მშობლის ინფორმირებულობა ფსიქოლოგიური კონსულტირების ან თერაპიის პროცესში
ბავშვის ქცევით თუ ემოციურ სირთულეებთან გამკლავების მიზნით, ზოგჯერ საჭირო ხდება სპეციალისტის, მათ შორის ფსიქოლოგის ჩართვა. თუმცა, მაშინაც კი როდესაც სპეციალისტი ბავშვთან ინდივიდუალურად მუშაობს, კონსულტირებისა თუ თერაპიის პროცესის ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია მშობლის ჩართულობა და მაქსიმალური ინფორმირებულობა.
რამდენად ფლობთ საკმარის ინფორმაციას თერაპიის შესახებ, ამის განსაზღვრაში ქვემოთ მოცემული კითხვები დაგეხმარებათ:
-
განგიმარტათ თუ არა სპეციალისტმა თერაპიის მიზანი?
-
არის თუ არა თერაპიის მიზანი კონკრეტული და მიღწევადი?
-
გაქვთ თუ არა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით დაახლოებით რა დრო დასჭირდება კონკრეტული თერაპიული მიზნის მიღწევას?
-
Რას მოიცავს თერაპიული სესიები- საუბარს, სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას, ახალი უნარის სწავლებას თუ ბავშვის დახმარებას ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრის პროცესში?
-
არის თუ არა ნათელი როგორ უნდა მოხდეს ბავშვის პროგრესის შეფასება?
-
გაწვდით თუ არა სპეციალისტი რეგულარულ უკუკავშირს სესიების მიმდინარეობის შესახებ?
გაითვალისწინეთ, რომ მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომების უმეტესობას გააჩნია სავარაუდო დროითი ჩარჩო და არ გრძელდება დაუსრულებლად, ორიენტირებულია კონკრეტულ, გაზომვად, რეალისტურ მიზნებზე, სისტემატიურად ახდენს პროგრესის შეფასებას და გულისხმობს მშობლის აქტიურ ჩართულობასა და მის ინფორმირებულობას.