა გამოიყენოთ.                                                                                                                                                                                                   გახადეთ რუტინა თვალსაჩინო, დაამატეთ ვიზუალური ელემენტები, რამდენჯერმე განიხილეთ დღის განმავლობაში. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვს დასჭირდება გარკვეული დრო ახალ განრიგი შეგუებისთვის. 

  • განაგრძეთ ბავშვის განვითარების მიზნებზე მუშაობა: დაუკავშირდით თქვენი შვილის მომსახურების მიმწოდებლებს და დააზუსტეთ აგრძელებენ თუ არა ისინი დისტანციურ რეჟიმში - ტელეფონისა და კომპიუტერის საშუალებით,  მომსახურების გაწევას. მათთან ერთად განიხილეთ სამუშაო მიზნები და სთხოვეთ გირჩიონ, თუ როგორ შეიძლება სახლის გარემო და ყოველდღიური რუტინა მოარგოთ მათზე მუშაობას. 

  • განაგრძეთ ქცევის მართვის მიდგომის გამოყენება: დააჯილდოვეთ ბავშვი სასურველი ქცევის გამოვლენისთვის. შეგიძლიათ, გამოიყენოთ დაჯილდოვების ისეთი მარტივი სისტემა, როგორიცაა ჯერ სასურველი აქტივობის შესრულება, შემდეგ კი ჯილდოს მიღება- (“ჯერ--. შემდეგ ჯილდო” პრინციპი) მაგალითად, ჯერ 10 წუთის განმავლობაში კითხვა, შემდეგ ვიდეოს ყურება”, ან შეგიძლიათ, გამოიყენოთ უფრო რთული სქემა, რომლის თანახმადაც ბავშვი შეაგროვებს ქულებს დღის განმავლობაში განხორციელებული სასურველი ქცევებისთვის, დღის ბოლოს კი შეძლებს მათ გადაცვლას მისთვის სასურველ ჯილდოში, მაგალითად, კომპიუტერული თამაში. 

  • გამოყავით სახლში სხვადასხვა ზონები: უმეტესობა ჩვენგანის სახლში საძინებელი და საკვების მისაღები სივრცეები გამიჯნულია ერთმანეთისგან, თუკი საცხოვრებელი გარემო ამის შესაძლებლობას იძლევა, სასურველია დამატებით გამოჰყოთ სამეცადინო კუთხე და თამაშისთვის განკუთვნილი სივრცე. ასეთ შემთხვევაში ბავშვს ეცოდინება, თუ სად უნდა მოათავსოს სასკოლო ნივთები, ასევე სათამაშოები. სხვადასხვა სივრცეების არსებობა გვეხმარება მეტად ორგანიზებული გარემოს შექმნაში. ამასთანავე, ერთი სივრციდან მეორეში გადაადგილების საჭიროება, გაზრდის ფიზიკურ აქტივობასაც. 

  • წინასწარ გააცანით ბავშვს დაგეგმილი ცვლილებები და ივარჯიშეთ მათ დანერგვაში: გაითვალისწინეთ, რომ ცვლილებებთან შეგუება დროს და ვარჯიშს მოითხოვს. წინასწარ განიხილეთ ისინი ბავშვთან და ერთ-ერთი ასეთი ცვლილება შესაძლოა, უკავშირდებოდეს თქვენს ხელმისაწვდომობას იმ შემთხვევაში, თუ პანდემიის პირობებში სახლიდან გიწევთ მუშაობა. გამოიყენეთ ვიზუალური მინიშნებები იმის აღსანიშნავად, თუ როდის შეძლებთ ბავშვისთვის დროის დათმობას და როდის იქნებით სამსახურეობრივი საქმეების შესრულებით დაკავებული. უმჯობესია, ასეთი ცვლილებების დანერგვაზე მუშაობა და ვარჯიში ისეთ დროს დაგეგმოთ, როდესაც მეტი თავისუფალი დრო და მოქნილობა გაქვთ,  მაგალითად შაბათ-კვირას და არა უშუალოდ მნიშვნელოვანი დავალების შესრულების წინ. 

  • დააწესეთ ნათელი შეზღუდვები ტექნოლოგიის გამოყენებასთან დაკავშირებით: ბევრი საგანმანათლებლო რესურსი, სწორედ სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენებითაა ხელმისაწვდომი, ამიტომ მათი გამოყენება საჭიროც კია, თუმცა სასურველია შეზღუდოთ წვდომა იმ აპლიკაციებზე, რომლებიც არ ემსახურება საგანმანათელბლო მიზნებს.  გამოიყენეთ სპეციალური აპლიკაციები/პროგრამები, რათა აკონტროლოთ ინტერნეტის მოხმარების დრო და შეზღუდოთ წვდომა ბავშვისთვის შეუსაბამო ვებგვერდებზე. 

  • გამოიყენეთ თქვენი კავშირები: დაუკავშირდით სხვა მშობლებს ან ჯგუფებს, რომლებიც ადვოკატირებას ეწევიან. მათ შეიძლება, მოგაწოდონ სასარგებლო ინფორმაცია სხვადასხვა რესურსის შესახებ, ასევე სერვისის მიმწოდებელთან დაკავშირებით. 

  • გამოყავით დრო საკუთარი თავისთვის: იმისათვის, რომ ბავშვზე ეფექტურად შეძლოთ ზრუნვა, მნიშვნელოვანია, საკუთარ თავსაც მისცეთ დასვენების უფლება. დააწესეთ შესვენების დრო, ბავშვის რუტინის გათვალისწინებით, იგი შეიძლება დაემთხვას იმ პერიოდს, როდესაც ბავშვი დამოუკიდებლად ახორციელებს რაიმე აქტივობას, ან სთხოვეთ ბავშვზე მზრუნველ სხვა პირს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აიღოს პასუხიმგებლობა ბავშვზე ზედამხედველობის თვალსაზრისით.  

autism_edited.png
bottom of page