top of page

ხშირად დასმული კითხვები

პანდემიით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობა მნიშვნელოვნად აისახა სახელმწიფოს პრაქტიკულად ყველა სექტორის მუშაობაზე, რაც ბუნებრივია უამრავ კითხვას აჩენს სახელმწიფოში როგორც მიმდინარე, ასევე მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით აქტუალურია განათლებასთან, ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროსთან დაკავშირებული საკითხები. 

 MAC Georgia-ს გუნდის წევრებს ყურადღების მიღმა არ დაგვრჩენია თქვენი - მშობლების შეკითხვები, რომელთაც აჟღერებთ სოციალურ ქსელებში, პირად მიმოწერებსა თუ სატელეფონო საუბრებში. ვეცადეთ გამოგვეყო ყველაზე ხშირად დასმული კითხები და ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით გაგვეცა მათზე ამომწურავი პასუხები. 

კითხვა N1: “აპრილის თვეში ჩემს შვილს უწევს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გადამოწმებისთვის ვიზიტი პოლიკლინიკაში, რაც ვერ განხორციელდება, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე. აღნიშნულ შემთხვევაში, ხომ არ მოეხსნება ბავშვს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი და მასთან დაკავშირებული სოციალური პაკეტი?”

პასუხი: არა, საქართველოს მთავრობის დადგენილება N184 (23 მარტი 2020წ) მიხედვით თქვენ შვილს არ მოეხსნება შშმ პირის სტატუსი.

ამონარიდი დადგენილებიდან: 

„იმ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერებს (ფორმა №IV-50/4) და შესაბამისად ამ ამონაწერებით გათვალისწინებულ სტატუსებს, რომელთა საფუძველზე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მორიგი გადამოწმების ვადად განსაზღვრულია 2020 წლის მარტი და შემდგომი პერიოდი, შეუნარჩუნდეთ იურიდიული ძალა.“;

 „ სახელმწიფო გასაცემლების (სახელმწიფო პენსია, კომპენსაცია, სოციალური პაკეტი და ა.შ.) უწყვეტად გაცემის უზრუნველყოფის მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტომ არ განახორციელოს სახელმწიფო გასაცემლების შეჩერება, მიუხედავად კანონმდებლობით დადგენილი შეჩერების საფუძვლ(ებ)ის წარმოშობისა.“

კითხვა N2: “ვარ სოციალურად დაუცველი და მარტის თვეში მიწევდა სტატუსის გადამოწმება სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან. არავინ მოსულა შემოწმებაზე. ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ შემიჩერდეს სოციალური დახმარება?”

პასუხი: არა, საქართველოს მთავრობის დადგენილება N184 (23 მარტი 2020წ) მიხედვით თქვენ არ შეგიჩერდებათ სოციალური დახმარება.

ამონარიდი დადგენილებიდან:  „მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებთან მიმართებით სააგენტომ უწყვეტად გააგრძელოს ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის გაცემა. ამ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება 2020 წლის 1 იანვრიდან განხორციელებულ საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერებებზეც. ამასთანავე, ამ პერიოდში გაცემული საარსებო შემწეობის თანხები არ ჩაითვალოს ზედმეტად გაცემულად და არ დაექვემდებაროს უკან დაბრუნებას.“

კითხვა N3: “ჩემს შვილს ეპილეფსია აქვს და ვსარგებლობთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედიკამენტების პროგრამით, აპრილის თვეში მიწევს რეცეპტის ფორმის განახლება ოჯახის ექიმთან. გამონაკლისის სახით, ხომ არ იქნება შესაძლებელი ამ პერიოდში გამარტივებულად ავიღო წამალი აფთიაქში?”

პასუხი: დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება N184 (23 მარტი 2020წ) მიხედვით თქვენ შეგიძლიათ აიღოთ მედიკამენტი რეცეპტის ფორმის გარეშე.

ამონარიდი დადგენილებიდან:  „სამინისტროს სისტემაში შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ბენეფიციარებისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდებისას განკუთვნილი მედიკამენტის გაცემა/მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში, ამავე სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული წესისა და პირობების შესაბამისად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გათავისუფლდეს ფორმა №3 რეცეპტით გაცემის ვალდებულებისაგან“

კითხვა N4:  “ვარ მარტოხელა დედა, ახლახანს დავკარგე სამსახური და ვუვლი ორ შვილს, აქიდან ერთი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, გვიჭირს  საბაზისო საჭიროებების უზრუნველყოფაც კი ოჯახში. ვის მივმართო დახმარებისთვის?”

პასუხი: ჰუმანიტარული ტიპის დახმარებების გაცემა და განაწილება ხდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების/გამგეობების მიერ. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში გირჩევთ გაარკვიოთ არის თუ არა ხელმისაწვდომი  მსგავსი ტიპის მხარდაჭერა თქვენს საცხოვრებელ ქალაქში/მუნიციპალიტეტში/სოფელში. 

ასევე, გაცნობებთ, რომ შეიქმნა ონლაინ პლატფორმა https://1anoba.ge/ - სადაც შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია და მიუთითოთ თქვენი საჭიროებები. 

