top of page
ბავშვისთვის ემოციური მხარდაჭერის აღმოჩენა პანდემიით გამოწვეულ სიტუაციაში

კორონავირუსით გამოწვეული პანდემია ყოველდღიური განხილვის საგანად იქცა და ალბათ   არ არის გასაკვირი, რომ მის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროს საშუალებით არა მარტო ზრდასრულებს, არამედ ბავშვებსაც მიეწოდებათ. სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაციის ოდენობა ჭარბია და  თან ერთვის მშობლებისა და ოჯახის სხვა წევრების მხრიდან გამოთქმული კომენტარები არსებულ საფრთხეებთან დაკავშირებით. ეს ყოველივე კი ბავშვებში შფოთვის მომატების მიზეზი ხდება.    

ქვემოთ მოცემულია რეკომენდაციები, რომელიც თქვენი შვილისთვის ემოციური მხარდაჭერის გაწევაში დაგეხმარებათ.  

შექმენით პროგნოზირებადი გარემო. შეადგინეთ და დაიცავით დღის რუტინა. როდესაც დღე ორგანიზებულია და დღის აქტივობები განმეორებითი თანმიმდევრულობით ხორციელდება, ბავშვებს უჩნდებათ განცდა რომ სამყარო  არა ქაოსული და გაურკვევლობით მოცული, არამედ წესრიგის მქონე და პროგნოზირებადია, რაც მნიშვნელოვანი პირობაა იმისთვის, რომ მათ თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნონ. 

იზრუნეთ საკუთარ ემოციურ კეთილდღეობაზე. ბავშვები ბევრ რამეს, მათ შორის მოვლენებზე ემოციურ რეაგირებას, მოზრდილებზე დაკვირვებით სწავლობენ და თქვენი დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენების მიმართ შესაძლოა აისახოს ბავშვის ქცევასა და ემოციურ მდგომარეობაზე. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია იზრუნოთ საკუთარ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. დაიცავით რუტინა, გამოყავით დრო საყვარელი საქმიანობისთვის, იქნება ეს წიგნის წაკითხვა, ფილმის ყურება, თუ სხვა რამ (გაეცანით ჩვენს სტატიას საკუთარ თავზე ზრუნვის შესახებ). თუკი, მიუხედავად ყველაფრისა, ახალი ინფორმაციის გაგებისას გიჭირთ ემოციების მართვა, ეცადეთ, რომ ინფორმაცია ბავშვის თანდასწრებით არ მიიღოთ. 

მიაწოდეთ ბავშვს მისი ასაკისა და განვითარების შესაბამი ინფორმაცია. ბავშვების დიდი ნაწილი კარგად ხედავს და აცნობიერებენ იმ უამრავ ცვლილებას, რომელიც მათ ცხოვრებაში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოხდა და ბუნებრივია აქვთ კითხვები შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ერთი მხრივ უნდა ვცადოთ ბავშვების დაცვა ჭარბი ინფორმაციისგან (რომელიც როგორც დაკვირვების ბევრი მონაცემი მიუთითებს, არც ზრდასრულებისთვისაა სასარგებლო), რა თქმა უნდა არ გულისხმობს იმას, რომ მათი ცნობისმოყვარეობა არ უნდა დავაკმაყოფილოთ. ბავშვისთვის ინფორმაციის მიწოდებისას, გაითვალისწინეთ შემდეგი:  

 

  • მიაწოდეთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც ოფიციალური და სანდო წყაროდან გაქვთ მიღებული

  • პანდემიაზე საუბრისას, ყურადღება გაამახვილეთ იმ წესებსა და პროცედურებზე, რომელსაც იცავთ საფრთხის თავიდან ასარიდებლად (ხელების დაბანა, ნივთების გაწმენდა და ა.შ.). ჩართეთ ბავშვი აღნიშნული პროცედურების განხორციელებაში, მისი ასაკის და განვითარების შესაბამისად. მაგალითად, ერთად გაწმინდეთ სათამაშოები, მისი პირადი ნივთები და ა.შ. 

  • მიეცით ბავშვს კითხვების დასმის შესაძლებლობა და ეცადეთ მისთვის გასაგებ ენაზე გასცეთ პასუხები. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კითხვაზე არ გაქვთ პასუხი, გულწრფელად უთხარით ამის შესახებ და დაპირდით რომ ეცდებით შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას. 

bottom of page