აღნიშნული ორგანიზაცია ეხმარება მოხუცებს, შშმ პირებს, სოციალურად დაუცველ პირებსა და მარტოხელა დედებს. თქვენს მიერ დაფიქსირებული საჭიროებების შესაბამისი დახმარების მიწოდება ხდება როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისთვის. თუ საიტზე დარეგისტრირებისა და განაცხადების შევსებაში გჭირდებათ მხარდაჭერა, შეგიძლიათ დაუკავშირდით ჩვენი ორგანიზაციის ოჯახისა და თემის სერვისების კოორდინატორს - დიანა ჯანაშიას,  შემდეგ ნომერზე: 599 69 09 11. 

კითხვა N5:  “შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე  ვარ სახლში თვითიზოლაციის პირობებში მე და ჩემი ოჯახი.  ვისთან შეიძლება გავიარო სამედიცინო კონსულტაცია რომ დამჭირდეს?”

 

პასუხი: თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს აქვს COVID 19-თვის დამახასიათებელი სიმპტომები, ნუ დააყოვნებთ და დარეკეთ შემდეგ ნომრებზე:

  • დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი:  116 001 

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 15 05 

სამედიცინო ჩივილების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გაიაროთ ონლაინ კონსულტაცია “ევექსის” კლინიკის პედიატრთან, ოჯახის ექიმთან ან გინეკოლოგთან. ონლაინ კონსულტაციის მისაღებად მიჰყევით შემდეგ ბმულს:

https://www.facebook.com/evexclinics/photos/a.442158115918528/1854807227986936/?type=3&theater 

კითხვა N6: “ჩემი შვილი არის საჯარო სკოლის მოსწავლე და აქვს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. 2020 წლის 30 მარტიდან იწყება ონლაინ გაკვეთილები მოსწავლეებისთვის. ვფიქრობ, რომ ჩემი შვილი ვერ ჩაერთვება ამ ფორმით საგაკვეთილო პროცესში. რას გეგმავს განათლების სამინისტრო სსსმ მოსწავლეებთან დაკავშირებით?”

პასუხი:  მოგეხსენებათ, რომ 30 მარტიდან იწყება პროექტი “ტელესკოლა” , რომელიც იქნება ტრანსლირებული ჟესტური ენის თარჯიმნის მიერ. ასევე, ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე რეკომენდირებულია რომ გქონდეთ მჭიდრო კონტაქტი თქვენი შვილის სპეც. მასწავლებელს, საგნის მასწავლებელსა და  მულტიდისციმპლინური გუნდის წევრთან, რათა ერთობლივად შეთანხმდეთ თუ რა ფორმით მოხდება ბავშვის მხარდაჭერა აღნიშნულ პერიოდში.                                                                

 

კითხვა N7: მას შემდეგ რაც ჩემი შვილი აღარ დადის სკოლაში, თერაპიებზე და მთელი დღე უწევს სახლში ყოფნა, მისი ქცევა შეიცვალა, გამწვავდა.  გთხოვთ გამიზიაროთ რეკომენდაციები, როგორ ვმართო ბავშვის რთული ქცევა ამ სიტუაციაში? 

პასუხი:  არ არსებობს ქცევის მართვის უნივერსალური რეკომენდაცია, რომელიც თანაბრად ეფექტურია ყველა შემთხვევაში. ბავშვისთვის რელევანტური რეკომენდაციის  განსაზღრისთვის, საჭიროა ბავშვის ქცევაზე ხანგრძლივი დაკვირვება. შესაბამისად, მიზანშეწონილია, თუკი თქვენ კონსულტაციას გაივლით ბავშვის თერაპევტთან, რომელიც მოგაწვდით უფრო დეტალურ რეკომენდაციას, ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით. 

ამავდროულად, თუ დაინტერესებული ხართ ქცევის მართვის ზოგად პრინციპების გაცნობით, იხილეთ MAC’ ის მიერ რეკომენდირებული ონლაინ რესურსების სექციაში თუ როგორ და სად შეიძლება გაიაროთ ონლაინ კურსი ქცევის მართვაში. 

კითხვა N8: “მიჭირს ჩემი შვილის სათანადო დატვირთვა მთელი დღის მანძილზე. რა ონლაინ რესურსებს მირჩევთ ბავშვთან სამუშაოდ სახლის პირობებში?”

პასუხი:  მოგეხსენებათ რომ ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, შევარჩიოთ აქტივობები, რომელიც მიმართული იქნება, როგორ გონებრივი, ასევე ფიზიკური უნარების განვითარებაზე. აქტივობების შერჩევისას უნდა მოხდეს ბავშვის ასაკის, მისი ძლიერი მხარეების, ინტერესების და ჩვენს ხელთ არსებული რესურსების გათვალისწინება. ჩვენი ყოველკვირეული გამოცემის ერთ-ერთ სექციაში შეგიძლიათ გაეცნოთ სასარგებლო ბმულების ჩამონათვალს. (იხ. “MAC ის მიერ რეკომენდებული ელექტრონული რესურსები”) ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია დაგეხმარებათ სახლის გარემოში განსახორციელებელი აქტივობების შერჩევაში. 

bottom of page